დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა რუსულ კომპანია „ინფრასტრუქტურულ განვითარებას“ 25 წლის ვადით უფლება მიანიჭა, სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი მიწისქვეშა სასმელი წყლის მოსაპოვებლად გამოიყენოს. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
ამ რესურსით სარგებლობის უფლების ერთჯერად გადასახადად განისაზღვრა მიწისქვეშა სასმელი წყლის მოპოვების რეგულარული გადასახადის 15%-ით საშუალოწლიური მოპოვების მოცულობის საფუძველზე.
დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროს შპს „ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან“ მიწისქვეშა რესურსით სარგებლობის ხელშეკრულების დადება დაევალა. მიწისქვეშა რესურსით სარგებლობაზე მიწის გამოყენებისა და კადასტრის დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის მიერ ლიცენზიის გაცემის საფასურად 10.000 რუბლი (123 დოლარი) დადგინდა.
„ინფრასტრუქტურული განვითარება“ ის კომპანიაა, რომლის საშუალებითაც კრემლმა სოხუმის აეროპორტი აღადგინა. სარეკონტრუქციო სამუშაოები სწორედ ამ კომპანიამ ჩაატარა. მისი ერთ-ერთი მფლობელი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, რაშიდ ნურგალიევის ვაჟი, რაშიდ ნურგალიევ-უმცროსია.
კერძოდ, შპს „ინფრასტრუქტურული განვითარება“ 2023 წლის 10 ივლისს დაფუძნდა და კრემლმა ის სპეციალურად სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის პოტენციური ინვესტორის შესარჩევი კონკურსისთვის შექმნა, რომელიც ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ იმავე წლის 4-15 სექტემბერს ჩაატარა.
კომპანიის დამფუძნებელი სააქციო საზოგადოება „საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტია,“ რომელიც კომპანიაში 100%-იან წილს ფლობს. კომპანია მოსკოვში, კოსმოდემიანსკაიას სანაპიროზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში არის რეგისტრირებული და მას სერგეი გრიბკოვი ხელმძღვანელობს. მანამდე გრიბკოვი მმართველ კომპანია Airport Management Company Limited-ში მუშაობდა, რომელიც დომოდედოვოს აეროპორტის სტრუქტურებთან, Domodedovo Asset Management-თან და Domodedovo Parking-თან არის დაკავშირებული.
უფროსი რაშიდ ნურგალიევი აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობას რეგულარულად ხვდება. მისი ვაჟი, ასევე, ფლობს წილებს კომპანია „ეკოსტრუქტურასა“ (85%) და „ბაზისში“ (33%), ხოლო 2020 წლიდან უმცროსი ნურგალიევი რუსეთის გარემოსდაცვით მოძრაობას ხელმძღვანელობს.