„კომერციულ სივრცეებს აღარ ვაშენებთ – 1 კვ.მ-ის შექმნა 1700-1800 დოლარამდეა გაზრდილი“

2024 წელს თბილისის სავაჭრო ცენტრებში ვაკანტურობის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი 4.7%-მდე შემცირდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.3 პროცენტული პუნქტით დაბალია. როგორც „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაშია აღნიშნული, 2023 წელს დედაქალაქის მთავარ სავაჭრო ცენტრებში ვაკანტური იყო – 23 310 კვადრატული მეტრი ფართობი, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 13 648 კვ.მეტრს შეადგენდა.

როგორც „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ კომერციული სავაჭრო ცენტრები დღეს არ შენდება.

„მიზეზი ამ ყველაფრის არის ისიც, რომ ჩვენ აღარ ვაშენებთ, ანუ კომერციული სავაჭრო ცენტრები დღეს არ შენდება. თუ ადრე, 1 კვ.მ კომერციული ფართის შექმნა დაახლოებით 1000-1200 დოლარი ჯდებოდა, დღეს ეს ფასი 1700-1800 დოლარამდეა გაზრდილი“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, არაორგანიზებულ ვაჭრობას დღეს 60-65% უკავია, ხოლო A კლასის ტიპის ობიექტის შექმნაზე საუბარი აღარც არის.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულია განვითარდა ეს სექტორი, არაორგანიზებულ ვაჭრობას 60-65% უჭირავს. დღეს სამწუხაროდ, A კლასის ტიპის ობიექტის შექმნაზე საუბარი არ არის, უფრო B კლასის მიმართულებაზეა ლაპარაკი, რომელიც უფრო საშუალო და დაბალ სეგმენტზეა გათვლილი და შუალედურ რგოლს წარმოადგენს სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებს შორის. ამ ტენდენციის ცვლილება პირდაპირ კავშირშია საინვესტიციო პოლიტიკასთან – ინვესტორს უნდა ჰქონდეს მყარი გარანტიები ქვეყანაში შემოსასვლელად, რომ მისი კაპიტალი დაცული იქნება. კვალიფიციური ინვესტორები კი თავის ბიზნესებს მიმართავენ უკვე სულ სხვა ბაზრებზე, სადაც მათ უკეთესი უკუგება შეიძლება მიიღონ და უფრო დაცულადაც იგრძნონ თავი“, – განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.