პოლიციამ ექიმი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავა.
- მანამდე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ გიორგი ჩახუნაშვილის სახლში, რის შემდეგაც პოლიციამ ის დააკავა.
არსებული ინფორმაციით, დაკავება უკავშირებდა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ექიმის, სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩახუნაშვილის დაკავების ამსახველი ვიდეო, სადაც ცნობილი ექიმი მის დასაკავებლად მისულ პოლიციელებს მიმართავს, ასევე ამბობს, რომ ბრალს არ აღიარებს:
“არ ვეთანხმები წარდგენილ ბრალს. არაფერი გულდასაწყვეტი არ არის. გასაგებია. სამშობლო მიყვარდა დღემდე, დღესაც მიყვარს და ხვალაც მეყვარება”. ეს იყო მშვიდობიანი აქცია, არავის არაფრის გადატრიალება და გადმოტრიალება არ უნდოდა, ამას არ ვეთანხმები… ის 350 000 ოჯახი, რომელიც მე მყავს უფასოდ გასინჯული, თავის დასკვნებს გააკეთებს, ბავშვებო, ახალგაზრდებო, არაფერი არ არის დაგვიანებული… მიყვარდა სამშობლო, რასაც ვაკეთებდი ისიც ვიცი”, – ეუბნება ექიმი ჩახუნაშვილი პოლიციელებს.
დაკავების დროს ეზოში იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები და ასევე ექიმის ვაჟები დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილები, რომლებსაც საზოგადოება “პედიატრი ძმების” სახელით იცნობს. მათ “ფორმულას” მისცეს რამდენიმე კომენტარი:
“ამ ქვეყანაში ყველაფერი აირია, შესაბამისად, ვინც ამ სამშობლოში იბრძვის და ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, ამის გამო აკავებენ, მამაჩემი მოძრაობა “რუსთაველის გამზირის” წევრი იყო, დეტალები არ ვიცი, მაგრამ ბატონ პაატასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა” – აღნიშნა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 9 ოქტომბრის მდგომარეობით, დაკავებულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა.