თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2026 წლიდან ეტაპობრივად დაიწყება, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.
უწყების ცნობით, აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები დასრულდა.
„E-60 ავტომაგისტრალის, ნატახტარი-რუსთავის (თბილისის შემოსავლელი გზა) საავტომობილო გზის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები დასრულდა“, – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ინფორმაციისთვის, თბილისის შემოვლითი გზის (ნატახტარი (წიწამური)-რუსთავის გზის) საპროექტო სიგრძე დაახლოებით, 51 კილომეტრია. პროექტი სულ 4 ლოტად არის დაყოფილი. აქედან პირველ ორ ლოტზე, კერძოდ, წიწამური-ავჭალისა (ლოტი 2) და ავჭალა-აეროპორტის (ლოტი 3) მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვა იგეგმება.
„ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია განსახლების სამოქმედო გეგმების განახლება, რის შემდეგად გახდება ცნობილი, ჯამში რამდენი მიწის გამოსყიდვა მოხდება ადგილობრივებისგან.
რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, თბილისის შემოვლითი გზის 51 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა სავარაუდოდ, 620 მლნ დოლარი დაჯდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოცემულია პროექტის შესახებ მომზადებული გეგმასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში.
თანხა ლოტების მიხედვით ასე ნაწილდება:
ნატახტარი (წიწამური)-ავჭალას (ლოტი 2) მონაკვეთი – სიგრძე 6.5 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 4-ზოლიანი საპირისპირო მიმართულების გზის; ასევე ორი კვანძისა და 3.4 კმ. სიგრძის საპირისპირო მიმართულების ორზოლიანი გვირაბის მოწყობა; მშენებლობის ღირებულება – 150 მლნ დოლარია;
ავჭალა-აეროპორტის (ლოტი 3) მონაკვეთი – სიგრძე – 22.5 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 16 ხიდის (გასასვლელების/გზასატარების, საფეხმავლო გადასასვლელების და კვანძის შემადგენლობაში მოსაწყობის ჩათვლით), 4 კვანძის, 4 ახალი გვირაბის მშენებლობა და 4 არსებული გვირაბის ადაპტირება; სავარაუდო მშენებლობის ღირებულება – 300 მლნ დოლარია;
აეროპორტი-ლოჭინის უბნის (ლოტი 4) მონაკვეთი – სიგრძე – 10.9 კმ.ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაგეგმილია 3 კვანძის მშენებლობა, 16 ხიდის (გასასვლელების/გზასატარების, გადასასვლელების და კვანძის შემადგენლობაში მოსაწყობის ჩათვლით), და 2 საფეხმავლო ხიდის (გეზ-ის და კახეთის გზატკეცილის ზონაში) მოწყობა. დაგეგმილი ხიდებიდან ერთს აქვს უშუალო შეხება მდინარესთან (მდ.ლოჭინის კვეთა); მშენებლობის ღირებულება – 100 მლნ დოლარია;
ლოჭინი-რუსთავის (ლოტი 5) მონაკვეთი – სიგრძე – 11 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2 კვანძის მშენებლობა; საავტომობილო გზის დერეფანში გათვალისწინებულია 9 სახიდე გადასასვლელის (6 ხიდი თითო მიმართულებით მთავარ გზაზე და 3 ხიდი მეორად გზაზე და გზაგამტარებზე) მოწყობა; მშენებლობის ღირებულება – 70 მლნ დოლარია.