ლატვიამ რუსეთის 841 მოქალაქეს შეატყობინა, რომ 13 ოქტომბრამდე მათ ქვეყნის ტერიტორია უნდა დატოვონ. ამ ადამიანებმა ლატვიური ენის ცოდნა არ დაადასტურეს და უსაფრთხოების შემოწმება არ გაიარეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
2022 წლის შემდეგ ლატვიის ხელისუფლებამ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის წესები ორჯერ გაამკაცრა. 2024 წლიდან ლატვიაში ცხოვრების უფლების მქონე რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირის მუდმივი რეზიდენტის სტატუსი უნდა დაედასტურებინათ. ამისთვის А2-ის დონეზე ლატვიური ენა უნდა სცოდნოდათ, წარმოედგინათ ბიოგრაფია და გაევლოთ უსაფრთხოების შემოწმება.
ახალი რეგულაციები 30 ათასამდე ადამიანს შეეხო. მათმა უმრავლესობამ ეს მოთხოვნები შეასრულა, ხოლო 2600-მა ადამიანმა ლატვია ნებაყოფლობით დატოვა. 841-მა ადამიანმა კი რეზიდენტის სტატუსზე განაცხადი საერთოდ არ შეიტანა.
როგორც ლატვიის ემიგრაციისა და მოქალაქეობის სამმართველოს წარმომადგენელმა მადარა პუკემ განაცხადა, 13 ოქტომბრის შემდეგ ლატვიაში ამ ადამიანების ყოფნა უკანონო იქნება. თუ ისინი ამ დრომდე ლატვიას არ დატოვებენ, შემდეგ რუსეთის მოქალაქეთა დეპორტაცია შეიძლება იძულების წესით მოხდეს.
2024 წლის დასაწყისში ლატვიის მიგრაციულმა სამსახურმა ქვეყნიდან გაძევების შეტყობინება რუსეთის 1167 მოქალაქეს გაუგზავნა. მათი 70% 60 წელზე უფროსია.