რა უპასუხეს მურთაზ ზოდელავამ და პაატა ბურჭულაძემ გამოძიებას ბაჩო ახალაიასთან კავშირზე – ადვოკატები „ქრონიკას“ არ პასუხობენ

ხელისუფლების დამხობის მცდელობის ორგანიზატორების შეხვედრებს ბაჩო ახალაიასთან ადასტურებს თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც სასამართლოში გამოიკითხება.

ბაჩო ახალაიასთან კავშირებზე კითხვები დაისვა პაატა ბურჭულაძისა და მურთაზ ზოდელავას დაკითხვის დროსაც.

„ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას ადვოკატები არ ამბობენ, რა უპასუხა მურთაზ ზოდელავამ და პაატა ბურჭულაძემ გამოძიებას, როდესაც დაისვა კითხვა, ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია ბაჩო ახალაიასთან.

„არ მინდა ამ საკითხს მივუბრუნდე. ხომ არ შეიძლება ორი დღე ამას ვუთმობდეთ დროს?!“, – აცხადებს მურთაზ ზოდელავას ადვოკატი ბექა ბასილაია.

„მაგ კითხვაზე რომ გიპასუხო, პასუხს დაამონტაჟებ“, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღების საქმეზე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. ეს თავად ბრალდებულების მოთხოვნა იყო, რადგან ორი დღის წინ, რუსთავის ციხეში შესულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მათ ჩვენება არ მისცეს.