აზერბაიჯანში პირველი კაზინო ქვეყნის ყველაზე კონსერვატიული მუსლიმური სოფლის მახლობლად აშენდება.
სოფელ ნარდარანთან ახლოს, რომელიც წლების განმავლობაში ბაქოს ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში იყო, ამჟამად აზერბაიჯანელ-რუსი ბიზნესმენის, ემინ აგალაროვის საკუთრებაში არსებული კურორტი მდებარეობს.
კასპიის ზღვის ყურეში, ხელოვნურ ნახევარკუნძულთან, თეთრი საკრუიზო ლაინერი დგას, რომელიც გარშემორტყმულია საცურაო აუზით, ბაღებითა და ნაპირისკენ მიმავალი ასფალტის გზებით. 11-სართულიანი აპარტ-ოტელის, სახელად Caspian Dream Liner -ის დიზაინერები მას “არქიტექტურულ შედევრს“ უწოდებენ. ყველაზე პატარა, ჯერ კიდევ ასაშენებელი ბინების ფასები ნახევარი მილიონი დოლარიდან იწყება.
-
სწორედ აქ იგეგმება აზერბაიჯანის ერთადერთი კაზინოს აშენება – ის ევროპაში ყველაზე დიდი უნდა იყოს.
კომპლექსი კურორტ Sea Breeze – ს ნაწილი იქნება, რომელიც მოიცავს უკვე დაჯავშნილ თაუნჰაუსებსა და ვილებს, საკონცერტო დარბაზებს და მაღალი კლასის რესტორნებს. აქ მდიდარი აზერბაიჯანელები და რუსეთიდან ჩამოსული ხალხი ცხოვრობენ.
“ღარიბი რუსები თბილისსა და ერევანში მიდიან, მდიდრები კი “სი ბრიზში“, – ამბობს BBC-ის ერთ-ერთი თანამოსაუბრე.
-
ბაქოდან და ქვეყნის მთავარი საერთაშორისო აეროპორტიდან 30 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს სოფელი ნარდარანი.
ეს ღარიბი, კონსერვატიული და რელიგიური სოფელია, რომლის მიმდებარედაც 18 წელია კურორტი შენდება. მოსახლეობას ცენტრალურ მთავრობასთან ბრძოლის ხანგრძლივი და სისხლიანი ისტორია აქვს.
ნარდარანი ტიპურ აზერბაიჯანულ სოფელს ჰგავს, იაფფასიანი კირქვის სახლებით, ბაქოს ძველი გარეუბნებისთვის დამახასიათებელი უმუშევრობითა და სიღარიბით. მაცხოვრებლები ძირითადად პენსიებითა და სხვა ადგილებიდან მიღებული შემოსავლით ცხოვრობენ, საკუთარი ბაღებიდან იკვებებიან. აქ საშუალო ხელფასები, ბაქოში არსებული ხელფასების თითქმის ნახევარია.
1990-იან წლებში ნარდარანი ცნობილი იყო ყვავილებისა და პომიდვრის მოყვანით, რომელსაც რუსეთში ყიდდნენ, თუმცა შემდეგ დიდმა კომპანიებმა ისინი ბიზნესიდან გამოდევნეს.
სოფლის ყველაზე გამორჩეული თვისება თავად ნარდარანის მოსახლეობაა. აქ ყველაზე რელიგიური კონსერვატიული ხალხი ცხოვრობს.
“ნარდარანი აზერბაიჯანისთვის განსაკუთრებული ფენომენია; ის მუსლიმების რელიგიური ცენტრია. იქ რამდენიმე ძველი მეჩეთია, რომლებიც ლეგენდებთან არის დაკავშირებული, სადაც მთელი აზერბაიჯანიდან ჩამოსული მომლოცველები მიდიან,“ – განმარტავს ისტორიკოსი არიფ იუნუსოვი, წიგნის “ისლამი აზერბაიჯანში“ ავტორი.
სსრკ-ს დაშლისთანავე, ნარდარანში დაარსდა აზერბაიჯანის ისლამური პარტია. ადგილობრივი ხალხი არ მალავდა თავის პროირანულ შეხედულებებს – ქვეყნებს შიიტური ისლამი აერთიანებს და პარტია ირანულ თეოკრატიას წარმატების ისტორიად აღიქვამდა. ბაქოსთვის, რომელსაც თეირანთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, ეს პრობლემას წარმოადგენდა.
1995 წელს იუსტიციის სამინისტრომ პარტია რეგისტრაციიდან ამოიღო, მისი ლიდერები კი ირანის ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ ნარდარანის მაცხოვრებლებმა არაერთხელ უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე, არ გადაიხადეს კომუნალური გადასახადები და უარი თქვეს ბაქოდან დანიშნული თანამდებობის პირების უფლებამოსილების აღიარებაზე.
შუა საუკუნეების ჰაჯი ბახშის მეჩეთი ნარდარანის რელიგიური ცენტრი იყო. ადგილობრივი აქტივისტები იქ იკრიბებოდნენ, აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას და წვავდნენ ამერიკისა და ისრაელის დროშებს.
2000-იანი წლების დასაწყისში, ჰეიდარ ალიევის მმართველობის დროს, ხელისუფლებამ სცადა ამ 10 000-იანი მოსახლეობის მქონე სოფელზე კონტროლის დამყარება. 2002 წელს იქ შეტაკებები დაიწყო, რის შედეგადაც ადამიანები დაიღუპნენ.
2015 წელს ხელისუფლებამ ნარდარანში სპეციალური ოპერაცია ჩაატარა იმ მოტივით, რომ სოფელში ტერორისტული თავდასხმა იგეგმებოდა. მაცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ ისინი მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობდნენ. შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დააკავეს და ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.
ნარდარანი წარმატებით დაიმორჩილეს. ადგილობრივების თქმით, ამჟამინდელი მთავრობა ბაქოს ერთგულია; სოფლის რამდენიმე ადგილას პოლიციის პოსტებია განთავსებული, რაც მათ გამვლელებისა და მანქანების გაჩხრეკის საშუალებას აძლევს.
ამჟამად, ადგილობრივები ამბობენ, რომ როდესაც ნარდარანში რამდენიმე ადამიანი იკრიბება, მაშინვე იქცევენ პოლიციის ყურადღებას. რესპონდენტების თქმით, ყველა ჩაის სახლი – ტრადიციული შეკრების ადგილები – 10 წლის წინ დაიხურა.
-
მაგრამ მალე იქ კაზინო გაიხსნება – ეს ამჟამად ქვეყანაში პირველი და ერთადერთი ასეთი დაწესებულებაა.
აზერბაიჯანში კაზინოების ფუნქციონირება 1998 წელს, მოქმედი პრეზიდენტის მამამ, ჰეიდარ ალიევმა აკრძალა.
დადგენილებაში ნათქვამი იყო, რომ კაზინოები “ეწინააღმდეგებიან ეროვნულ მორალს“, “უარყოფით გავლენას ახდენენ ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და ზნეობრივ განვითარებაზე“, “აზიანებენ ეკონომიკას“ და “აკანონებენ უკანონოდ მიღებულ შემოსავალს“.
თუმცა, 2025 წლის ზაფხულის დასაწყისში პარლამენტმა ხელახლა დააკანონა კაზინოები, იმ პირობით, რომ ასეთი დაწესებულებები განთავსდებოდა ხელოვნურ კუნძულზე.
ამჟამად ერთადერთი ხელოვნური კუნძული Sea Breeze-ის ტერიტორიაზე მდებარეობს.
-
“აგალაროვის კანონი“
რაც შეეხება აზერბაიჯანელ ბიზნესმენს, მან კარიერა მამასთან, არაზ აგალაროვთან დაიწყო. აზერბაიჯანელ – რუსი მილიარდერი, ფლობს Crocus Group-ის ჰოლდინგს, რომელიც ფლობს სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, ასევე უძრავ ქონებას.
ოჯახი ბაქოდან მოსკოვში გადავიდა, როდესაც ემინი 4 წლის იყო და მოზარდმა განათლება დასავლეთში მიიღო.
რუსეთში დაბრუნების შემდეგ, ის ჯერ კომერციული დირექტორი და შემდეგ მამამისის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, ამავდროულად კი მუსიკალური კარიერა განავითარა – სასცენო სახელით EMIN.
2023 წელს მან Crocus Group დატოვა და თავისი კომპანიის – Agalarov Development-ის მართვას შეუდგა. კომპანია პროექტების უმეტესობას აზერბაიჯანში ახორციელებს.
45 წლის აგალაროვი პრეზიდენტის ქალიშვილზე ლეილა ალიევაზე იყო დაქორწინებული. ისინი 10 წლის წინ განქორწინდნენ, მაგრამ კონსერვატიული აზერბაიჯანული საზოგადოებისთვის ის კვლავ საპრეზიდენტო ოჯახის წევრია.
ოპოზიციამ აზერბაიჯანში კაზინოების მშენებლობის ნებართვის ახალ კანონს “აგალაროვის კანონი“ უწოდა და მას ილჰამ ალიევის პირად კეთილგანწყობად მიიჩნევს. წყარო
აღსანიშნავია, რომ “ემინს” საქართველოში ქართული ესტრადის ვარსკვლავ ნანი ბრეგვაძესთან ერთად ჩაწერილი სიმღერითა და ერთობლივი კლიპით იცნობენ. მომღერლების კოლაბორაცია 2023 წელს შედგა.