საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის ტოპ-10 კომპანიიდან, 8 აზარტული საქმიანობით არის დაკავებული – 2025 წლის მონაცემები

საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ტოპ-10 კომპანიიდან, 8 აზარტული საქმიანობით არის დაკავებული. ამის შესახებ საქსტატის მიერ “ბიზნესპრენსიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციიდან ჩანს.

საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის ტოპ-10 კომპანიიდან, 8 აზარტული საქმიანობით არის დაკავებული - 2025 წლის მონაცემები

ის ფაქტი, რომ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის მოგება წლიდან წლამდე იზრდება, ახალი არ არის, თუმცა აქამდე ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიების ათეულში, მათ რაოდენობას 8-მდე არასდროს მიუღწევია.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებია: „კავკასიის ავტოიმპორტი“, „ორი ნაბიჯი“, „ევროპაბეთი“,“ბეთლაივი“, „ავიატორ“, „მარსი“, „ფულ ჰაუსი“, „ასვლა“, „ლიდერ-ბეთ სლოტი“, „პრინცესს ბათუმი“.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას აღნიშნული კომპანიების მესაკუთრეების შესახებ.

  • „კავკასიის ავტოიმპორტი“ (ავტობიზნესი) – სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 34.875% ეკუთვნის საქართველო-აშშ-ის ორმაგ მოქალაქეს გიორგი სურგულაძეს, 27.225% – გიორგი გულაშვილს, 27.9% – ლევან სურგულაძეს, 10% – დავით გულაშვილს.
  • „ორი ნაბიჯი“ (ქსელური მარკეტები) – ოფიციალური მონაცემებით, კომპანიის 33.34% ეკუთვნის გოჩა ცქიტიშვილს, 33.33%-ანი წილები კი გიორგი ჩხეიძესა და კახი ბექაურს.
  • „ევროპაბეთი“ (აზარტული ბიზნესი) – ბოლო მონაცემებით, კომპანიის 100% ეკუთვნის შვედეთში რეგისტრირებულ კომპანიას Betsson Perch Investments AB.
  • “ბეთლაივი“ (აზარტული ბიზნესი) – მეწარმეთა რეესტრის მიხედვით, კომპანიის წილების 38% ეკუთვნის სულიკო ვარსემაშვილს, 19% ნანა ჯანაშიას, 3% თამაზ ხარაიძეს, ხოლო 40% შპს „აიტი ვენჩარი“-ს. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის წილებს 4 სხვა კომპანია ფლობს. ესენი შპს „რონექს“,შპს „რემიქს ჯგუფი“, შპს „ალფა 2“ და შპს „მმ ტექნოპარკი 350“.
  • „ავიატორ“ (აზარტული ბიზნესი) – სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის მესაკუთრეა შპს „ატლას ჰოლდინგსი“. ეს უკანასკნელი კი ეკუთვნის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში რეგისტრირებულ კომპანიას TSE Holdings Limited-ს.
  • „მარსი“ (აზარტული ბიზნესი) – კომპანიის 100% ეკუთვნის შპს „ენთეინ ჯორჯიას“. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ამ უკანასკნელის მფლობელი მალტაში რეგისტრირებული კომპანია „ბვინ ჰოლდინგს (მალტა) ლიმითედი“-ია.
  • „ფულ ჰაუსი“ (აზარტული ბიზნესი) – სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 35%-ის მესაკუთრეა თემურ მიქელაძე, 16.67% – გიგი ლევაი-ვეის (ისრაელი), 16.67% – ნორბერტ ფრანც ტეუფელბერგერს (ავსტრია), 16.66% – მანფრედ ბოდნერს (ავსტრია), 2.5%-ანი წილების მფლობელები კი არიან: გურამ დოლიძე, ბაკურ ხარჩილავა, გიორგი ბარნაბიშვილი, მიჰალი გლოვაცკი (პოლონეთი) და კლაუს გემალ რასმუსსენ (დანია).
  • „ასვლა“ (აზარტული ბიზნესი) – სამეწარმეო რეესტრის თანახმად, კომპანიის მფლობელი კვიპროსში რეგისტრირებული შპს „ენგური ვენჩერს ლიმიტედ“-ია.
  • „ლიდერ-ბეთ სლოტი“ (აზარტული ბიზნესი) – ოფიციალური მონაცემებით, კომპანიის 40%-ს მესაკუთრეა ქართლოს დიასამიძე, 30% – ბესიკ ხოკერაშვილს, 15%-ანი წილები კი აკაკი შუბითიძესა და დავითი ჩხიტუნიძეს.
  • „პრინცესს ბათუმი“ (აზარტული ბიზნესი) – მეწარმეთა რეესტრის მიხედვით, კომპანია თურქეთის მოქალაქეებს ეკუთვნის. კერძოდ, 99%-ის მფლობელია ანიბალ ენის ოზქანი, 1% დურმუშ იათმაზი.