“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, ყოფილი დეპუტატი მაია ნადირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც პარტია “ფედერალისტების“ დამფუძნებლებს თამარ ჩერგოლეიშვილსა და გიგა ბოკერიას მიმართავს.
“რეებს აკეთებთ, სადამდე დაეცით, რის ფასად შვებით ამას?
ასე როგორ დაგაკომპლექსათ ბაჩო ახალიამ, რომ ყველა მიმალულმა ტვინის გადახრამ ერთდროულად გაგისხათ.
კი ვიცი, “ბავშვობიდან” რომ ებრძვით და წარმატებულადაც, მაგრამ ახლა აღმოაჩინეთ, რომ თურმე ვერ მოერიეთ?! “მოწმედ არ გამოვდგები” კი არა, ღია ტექსტით ხიხოსტანის პროკურორებად იქეცით. დაეწიეთ და გაასწარით კობახიძე-წულუკიანს აღვირახსნილ რევანშში.
დედაა, რას გავხართ, ნეტავ იცოდეთ
!P.S. ზოგადად, ძალიან ვერიდები იმ ადამიანების შეჩვენებას, ვისაც კარგად ვიცნობდი, მაგრამ ამის გატარება უბრალოდ თვითშეფასებას დამიქვეითებს. ასე რომ, მიდით! მზად ვარ თქვენი ბილწსიტყვაობა ვისმინო კი არა, გავატარო,“ – წერს მაია ნადირაძე.
- ამით ის თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტს გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ “უბინძურესი კამპანია ააგორეს სიმულანტმა „რევოლუციონერებმა“, თითქოს ის ვაჭერინებს ბაჩო ახალაიას“.
ცნობისთვის, თამარ ჩერგოლეიშვილი კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს, ბაჩო ახალაიას მისამართით გაკეთებული განცხადების გამო. ჩერგოლეიშვილის თქმით, როგორც მოწმეს მას სათქმელი არაფერი აქვს და პასუხს სასამართლოში გასცემს, დრო კი ჯერ უცნობია.
სავარაუდოდ, საქმე ეხება 4 ოქტომბრის აქციას, ასევე, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას, რომელიც მან თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით გააკეთა.
“დაკითხვაზე მიბარებს ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური პოლიცია.
როგორც მოწმეს, ნამდვილად არაფერი მაქვს სათქმელი – მოწმის ჩვენება ვერ იქნება საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, საღი აზრის ფარგლებში გაკეთებული დასკვნები.
სასამართლოში გავცემ კითხვებს პასუხს – დრო და თარიღი ჯერ არ ვიცი.
მინდა იცოდეთ, რის თქმას ვაპირებ, რადგანაც უბინძურესი კამპანია ააგორეს სიმულანტმა „რევოლუციონერებმა“, თითქოს მე ვაჭერინებ ბაჩო ახალაიას.
მე ვაპირებ იმის თქმას, რაც არაერთხელ მითქვამს:
- დამხობის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების საქმე არ არსებობს!
- არსებობს უკიდურესად უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანების აფერა!
- არანაირი საფუძველი არ გააჩნია სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებას – რაც ათობით ადამიანს აქვს წარდგენილი და თავისუფლება აღკვეთილი.
რაც შეეხება ბაჩო ახალაიას საკითხს, კონკრეტულად ამ აფერაში მის ჩართულობას და მასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას ნაცმოძრაობაში – ნებისმიერი საქმეში ჩახედული, გონიერი ადამიანი იგივე დასკვნას გამოიტანდა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან – უპირველესად, ლევან ხაბეიშვილის, ანი ნადარეიშვილის და თინა ბოკუჩავას განცხადებებიდან და ამ განცხადებების კომენტარებიდან.
როგორც მოწმეს, სათქმელი არაფერი მაქვს.
როგორც პოლიტიკოსი, აუცილებლად მივიჩნევ ამ ტოტალური უპასუხისმგებლობის მხილებას, რადგან ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლოა, რომ მსგავსი ავანტიურები მომავალში მაინც ავირიდოთ თავიდან, რათა ივანიშვილის რეჟიმი რეალურად (და არა ილუზორულად) მოვაშოროთ ჩვენს ქვეყანას”, – წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა და ამაზე „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირებაც იყო, მეტიც, ამ თემაზე სააკაშვილთანაც იყო კომუნიკაცია“.