აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 ოქტომბერს ქნესეტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მსოფლიო “ახლო აღმოსავლეთში ახალი განთიადის” შემსწრეა და იმედი გამოთქვა, რომ “რეგიონი სამუდამოდ მშვიდობიან ცხოვრებას” შეძლებს.
ტრამპის თქმით, ებრაელი მძევლების გათავისუფლება და მთლიანად, შეთანხმება, არა მხოლოდ ომის დასასრული, არამედ ასევე არის “ტერორისა და სიკვდილის ხანის დასასრული, ხოლო რწმენის, იმედისა და ღმერთის ხანის დასაწყისი.” აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ეს დღე ისრაელსა და რეგიონის ქვეყნებს შორის “თანხმობის ხანის” დასაწყისია. “ეს ახალი ახლო აღმოსავლეთის ისტორიული განთიადია,” – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა მოტივებით ხელმძღვანელობს ტრამპი – არის იგი ნამდვილად “მშვიდობის მტრედი” (საეჭვოა) თუ პატივმოყვარეობით ატაცებული, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, სურს, გახდეს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი (უფრო ჰგავს სიმართლეს), მისი გარჯა მშვიდობისათვის არც თუ ისე უნაყოფოა. ფაქტია, რომ შეთანხმება შედგა ტრამპის აქტიური ჩარევით და ისრაელმა დაიბრუნა 20 ცოცხალი მოქალაქე, 2 წლის მანძილზე “ჰამასის” მიერ დატყვევებული (გარდაცვლილი მძევლების გვამები “ჰამასელებს” ჯერ არ დაუბრუნებიათ). ნობელის პრემია ტრამპს არ მისცეს, მაგრამ გამორიცხული არ არის, მან ეს პრემია მომავალ წელს მიიღოს და, რაც მთავარია, მან საშინაო პოლიტიკაში ჩაიწერა მნიშვნელოვანი ქულა, თორემ ახლოს იყო სრულ ფრუსტრაციასთან, თავისი “სამშვიდობო პოლიტიკის” წარუმატებლობის გამო, უკრაინასთან მიმართებაში.
ტრამპთან ერთად, ისრაელის “უჭკნობი” პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუც კმაყოფილია, აღფრთოვანებულნი არიან ისრაელელი პოლიტიკოსებიც, ხალხში ბედნიერების განწყობაა. ბუნებრივი იქნებოდა ეს ყველაფერი, მხოლოდ მძევლების გათავისუფლება რომ ყოფილიყო პრობლემა. როგორც ცნობილია, “ჰამასი” მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან თავისიანების გათავისუფლებას ითხოვდა, ისრაელის მიერ ტერორისტებად გამოცხადებული მებრძოლების ჩათვლით. ნეთანიაჰუ და მისი კაბინეტი ამ მოთხოვნას მკაცრად უარყოფდა. მძევლების ოჯახის წევრები კი, პირიქით, ისრაელის მთავრობისგან მოითხოვდნენ მძევლების გათავისუფლებას ნებისმიერ ფასად, “ჰამასის” მოთხოვნების შესრულების ჩათვლით. მთავრობა ისევ უარზე იდგა.
ნეთანიაჰუ შეეცადა, ღაზაში ამქვეყნიური ჯოჯოხეთის მოწყობის გზით, “ჰამასის” იძულებას. როგორც მას მსოფლიოში უამრავი ადამიანი სდებს ბრალს, მისი და მისი კაბინეტის მიზანს ღაზას მოსახლეობის გენოციდი და ეთნიკური წმენდა წარმოადგენს. დონალდ ტრამპი ისრაელის მყარი დასაყრდენია, მისი სახით ისრაელს დიდი მხარდამჭერი ჰყავს. ფაქტობრივად, ტრამპი ღაზას სექტორის არაბებისგან დაცლას უჭერდა მხარს, როდესაც ამბობდა, რომ საჭიროა, ამ ხალხის გადასახლება და დაცლილ ტერიტორიაზე საკურორტო ზონის გაშენება.
არაფერი გამოვიდა ამ სურვილებიდან. მსოფლიომ ნახა ძლიერი და, იმავდროულად, უსუსური ისრაელი. ღაზას სექტორის მიწასთან გასწორების მიუხედავად, ნაცვლად მისი არაბებისგან “გაწმენდისა”, დიდად არის შელახული ისრაელის იმიჯი. ტრამპსაც მოუწია ვითარებასთან ადაპტირება და “ჰამასის” პოზიციები შეთანხმებაში გათვალისწინებულია. ნეთანიაჰუს კი, ვითომც აღარ ახსოვს, რომ უარს ამბობდა ციხეებიდან “პალესტინელი ტერორისტების” გაშვებაზე. ახლა მან “ჰამასის” მიერ, 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტის (გნებავთ, ომის) სხვადასხვა ეტაპზე, ჯამში 200 გათავისუფლებული ებრაელი მძევლის ნაცვლად, თითქმის ათჯერ მეტი, 2 ათასამდე პალესტინელი მართლაც გაუშვა ციხეებიდან.
მაშ, რატომ დაიღვარა ამდენი სისხლი, როდესაც ისრაელმა ვერც ერთ დასახულ მიზანს (ყოველ შემთხვევაში, გაცხადებულ მიზანს – მძევლების გათავისუფლებას და “ჰამასის” განადგურებას) ვერ მიაღწია?! ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას ისრაელსა და აშშ-ში?! წავა თუ არა გამოძიება ობიექტურად, იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა 2023 წლის 7 ოქტომბერს, რატომ დათარეშობდა “ჰამასი” ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და სად იყვნენ ასე ნაქები “მოსადელები” და “ცაჰალელები”?!
ამიტომაც ვერ იყო ნეთანიაჰუ გულახდილად კმაყოფილი და მხიარული, ერთგვარად, ნაღვლიანი ღიმილით იჯდა კნესეტში და ისმენდა ტრამპის ბაქი-ბუქს.
დაბოლოს, “ჰამასის” სიჯიუტესა და სირეგვენეზე. მართალია, ორგანიზაციამ მიაღწია თითქმის 2 ათასი პალესტინელის ისრაელის ციხეებიდან გაშვებას (ბევრი მათგანი უიმედოდ იჯდა, სამუდამო პატიმრობით), მაგრამ ამას რომ ათეულ ათასობით ღაზელი არაბი შეეწირა, მათ შორის, განადგურდა “ჰამასის” ხელმძღვანელობა და უკიდურესად შესუსტდა ორგანიზაციის სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალი (თუმც ბოლომდე არ განადგურდა), წარმატებად უნდა ჩაითვალოს?! ბუნებრივია, ძალიან საეჭვო “წარმატებაა”.
ასე რომ, წაგებულია კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარე. რეგიონი კი მაინც შორს არის სტაბილურობისგან, რაც არ უნდა ილაპარაკოს ტრამპმა.