ვენეციის კომისიამ “აგენტების” კანონი დაუწუნა “ქ. ოცნებას” – ქვეყნდება ტექსტი

ვენეციის კომისია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე, გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებსა და „უცხოური გავლენის“ შესახებ სხვა კანონებზე მოსაზრებას აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მოთხოვნით, ვენეციის კომისიამ თავის ბოლო პლენარულ სესიაზე მიიღო დასკვნა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის, „გრანტების შესახებ კანონში“ შეტანილ ცვლილებებსა და „უცხოური გავლენის“ სხვა კანონებთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის დასკვნა დღეს გამოქვეყნდა.

აქვე განმარტებულია, რომ ვენეციის კომისიამ სისტემური მიდგომით გააანალიზა ეს საკანონმდებლო აქტები, რათა გაეთვალისწინებინა ერთდროულად გამოსაყენებელი კანონების ერთობლივი ეფექტი ერთი და იმავე იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე.

ამ თვალსაზრისით, კომისია იხსენებს თავის ძველ რეკომენდაციას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული კანონმდებლობის არსებული დებულებები არასაკმარისია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ხელისუფლება უნდა ეცადოს მათ შეცვლას, გაუმჯობესებას და არა ახალი კანონების მიღებას.

კომისია აღნიშნავს, რომ უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის არასაკმარისი სიცხადე და სიზუსტის ნაკლებობა ძირს უთხრის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს. კომისიის შეფასებით, კანონით დაწესებული ვალდებულებები შეიცავს ღია ფორმულირებებს და არაპროპორციულია. კომისიის აზრით, კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ანტიკორუფციულ ბიუროს მინიჭებული აქვს უკიდურესად ფართო დისკრეცია და მას არ გააჩნია დამოუკიდებლობის საკმარისი გარანტიები. ვენეციის კომისიის შეფასებით, კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, დანაშაულის აღწერის ფართოდ ჩამოყალიბებული დებულებები იძლევა თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას და მოკლებულია საჭირო დასაბუთებას, ხოლო სისხლის სამართლებრივი სანქციები ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის სტანდარტს.

რაც შეეხება „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, კომისია ადგენს, რომ უცხოური გრანტებისთვის მათ შემოიღეს მთავრობის მიერ წინასწარი დამტკიცების ზოგადი მოთხოვნა, რომელსაც არ გააჩნდა აუცილებლობისა და პროპორციულობის თვალსაზრისით დადასტურებული დასაბუთება. კერძოდ, კომისიამ აღნიშნა, რომ ცვლილებები არ ითვალისწინებდა მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს საგრანტო განაცხადებზე უარის თქმისთვის და მათ არ გააჩნიათ ადეკვატური გარანტიები.

ამავე განცხადების მიხედვით, კომისიამ შეშფოთებით აღნიშნა, რომ ნაკლებად შემზღუდველი ალტერნატივების განხილვის ნაცვლად, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებმა დააწესა აბსოლუტური აკრძალვა მაუწყებლებისთვის უცხოურ დაფინანსებაზე. ცვლილებები არ განასხვავებს დაფინანსებას, რომელიც რეალურად ემუქრება დემოკრატიულ მთლიანობას და დაფინანსებას, რომელიც მხარს უჭერს ლეგიტიმურ ჟურნალისტურ და სამოქალაქო საქმიანობას, რაც ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობის, პროპორციულობის სტანდარტებს.

კომისიის აზრით, ახალი საკანონმდებლო ბაზა საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, სამოქალაქო სივრცეს და დემოკრატიულ თავისუფლებებს. ამიტომ, კომისია რეკომენდაციას უწევს ამ საკანონმდებლო აქტების გაუქმებასა და მის ნაცვლად, უკვე არსებული ჩარჩოს გაუმჯობესებას. კომისია ასევე მოუწოდებს, რომ ამ სფეროში სამომავლო კანონშემოქმედება დაეფუძნოს სისტემურ და ინკლუზიურ მიდგომას, რომელიც უზრუნველყოფს მის ლეგიტიმურობასა და ფართოდ მიღებას. ვენეციის კომისია აცხადებს, რომ კომისია ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად ღიაა ხელისუფლებასთან დიალოგისთვის.