ევროკომისიის განცხადებით, რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები არ ითვალისწინებს კრემლის ხელმძღვანელისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შესვლის აკრძალვას. შესაბამისად, ეს არ წარმოადგენს დაბრკოლებას პუტინის და ტრამპის ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრისთვის. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის პრესმდივანმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა.
ევროკომისიის ყოველდღიურ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ეწინააღმდეგება თუ არა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის შეთანხმება უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შეხვედრის შესახებ ევროკავშირის არსებულ სანქციებს.
„პუტინი და ლავროვი აქტივების გაყინვის სანქციების ქვეშ არიან, მაგრამ არა მოგზაურობის აკრძალვის ქვეშ. შესაბამისად, ეს მათზე არ ვრცელდება… შეხვედრა ჯერ არ დადასტურებულა და სავარაუდო სცენარებზე კომენტარს არ გავაკეთებთ. თუმცა, თუ ეს მაინც მოხდება, მაშინ, ფაქტებიდან გამომდინარე, მათთვის შესვლა აკრძალული არ არის“, – განაცხადა პრესმდივანმა.
მას ასევე ჰკითხეს, თუ როგორ შეიძლება კრემლის ლიდერის თვითმფრინავი ფიზიკურად ბუდაპეშტში მოხვდეს, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ევროკომისიამ ამისთვის ცალკე გამონაკლისი უნდა დაუშვას.
მან აღნიშნა, რომ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ გამონაკლისის გათვალისწინება პუტინის თვითმფრინავის გადაფრენისთვის.
კითხვაზე, თუ როგორ აფასებს ევროკომისია ტრამპისა და პუტინის ბუდაპეშტში შეხვედრის შესაძლებლობას, ევროკომისიის მთავარი პრესსპიკერის მოადგილემ ოლოფ გილმა განაცხადა, რომ ევროკომისია მიესალმება ყველაფერს, რაც უკრაინაში სამართლიან და მდგრად მშვიდობას უზრუნველყოფს და „თუ ეს მოსალოდნელი შეხვედრა ამ მიმართულებით პროგრესს ხელს შეუწყობს, ეს დადებითი იქნება“.
შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების სატელეფონო საუბარი გაიმართა. სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტში პუტინს შეხვდება.