კრემლის ლიდერის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა, „შესაძლოა, ორ კვირაში ან ცოტა გვიან“ შედგეს. ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„არაფრის გადადება არ უნდა მოხდეს“, – აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
პესკოვის განცხადებით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების სამიტის ორგანიზებასთან დაკავშირებული მრავალი საკითხია.
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამ საკითხების განსახილველად სატელეფონო საუბარსა და შეხვედრას გამართავენ“, – აცხადებს პესკოვი.
შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების სატელეფონო საუბარი გაიმართა. სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტში პუტინს შეხვდება.
„პრეზიდენტი პუტინი და მე შევხვდებით ერთმანეთს შეთანხმებულ ადგილას, ბუდაპეშტში“, – აღნიშნა ტრამპმა.