აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ახლა რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დასაწესებლად „იდეალური დრო არ არის“. ამის შესახებ მან კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომლის დროსაც ლიდერები ბუდაპეშტში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
წინა დღეს აშშ-ის სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტუნმა განაცხადა, რომ მზად არის, კენჭისყრაზე დააყენოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც დიდი ხანია, გაჩერებულია.
ტუნის თქმით, სენატორები „განიხილავენ კანონპროექტის მიღების დროსა და თარიღს“, რომელიც ითვალისწინებს ტარიფების დაწესებას რუსეთის ენერგორესურსების იმპორტიორი ქვეყნებისთვის და მეორადი სანქციების დაწესებას უცხოური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ენერგოწარმოებას.
ტრამპს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტუნმა პუტინთან სატელეფონო ზარის შესახებ არაფერი იცოდა და რომ ის ამის შესახებ სენატში რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერს, ასევე, წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს აცნობებდა.
„ეს შეიძლება იყოს იმდენად პროდუქტიული ზარი, რომ საბოლოოდ წარმატებას მივაღწევთ… არაფრის წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ ვამბობ, რომ შესაძლოა, იდეალური დრო არ იყოს. ეს შეიძლება ერთ, ან ორ კვირაში მოხდეს. თუმცა, როგორც იცით, ეს ჩემი შეხედულებისამებრ არის“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.