25-29 სექტემბერს ქალაქ მოსკოვში გაიმართა კრეატიული ინდუსტრიების საერთაშორისო ინკლუზიური ფორუმი (Международный Инклюзивный Форум креативных индустрий- МИФКИ).
ეს იყო უნიკალური პროექტი ევრაზიის ქვეყნებიდან ინკლუზიური ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის.
ამ გრანდიოზულ პროექტში რუსეთის 50 რეგიონიდან და ევრაზიის ქვეყნებიდან (ბელორუსი, მოლდოვა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, საქართველო) რეგისტრირებულმა ჯგუფებმა და დელეგაციებმა მიიღეს მონაწილეობა. ფორუმმა – “МИФКИ” მთლიანობაში ათასზე მეტ სტუმარს უმასპინძლა, მათ შორის შშმ ახალგაზრდებს, ინკლუზიურ ბავშვებს, მათ თანხმხლებ პირებს, ექიმებს, პედაგოგებს, ჟურნალისტებს, ინკლუზიის სფეროში მომუშავე სხვადასხვა სპეციალისტს.
ფორუმის ორგანიზატორი იყო საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „ევრაზია“, რომლის მიზანია ურთიერთსასარგებლო ინტეგრაციული პროცესების გაძლიერება პოსტსაბჭოთა სივრცეში, ხალხთა ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით.
ფორუმის სამხატვრო ხელმძღვანელი, იდეის ავტორი და პროექტის სულისჩამდგმელი გახლდათ რუსეთის დამსახურებული არტისტი, დაღესტნის რესპუბლიკის სახალხო არტისტი და მომღერალი – ჟასმინი.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქველმოქმედო ფონდი „ოჯახის დახმარება“ და საბავშვო ინკლუზიური თეატრალური სტუდია „ალისას სიზმრები.“
აღსანიშნავია, რომ მოსკოვში გამართულ გრანდიოზულ ფორუმზე საქართველოს დროშაც აფრიალდა! საქართველოს დელეგაციაც ღირსეულად წარდგა და ქართველმა შშმ პირებმაც აჩვენეს თავიანთი ნიჭიერება, დაამტკიცეს, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები და რომ ქართველი ინკლუზიურებიც განსაკუთრებულად გამორჩეულნი არიან!
ფორუმის საინტერესო დეტალებზე გვესაუბრებიან და შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ საქართველოდან გამგზავრებული დელეგაციის წევრები:
დელეგაციის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი თინათინ გოცაძე:
– ბედნიერი ვარ, რომ მიუხედავად ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულებისა და ხელოვნურად აღმოცენებული სიძნელეებისა, ყველა დაბრკოლება გადავლახეთ და ღირსეულად ჩავერთეთ ამ დაუვიწყარ ფორუმში.
როცა გაშლილი ხელებით სიხარულით გელიან, მეგობრობის ხელს გიწვდიან, მოწიწებითა და პატივისცემით გეპყრობიან, ზურგის შექცევა, სულ მცირე უზრდელობაა, გარდა იმისა, რომ შეუძლებელი!
სწორედ ამიტომაც გავემგზავრეთ მოსკოვში, უამრავი სიხარული, დადებითი ემოცია, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მივანიჭეთ ჩვენს ინკლუზიურებს, მათი ნიჭიერებით მოვხიბლეთ ყველა, კიდევ ერთხელ აღვაფრთოვანეთ ათასობით ადამიანი ჩვენი ეროვნული სამოსით, ავაცრემლიანეთ ცეკვა „დაისით“, გავლაღდით მიღებული ოვაციებითა და შეძახილებით «Молодцы!… Молодцы!… Грузины, как всегда супер!….. Мы любим Грузию!…… Грузия неповторима! Грузия…. Грузия!»
ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები! შევიძინეთ უამრავი მეგობარი, მიუხედავად ზოგიერთების მხრიდან კრიტიკისა და ქილიკისა, რომ თურმე „ჟასმინას კონცერტზე“ არ უნდა მიდიოდეს ქართული დელეგაცია, რომ ოკუპანტ და მტერ რუსეთს უნდა ვერიდოთ, იქ ორგანიზებულ ღონისძიებებში არ უნდა ჩავერთოთ, ქართველმა სპეციალისტებმა არ უნდა ითანამშრომლონ და იმეგობრონ რუს კოლეგებთან და ა. შ.
ვაი- და ურა-პატრიოტების აზრები, ცხადია, უკან მოვიტოვე და დელეგაცია მოსკოვში მაინც ჩავიყვანე. ამ კატეგორიის (რომელთა შორის, სამწუხაროდ, ექიმები და ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ) საყურადღებოდ მინდა განვმარტო, რომ პაციენტებისა და მით უფრო, შშმ პირების პოლიტიზირება დაუშვებელია! გარდა ამისა, მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს, თანაბრად უნაწილებენ სითბოსა და სიყვარულს განვითარება შეფერხებულებს, გონებრივად ჩამორჩენილებსა თუ ეტლს მიჯაჭვულებს! ინკლუზია არის ის სფერო, რომელმაც არ იცის ეროვნება და სარწმუნოება, რომელსაც არ ეხება ოკუპირებული ტერიტორიები და სახელმწიფოთა შორის პოლიტიკა! სწორედ ამიტომაც გაიმართა ეს ღონისძიება, ფორუმი, რომელიც იყო სიყვარულისა და ნიჭიერების ზეიმი, სიკეთის, სითბოსა და ყურადღების გამოვლინება, ზრუნვისა და მეგობრობის გამოწვდილი ხელი ყველასათვის, მათ შორის საქართველოდან ჩასული შშმ პირებისა და მთელი დელეგაციისათვის.
ფორუმის მიზანი იყო შემოქმედებითი გუნდებისა და ცალკეული პირების გაერთიანება გამოცდილების გასაზიარებლად, ევრაზიის ქვეყნებში ერთიანი ინკლუზიური კულტურული სივრცის შექმნა, ინკლუზიური შემოქმედებითი ინდუსტრიების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისა და თანამშრომლობის დამყარებისათვის. თამამად შემიძლია განვაცხადო- ეს ამოცანა, უმაღლეს დონეზე შესრულდა, რადგან შშმ პირებს ფორუმზე შეუქმნეს თვითგამოხატვის, მეგობრობისა და განვითარების უნიკალური სივრცე. ღონისძიებამ გააერთიანა და ჩაახუტა ერთმანეთს სხვადასხვა ერის შვილები, 10 – დან 35 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები, ინკლუზიის სფეროს სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან, რომლებმაც გაცვალეს ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება, განიხილეს ამ სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები და მიმდინარე პრობლემები.
შშმ პირებისთვის დაგეგმილი იყო შემოქმედებითი შეხვედრები და მასტერკლასები 8 მიმართულებით: თეატრი, კინემატოგრაფია, სახვითი ხელოვნება, ლიტერატურული ხელოვნება, მუსიკა, ქორეოგრაფია, ციფრული კულტურა და ცირკის ხელოვნება, ასევე ადაპტირებული ექსკურსია-ტურები მოსკოვის მასშტაბით, საინტერესო წარმოდგენები და სპექტაკლები.
ძალიან ემოციური იყო ჩვენს თანამემამულესთან, რუსეთში მოღვაწე, ქართველ მომღერალ დიანა ღურწკაიასთან შეხვედრა. მისმა ნამღერმა, ისევე როგორც მისი „სოციალური ინტეგრაციის ცენტრის“ ბავშვთა მუსიკალურმა შესრულებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე. დიანა ღურწკაია მოხარული დარჩა ქართველთა მოსკოვში სტუმრობითა და ამ ღონისძიებაში მონაწილეობით.
მოსკოვში გამართული ეს გრანდიოზული ფორუმი გამორჩეული იყო მისი ყველა ღონისძიების ფიზიკური, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მაღალი დონით ფორუმის ყველა მონაწილისთვის, საოცრად თავაზიანი და მოსიყვარულე პერსონალით, საინტერესო, მრავალფეროვანი პროგრამითა და ორგანიზაციის უმაღლესი დონით. ის დაუვიწყარია ქართული დელეგაციისათვის!
დასასრულ, მინდა მადლობა მოვახსენო ინტეგრირებული თეატრის “აზდაკის ბაღი“ რეჟისორ ბაჩო გაბრუაშვილს, რომელმაც დაგვაკავშირა თავის ორ მსახიობთან, საბა ბერიაშვილთან და ლია დუაძესთან. მათ მიერ შესრულებულმა „დაისმა“ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებლებზე.
ქართული დელეგაციის ასევე უსაყვარლესი და უნიჭიერესი წევრი – ვანო ხმალაძე, მიუხედავად თავისი მდგომარეობისა (ტეტრაპარეზი), ამჟამად, ბოლნისის თეატრის მსახიობია.
რაც მთავარია, დიდი მადლობა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ევრო -აზიური „ალიანსის“ ხელმძღვანელს, ბატონ ვიქტორ (კობა) კუსიანს! რომ არა მისი კონტაქტები, საქართველოში ვერც შევიტყობდით ამ ფორუმის შესახებ!
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ევრო –აზიური „ალიანსის“ ხელმძღვანელი, იურისტი, სახალხო დიპლომატი კობა კუსიანი:
– როცა ამ გრანდიოზული პროექტის შესახებ მომაწოდეს ინფორმაცია და გავეცანი მის მასშტაბებს, მიზნებსა და შინაარსს, არც კი დავფიქრებულვარ, რომ ეს უნდა განგვეხორციელებინა, რომ საქართველოდანაც უნდა მიეღოთ შშმ პირებს მონაწილეობა. მით უმეტეს, რომ, 30 წელზე მეტია, რუსეთში გამართულ ღონისძიებებში საქართველოს მხარეს არ მიუღია მონაწილეობა.
მოგეხსენებათ, ჩემი ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სახალხო დიპლომატიაა. ხშირად გვაქვს შემოთავაზებები სხვადასხვა კულტურულ თუ სპორტულ პროექტებში მონაწილეობაზე, მსურველებიც არიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყანაში გაბატონებული ანტირუსული კამპანიის გამო, ვერ ბედავენ მონაწილეობას, თითიდან გამოწოვილ მიზეზებს იშველიებენ და უარს აცხადებენ ხოლმე. პროექტების რეალიზების შემდეგ კი -ხშირად ნანობენ.
ამჯერადაც იგივე განმეორდა. შეიძლებოდა უფრო მეტი მონაწილე ყოფილიყო საქართველოდან, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრმა თავი შეიკავა მიზეზთა გამო.
მინდა აღვნიშნო- არ შეიძლება ყველაფრის პოლიტიზირება, მით უფრო , რომ ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის სახალხო დიპლომატიური ნაბიჯები ქვეყნებს შორის, კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიმართულება ხალხებს შორის, ყოველთვის უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკისგან ამა თუ იმ პროექტში თანამემამულეთა მონაწილეობა, ეს იქნება რუსეთში თუ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში..
რაც შეეხება ინკლუზიურ ფორუმს, მისმა ორგანიზატორებმა გამოიჩინეს უდიდესი ყურადღება და პატივისცემა ფორუმში მონაწილეთა მიმართ, საქართველოს მიმართ კი ეს დამოკიდებულება და ყურადღება იყო განსაკუთრებული და გაათმაგებული. შექმნილი იყო არაჩვეულებრივი, საოცრად თბილი გარემო, ყველა პირობა იმისათვის, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რაც მთავარია, შშმ პირებს შეძლებოდათ დამეგობრება და დაახლოება.
რეაბილიტოლოგი, მანუალური და ფიზიოთერაპევტი გიორგი წიწილაშვილი:
— ეს იყო უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ფორუმი, გათვალიწინებული და მოწესრიგებული ყველა მისი დეტალით, დაწყებული აეროპორტში სტუმრების დახვედრა -გაცილებიდან, სასტუმროში განთავსებისა და მთლიანად დაგეგმილი ღონისძიებების წარმართვა-რეალიზების ჩათვლით.
მონატრებული რომ ეყოლები ნათესავს და სიხარულით რომ შეგეგებება, ისე დაგხვდნენ აეროპორტში. იმდენად გულთბილი იყო მიღება, სასტუმროში განთავსება, იმდენად დიდ ყურადღებას და მზრუნველობას იჩენდნენ მომაგრებული კურატორები, რომ ამის დავიწყება შეუძლებელია. საორგანიზაციო ჯგუფის წევრები უღიმოდნენ და ეფერებოდნენ ყველას, არა მხოლოდ შშმ პირებს, არამედ ფორუმის თითოეულ მონაწილეს.
ჩვენი მოღვაწეობისა თუ პრაქტიკული გამოცდილების კვალად, ბევრი რამ გვინახავს, არაერთ შშმ პირთან და პაციენტთან გვქონია ურთიერთობა, თუმცა, ერთიანობაში თავმოყრილი ამდენი ინკლუზიურისა და სხვადასხვა პათოლოგიის მქონე მოზარდის ხილვა, მათი მდგომარეობით ტანჯული, მაგრამ ბოლომდე მებრძოლი მშობლების გაცნობა, სხვა განცდებს იწვევს და ემოციურად საკმაოდ მძიმე იყო.
ეს გრანდიზული შეხვედრა, ასე ორგანიზებულად ყველას ერთ სივრცეში გაერთიანება, განსაკუთრებულად მზრუნველი დამოკიდებულება, ულევი ღიმილი და სითბო უდიდეს სიხარულს ანიჭებდა ყველა მონაწილეს, პატრონებს პრობლემებსა და ტკივილს ავიწყებდა, გასაოცარი იყო თანხმლები პირების ურთიერთდამოკიდებულება, არ არჩევდნენ ერთმანეთისგან ბავშვებს, ერთნაირად ზრუნავდნენ საკუთარ და სხვის შვილებზე. ყველა ყველას აბედნიერებდა და სასიცოცხლო მუხტს უძლიერებდა.
ადრენალინი მივიღეთ სპეციალისტებმა! კიდევ ერთხელ ჩავფიქრდით იმაზე, რომ მედიცინა, სამწუხაროდ, დღევანდელ პირობებშიც ჩამორჩება, ვერ უწყობს ფერხულში ტემპს ინკლუზიურ პირთა რეაბილიტაციას. ისედაც ხომ უნიათო და აგდებული დამოკიდებულების გამო არიან, უხშირესად, ეს ადამიანები ამ მდგომარეობაში, მართალია, ნაწილი პათოლოგიებისა თანდაყოლილია, მაგრამ შეძენილ პათოლოგიებზეც დიდი წილი მოდის. სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს სამედიცინო პერსონალს, რათა გავუუმჯობესოთ და გავუიოლოთ ცხოვრება შშმ პირებს.