ტრამპი ნარცისია, თავის თავში უზომოდ შეყვარებული პიროვნება, რომელსაც აჩემებული აქვს მშვიდობის მტრედობა

ზეიმობენ ებრაელები. ზეიმობენ პალესტინელები. ზეიმობენ დღევანდელობას და იმედოვნებენ, რომ მშვიდობა გაგრძელდება. სამომავლო წლებზე გათვლილი მშვიდობა მაინც რა ხანგრძლივობის იქნება? ერთი წლის, ორის, სამის თუ სამარადისო?

როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა ტრამპს — რა იქნება მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულების, ანუ 3 წლის შემდეგ? პასუხი იყო მოკლე, კონკრეტული — არ ვიცი!

არათუ ტრამპმა, არამედ შარმ-ალ-შეიხში შეყრილმა 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერმა არ იცის რა იქნება 3 წლის შემდეგ, არამედ უახლოეს მომავალში, ვინაიდან ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმიდან ჯერ-ჯერობით 2 შევიდა ძალაში — „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ადამიანების გათავისუფლება, ისრაელის მიერ დატყვევებული პალესტინელების, მათ შორის „ჰამასელთა“ გათავისუფლება; ცეცხლის შეწყვეტა და „ცახალის“ მიერ დაკავებული პალესტინის ტერიტორიიდან გამოსვლის დაწყება.

გეგმის მიხედვით, „ჰამასმა“ იარაღი უნდა დაყაროს და ღაზის სექტორის მართვაზე ხელი აიღოს. ღაზის სექტორი უნდა მართონ ე.წ. ტექნოკრატმა პალესტინელებმა, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, რის წინააღმდეგ გამოდის „ჰამასი“. მისი აზრით, ღაზის სექტორი პალესტინელებმა უნდა მართონ და ამ პროცესში „ჰამასის“ როლი გადამწყვეტი იქნება.

ისრაელის მიერ გათავისუფლებულმა „ჰამასელებმა“, ღაზის სექტორში დაბრუნებისთანავე იქ მცხოვრებ პალესტინელებს დაანახეს — ვინ არის მმართველი. ღაზის სექტორში ისეთი ვითარება შეიქმნა, როგორიც სირიაში იყო და დღემდე რჩება — იმ პალესტინელთა მიმართ ანგარიშსწორება, ვინც ისრაელთან თანამშრომლობდა „ცახალის“ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ჰამასი“ უმოწყალოდ ხოცავს გამყიდველებს. „ჰამასი“ არც იარაღის დაყრას აპირებს და არც პოლიტიკურ თვითლიკვიდაციას. არადა, ამ საკითხების გადაუჭრელად მტკიცე მშვიდობაზე ლაპარაკი მიამიტობაა.

მაშ რა იყო შარმ-ელ-შეიხში?

ტრამპის მიერ მოწყობილი შოუ, რომელიც პირადი განდიდების ავადმყოფური სურვილით იყო გამოწვეული.

საბჭოთა კავშირის დროს პარტიისა და სახელმწიფო ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა სტალინს „პიროვნების კულტის“ ტიტული მიანიჭა, რაც დანაშაული იყო, თუმცა მას არ გამოუწვევია კომპარტიაში ანტირეაქცია — ხრუშჩოვის პიროვნების დასასამარებლად, მოგვიანებით ხრუშჩოვის ვოლუნტარისტულმა გადაწყვეტილებებმა და უამრავმა დაშვებულმა შეცდომამ პარტიული ამხანაგები აიძულეს ჩამოეგდო ხრუშჩოვი.

ხრუშჩოვის დროს, ტრამპი ან მისი მსგავსი პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო სსრ კავშირში, 10 გზის პიროვნების კულტის სახელს დაიმკვიდრებდა.

ტრამპი ნარცისია, თავის თავში უზომოდ შეყვარებული პიროვნება, რომელსაც აჩემებული აქვს მშვიდობის მტრედობა. სწორედ ამან უბიძგა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ეჩუქებინა მისთვის „ოქროს მტრედის“ ქანდაკება.

ტრამპი აცხადებს, რომ 8 ომი შეაჩერა; რომ შეაჩერა ისრაელ-არაბთა 3000-წლიანი სისხლიანი დაპირისპირება და მზადაა შეაჩეროს რუსეთ-უკრაინის ომი. მისი აზრით, პოლიტიკოსი, აშშ-ს პრეზიდენტი, რომელიც თავისი პრეზიდენტობის 8 თვის განმავლობაში 8 ომს აჩერებს — არ არის ნობელის პრემიის ღირსი?!

ღირსია, ღირსიაო — აცხადებდნენ ყველა ისინი, ვინც შარმ-ელ-შეიხში ესწრებოდა ტრამპის კონფერენციას — მლიქვნელების არმია, ტრამპის განმდიდებლები, ტრამპის მეხოტბეები და არა ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო საქმეში რაღაც წვლილის შემტანნი.

ეს რომ ასე არ ყოფილიყო, აზერბაიჯან-სომხეთის ხელმძღვანელებს ვინ მიიწვევდა ეგვიპტის ცერემონიალზე?

ალიევმა და ფაშინიანმა ტრამპთან თეთრ სახლში მიღების დროს საჯაროდ განაცხადეს, რომ ნობელის პრემიის საორგანიზაციო კომიტეტს ოფიციალური წერილით მიმართავენ ტრამპისთვის ნობელის პრემიის მინიჭებისთვის — სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმებისთვის.

ბევრი ვეცადე გამეგო აზერბაიჯან-სომხეთის წვლილის თაობაზე ისრაელ-პალესტინის საკითხებში ჩართულობასთან დაკავშირებით, მაგრამ მსგავსს ვერაფერს მივაგენი. იქ მიწვეული ქვეყნების უმრავლესობა თურქეთის, ყატარის, ეგვიპტის გამოკლებით ისეთივე „მუყაითობით“ გამოირჩეოდნენ, როგორც ალიევ-ფაშინიანი.

სამშვიდობო თავყრილობა იყო პასუხი ნობელის პრემიის საორგანიზაციო კომიტეტის მიმართ — არ მომეცით პრემია, მაგრამ მსოფლიო ლიდერები, რომლებიც კონფერენციას ესწრებიან, მხარდაჭერას გამოხატავენ მსოფლიოს მშვიდობისმყოფელის ტრამპის მიმართ.

კონფერენციას არ უმსჯელია ტრამპის 20-პუნქტიან გეგმაზე. იქ დამსწრე ქვეყნების მეთაურები ტრამპის ზეიმზე სტატისტების როლში იყვნენ. შარმ-ელ-შეიხის „ზეიმის“ შემხედვარეს დამებადა აზრი — ტრამპი ბელადომანიით, მსოფლიო იმპერატორობის მანიით არის დაავადებული, რაც გაცილებით მძიმე დაავადებაა, ვიდრე მისი წინამორბედის ბაიდენის დემენცია.

ტრამპის აზროვნება სლალომის, თანაც გიგანტურის მსგავსია, თოვლზე მოსრიალე სპორტსმენის  აქეთ-იქით გადაქანებით, მაგრამ ის, რაც დაშვებულია სპორტში, დაუშვებელია პოლიტიკაში.

ტრამპმა გაილაშქრა USAID-ის წინააღმდეგ და გააუქმა ის. ტრამპმა გაილაშქრა ლგბტ-ს წინააღმდეგ და გარკვეულ პროგრესს მიაღწია ამ საქმეში. ტრამპმა აკრძალა ლგბტ-ობა აშშ-ს არმიაში, ტრანსვესისტობა და სხვა მრავალი გადაქანება. ტრამპი ტრადიციული ოჯახის მებაირაღეა, რისთვისაც მას უდავოდ ეკუთვნის ნობელის პრემია, მაგრამ ანტიგლობალისტს, ლგბტ-ობის წინააღმდეგ მებრძოლ  ტრამპს ვინ მისცემს ნობელის პრემიას?

ნობელის პრემიის საორგანიზაციო კომიტეტი სწორედ ისაა, ვინც მხარს უჭერს გლობალისტობას, ლგბტ-ობას და ა.შ. ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ ტრამპის მიერ გადადგმული დადებითი პოლიტიკური ნაბიჯია, რისთვისაც მას დიდი მადლობა უნდა გადაუხადოს ყველამ, ვინც მის პოლიტიკას იზიარებს. მაგრამ ვინ არის დამნაშავე იმაში, ვინც 2 წლის განმავლობაში გულგრილად უმზირა ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ნგრევას, პალესტინელთა ხოცვას?

ოფიციალური მონაცემით, ისრაელმა 62000-ზე მეტი პალესტინელი დახოცა, რაც გენოციდის ტოლია. აშშ-ი, ისრაელის სტრატეგიული პარტნიორია — სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. აშშ-ი, ისრაელს აწვდის იარაღს, ეხმარება ეკონომიკურად, მორალურად, პოლიტიკურად. რომ არ ყოფილიყო აშშ-ს უკიდეგანო დახმარება, ისრაელი შეწყვეტდა ომს. რომ არ ყოფილიყო აშშ-ს სიჯიუტე, კარგა ხანია იარსებებდა პალესტინის სახელმწიფო.

80 წელია აშშ-ი პოზაშია, რის გამოც არ იქმნება პალესტინის სახელმწიფო. პალესტინელთა არაერთ თაობას, გაღიზიანებულს აშშ-ს და ისრაელის მოქმედებით, ტერორისტული ანტიისრაელური გამოხდომების გარდა აღარაფერი რჩება.

რამდენი ომი უნდა გადაიტანოს პალესტინამ ლეგიტიმური მიზნის — სახელმწიფოს შექმნის მისაღწევად?

თითქოს იყო რაღაც იმედი მშვიდობის დასასადგურებლად. მაშინ პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი, ისე, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი და საგარეო საქმეთა მინისტრი შიმონ პერესი ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ. და მერე რა?

მშვიდობა მოკლე გამოდგა. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ტრამპის „მშვიდობის მტრედობა“ უფრო ხანგრძლივი პერიოდისა იქნება, ვიდრე პრეზიდენტ კლინტონის პერიოდში დამყარებული, რომელსაც მოჰყვა ზემოხსენებულთა ნობელის პრემიის ლაურეატობა.

 ტრამპმა, თავისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში ახლო აღმოსავლეთი კი გაიხსენა, მაგრამ არა პალესტინელთა სასარგებლოდ, პირიქით, ქალაქი იერუსალიმი, რომელიც ყველას მიერ საერთო ებრაულ და არაბულ ქალაქად იყო აღიარებული, ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა — აშშ-ს დიპლომატიური წარმომადგენლობის თელავივიდან იქ გადატანით.

პალესტინელი არაბების აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა და მერე რა? შეაკრთო ამან ტრამპი?

ტრამპს მჭიდრო კავშირები აქვს აშშ-ი არსებულ ებრაულ დიასპორასთან, გავლენიან და ფულიან ებრაელებთან. ტრამპის სიძე, ქალიშვილის ივანკას მეუღლე ებრაელი, ჯარედ კუშნერია — ბიზნესმენი, ფულიანი, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ისრაელთან პოლიტიკურ საკითხებსაც კურირებდა. კუშნერი ამჯერადაც ჩართულია ისრაელთან პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესში. ის, აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის პირად ემისართან ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ასევე ებრაელ უიტკოფთან ერთად აწარმოებდა მოლაპარაკებას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან.

კუშნერი, ტრამპის მიერ გამოცხადებული 20-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იქნება, რომლის მიხედვით, ღაზის სექტორი საკურორტო ედემად უნდა გადაიქცეს.

 

ცნობისთვის. 20-პუნქტიანი გეგმა შემუშავებულია ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბლერის მიერ, რომელიც კუშნერის დახმარებით ისევ აქტიურობს და ცდილობს ტორტის ნაჭრის მოპოვებას — 20-პუნქტიანი გეგმის განხორციელების შემთხვევაში.

რას ნიშნავს „ებრაული დიასპორა“? ეს, ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის ნაწილია, რომელმაც ნება დართო ებრაელებს ეცხოვრათ იქ. „ებრაული დიასპორა“ ჩამოყალიბდა მრავალი საუკუნის წინ — ქრისტემდე მე-7 საუკუნეში, მას შემდეგ, რაც ასირიელებმა გაანადგურეს ებრაელთა სამეფო და ებრაელობა აიძულეს დაეტოვებინათ მშობლიური ტერიტორიები.

შემდეგ იყო იუდეის ებრაელების ბაბილონის მიერ ტყვეობა  ჩვენს წელთაღრიცხვამდე  VI საუკუნეში. ჩვენი წელთაღრიცხვის I-II საუკუნეებში რომის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყების შედეგად — პირველი და მეორე ებრაული ომები, რომაელებმა აღგავეს ებრაული სახელმწიფო. ებრაელები მოედნენ მთელ მსოფლიოს, შექმნეს რა სხვა ქვეყნებში თავიანთი დიასპორები.

18 საუკუნის შემდეგ ებრაელებმა გაიხსენეს თავიანთი ისტორიული მიწა — პალესტინა და იქითკენ გასწიეს. პროცესი მე-19 საუკუნეში დაიწყო სიონიზმის წარმოშობასთან ერთად. რეპატრიაციამ სახელიც შეიძინა „ალია“. 1948 წლამდე 600000 ებრაელი ჩასახლდა პალესტინაში.

1948 წელს, როდესაც შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო, ყველა ფიქრობდა, რომ მსოფლიოში არსებული ებრაული დიასპორებიდან მასობრივი ჩასახლება დაიწყებოდა ახალშექმნილ ისრაელის სახელმწიფოში.

ვარაუდი არ გამართლდა. „ებრაული დიასპორები“ დარჩა. 2003 წლის მონაცემებით, ისრაელში 8 მილიონამდე ებრაელი ცხოვრობს, 9 მილიონამდე კი — ისრაელის გარეთ არსებულ „ებრაულ დიასპორებში“. ე.ი. დიასპორებში 54%, ისრაელში — 46%. ყველაზე მეტი ებრაელი აშშ-ი ცხოვრობს — 6,3 მილიონი, საფრანგეთში — 440000, კანადაში — 368000, დიდ ბრიტანეთში — 312000, არგენტინაში — 171000, რუსეთში — 132000, გერმანიაში — 125000.

ისრაელში ჩასახლებულთა შორის გაჩნდა ისრაელიდან ისევ ძველ საცხოვრებელში დაბრუნების სურვილი. როგორც ჩანს, ისინი ბევრს ელოდნენ თავიანთი ისტორიული სამშობლოსგან, მაგრამ როდესაც ვერ მიიღეს, დაიწყეს „ურიდა“, რაც ივრითზე ნიშნავს დაშვებას, ანუ ემიგრაციას ისრაელიდან.

საბჭოთა კავშირიდან, შემდეგ რუსეთიდან ისრაელში გადასახლდა 2 მილიონი ებრაელი, რომლისგან ისრაელში დარჩა 1163000, ანუ დაახლოებით 60%, დანარჩენი გადავიდა აშშ-ი, ევროპის ქვეყნებში.

2018 წლის ჟურნალისტური გამოკლევის მიხედვით, აშშ-ს 89% სენატორს და კონგრესმენს ორმაგი მოქალაქეობა აქვს — ამერიკულ-ისრაელური. არჩეული თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან დაამტკიცონ აშშ-ს მოქალაქეობა, მაგრამ არ არიან ვალდებულნი განაცხადონ აქვთ თუ არა მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

მყარია ისრაელის მოქალაქეების პოზიციები ამერიკულ ბიზნესში. 2021 წლის მონაცემების მიხედვით, ებრაული მოქალაქეობის მქონე მილიარდერთა რაოდენობამ მსოფლიოში 169 შეადგინა. ნახევარი მათგანი აშშ-ი ცხოვრობს. აღნიშნულიდან გამომდინარე არის რამე გასაკვირი იმაში, რომ ებრაული ლობი გავლენით სარგებლობს აშშ-ს პოლიტიკაზე?!

მოდით თვალი შევავლოთ ტერიტორიებს, რომლებიც, ტრამპის მიხედვით 3000 წელია განხეთქილების საგნად ითვლება ებრაელებსა და პალესტინელ არაბებს შორის.

ღაზის სექტორი ხმელთაშუა ზღვას ესაზღვრება. ღაზა პალესტინის ნაწილია, ისე, როგორც მისგან დაშორებული მდინარე იორდანეს დასავლეთი სანაპირო. ღაზის აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი ისრაელს ეკვრის. მათ შორის სასაზღვრო ზოლი და საკონტროლო-გამშვები პუნქტებია.

სამხრეთ-დასავლეთით ღაზა ეგვიპტეს ესაზღვრება, რომლისგან ბეტონის კედლით არის გამოყოფილი.

ღაზის სექტორის სიგრძე 40 კმ-ა, სიგანე — 6, ზოგან 12 კმ. საერთო ტერიტორია 360 კვ.კმ შეადგენს. დედაქალაქის სახელი ღაზაა. მოსახლეობა 2141643 — 2024 წლის მონაცემების მიხედვით. შობადობა ღაზის სექტორში ყველაზე მაღალია მსოფლიოში. მოსახლეობის 40% 14 წლის ასაკის ქვევითაა. მოსახლეობა ყოველ 20 წლის განმავლობაში ორმაგდება.

პალესტინის სახელმწიფო, დე-იურედ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოდ ითვლება ახლო აღმოსავლეთში, რომელიც სრული სახელმწიფოებრიობის აღიარების პროცესშია.

პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ა.წ. სექტემბერს აღიარა გაეროს 193 წევრი სახელმწიფოსგან 157.

პალესტინის სახელმწიფო გამოცხადდა 1988 წელს ალჟირში — პალესტინის ეროვნული საბჭოს სხდომაზე. საბჭო პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის უმაღლესი საკონსულტაციო ორგანოა. ამ აქტს მხარი დაუჭირა 253 დამსწრემ, წინააღმდეგი იყო 46, თავი შეიკავა 10-მა.

1994 წელს, ქ. ოსლოში პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციასა და ისრაელს შორის შეთანხმების შედეგად შეიქმნა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია.

შეთანხმება არ ითვალისწინებდა სახელმწიფოს შექმნას. ორივე მხარემ იკისრეს ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავება.

დე-ფაქტოდ პალესტინის სახელმწიფო არ არსებობს. მას არ გააჩნია რეალური სუვერენიტეტი. სახელმწიფოებრივი სტრუქტურები მხოლოდ ნაწილობრივ არის ჩამოყალიბებული.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაწილს ნაწილობრივ ისრაელი აკონტროლებს. აღმოსავლეთ იერუსალიმი, რომელიც პალესტინის ტერიტორიად მიიჩნევა, ისრაელის სრულ კონტროლქვეშაა, ისე, როგორც მთელი ქალაქი.

ისრაელი აკონტროლებს პალესტინელთა საზღვრებს, მათ შორის ღაზას სექტორის საზღვარს ეგვიპტესთან — 2024 წლის მაისიდან.

გაეროს მიერ პალესტინის ტერიტორიები ითვლება ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად. თვით პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია, პალესტინას ისრაელის მიერ ოკუპირებულად აცხადებს.

პალესტინის ეროვნული გათავისუფლების ადმინისტრაციის თავმჯდომარემ მაჰმუდ აბასმა, 2013 წლის 5 იანვარს გამოაცხადა — ნაცვლად „პალესტინის ეროვნული გათავისუფლების ადმინისტრაციისა“, გამოყენებულ იქნას „პალესტინის სახელმწიფო“. აშშ-ა, ისრაელმა და რამდენიმე ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს.

ქვეყნებში, რომლებმაც აღიარეს „პალესტინის სახელმწიფო“, გახსნილია დიპლომატიური წარმომადგენლობა — „პალესტინის სახელმწიფოს საელჩო“-ს სახელწოდებით.

დასავლეთის სანაპიროსა და ღაზის სექტორის ტერიტორია 6020 კვ.კმ-ა, 5227193 მოსახლეობით, სიმჭიდროვე — კვადრატულ კილომეტრზე 734 ადამიანი. პალესტინა მსოფლიო ქვეყნებში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიად ითვლება.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი