ჩინეთის ოფიციალური სააგენტო CGTN (Ru) კორეის ქალაქ პუსანში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერსა და აშშ პრეზიდენტ ტრამპს შორის გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის პარალელურად გაიმართა, შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:
სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. სი ძინპინის თქმით, ტრამპის ხელახლა არჩევის შემდეგ, მათ სამჯერ ისაუბრეს ტელეფონით და რამდენიმე წერილი გაცვალეს, რითაც მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებდნენ და ორმხრივი ურთიერთობების სტაბილურობას უზრუნველყოფდნენ. მან ასევე გაიხსენა, რომ ორი ქვეყნის დელეგაციებმა ცოტა ხნის წინ კუალა-ლუმპურში სავაჭრო-ეკონომიკური კონსულტაციების ახალი რაუნდი გამართეს და დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს, რამაც მიმდინარე შეხვედრისთვის გზა გახსნა.
სი ძინპინის თქმით, ნორმალურია, რომ მსოფლიოს ორი წამყვანი ეკონომიკა ხანდახან უთანხმოებებს წააწყდეს. მან აღნიშნა, რომ ორმა ლიდერმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება უნდა წარმართოს და ერთად იმუშაოს უფრო მნიშვნელოვანი, პრაქტიკული და სასარგებლო შედეგების მისაღწევად. სი ძინპინის თქმით, ჩინეთის განვითარება და აღორძინება პრეზიდენტ ტრამპის „ისევ დიდებული გავხადოთ ამერიკა“ პოლიტიკასთან ერთად მიმდინარეობს. ორ ქვეყანას შეუძლია ერთმანეთს წარმატებისა და საერთო კეთილდღეობის მიღწევაში დაეხმაროს. სი ძინპინის თქმით, ჩინეთი და შეერთებული შტატები პარტნიორები და მეგობრები უნდა იყვნენ – ეს ისტორიის გაკვეთილი და რეალობის აუცილებლობაა, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
სი ძინპინმა გამოთქვა მზადყოფნა, გააგრძელოს ტრამპთან მუშაობა ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობებისთვის მყარი საფუძვლის შესაქმნელად და ორივე ქვეყნის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპი დიდი ენთუზიაზმით არის განწყობილი სხვადასხვა რეგიონული საკითხის გადაჭრის მიმართ და ჩინეთი ასევე ხელს უწყობს მშვიდობიან მოლაპარაკებებს სხვადასხვა აქტუალური საკითხის გადასაჭრელად. მან თქვა, რომ რადგან მსოფლიო მრავალი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩინეთს და შეერთებულ შტატებს, როგორც მსხვილ ქვეყნებს, შეუძლიათ აიღონ თავიანთი პასუხისმგებლობა და ერთად უნდა იმუშაონ, რათა მიაღწიონ მნიშვნელოვან და კონკრეტულ შედეგებს ორივე ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს საკეთილდღეოდ. (ფოტო: Xinhua)
იმავე სააგენტოს ტელეარხის მიმომხილველი, სიუე ფუცი აღნიშნავს:
“ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და რეგიონული კონფლიქტები, კერძოდ, უკრაინის კრიზისი, ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, ირანის ბირთვული პროგრამა, კორეის ბირთვული პროგრამა და ა.შ. ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხებზე, რადგან ეს პრობლემები პირდაპირ გავლენას არ ახდენს, ვთქვათ, სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებზე, არამედ ზოგადად გლობალურ სიტუაციაზე. ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ, როგორც ჩვენმა თავმჯდომარემ სი ძინპინმა განაცხადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე, რომ ის ხედავს და ესმის აშშ-ის პრეზიდენტის დაინტერესება და მისწრაფება ამ რეგიონული საკითხების გადაჭრისკენ. ჩვენ შეგვიძლია, ერთად წავიდეთ წინ და წვლილი შევიტანოთ ამ პრობლემების მოგვარებაში”.
როგორც ვხედავთ, ჩინეთის ოფიციოზი აქცენტს ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებაზე აკეთებს და კონფლიქტს გაურბის, თუმცა არსად ჩანს, რომ ჩინეთი დაჰყვა ტრამპის მიერ დაანონსებულ ბაქი-ბუქს იმის თაობაზე, რომ პეკინი რუსულ ნავთობს აღარ იყიდის.
თავის მხრივ, კმაყოფილებას გამოთქვამს დონალდ ტრამპიც, თუმცა ისიც აღარ ახსენებს რუსული ნავთობის ემბარგოზე ჩინეთის დაყოლიებას. აშშ პრეზიდენტი დაკმაყოფილდა იმით, რომ ჩინეთთან ერთწლიან შეთანხმებას მიაღწია, აშშ-სთვის ჩინური იშვიათი მეტალების მიწოდების თაობაზე.
კერძოდ, შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ დაბრკოლებები მოგვარებულია და შეთანხმება თავდაპირველად ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში. ის იმედოვნებს, რომ ტერმინი „იშვიათი მიწები“ „ცოტა ხნით გაქრება ჩვენი ლექსიკიდან“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს სამხრეთ კორეიდან შეერთებულ შტატებში დაბრუნებისას Air Force One-ის ბორტზე.
ტრამპის თქმით, შეთანხმება ერთი წლის განმავლობაშია ძალაში და მოლაპარაკებების შემდეგ მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაა შესაძლებელი. ჯერ-ჯერობით, აშშ-ის პრეზიდენტმა თავისვე მიერ გამოცხადებული შეთანხმების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაამხილა.

