კვლევის თანახმად, ჯამურად, 9 თვეში იმპორტულ ელექტროენერგიაში გადახდილმა თანხამ 31.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საშუალოდ კვტ.სთ-ზე 2.8 აშშ ცენტია. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის რეგიონისთვის იმპორტი სპეციალურ ფასად, კვტ.სთ-ზე 0.1 აშშ ცენტად ხორციელდება, რაც იმპორტის საშუალო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
რაც შეეხება ექსპორტს, 9 თვეში ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა წლიურად 51.1%-ით შემცირდა და 0.5 ტვტ.სთ შეადგინა.
„ექსპორტის სეზონი მაისის თვეში დაიწყო და დამთავრდა ივლისში. მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ თურქეთი იყო, ექსპორტის 78.5%-იანი წილით. ექსპორტის 10.3% გავიდა სომხეთში, 9.8% – აზერბაიჯანში და 1.4% რუსეთში. ექსპორტის შემცირება უკავშირდება თურქეთის ბაზარზე ფასების კლების შედეგად ექსპორტიორების მხრიდან შემცირებულ ინტერესს და ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოების კლებას.
2025 წლის 9 თვეში ტოპ-3 ექსპორტიორი: თურქეთისთვის იყო ქროს ბორდერ ტრეიდინგი, აჭარა ენერჯი 2007 და საქართველო ურბან ენერჯი. ამასთან, სომხეთის მიმართულებითაც ძირითადი ექსპორტიორი იყო ქროს ბორდერ ტრეიდინგი. აღსანიშნავია, რომ თურქეთის მიმართულებით 52.6 გვტ.სთ-ის ექსპორტი განახორციელა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ, რომლის მიზანიც იყო თურქეთთან ისტორიული ვალის დაფარვა.
ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები თითქმის განახევრდა (-52.0% წ/წ) და 23.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2025 წლის პირველ 9 თვეში. კლება უკავშირდება როგორც მოცულობის, ისე საექსპორტო ფასის კლებას. ექსპორტის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე 4.6 აშშ ცენტი შეადგინა (-1.8%).
2025 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს გავლით თურქეთში 0.6 ტვტ.სთ ელექტრონერგიის ტრანზიტი განხორციელდა, რომლის 87.2% აზერბაიჯანიდან მოდიოდა, ხოლო დანარჩენი რუსეთიდან“, – ვკითხულობთ კვლევაში.

