გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ნატახტარი-ჟინვალის (ლოტი 1) საავტომობილო გზის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე სკოპინგის დასკვნა გასცა.

სკოპინგის ანგარიშის თანახმად, საპროექტო მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 27 კმ-ია. ახალი გზა 4-ზოლიანი იქნება. ადგილზე დაგეგმილია 5 კვანძისა და 16 ხიდის მშენებლობა.
ნატახტარი-ჟინვალის გზაზე დასაშვები სიჩქარე 120 კმ/სთ იქნება, ამასთანავე, ზოგიერთ მონაკვეთზე დასაშვებ სიჩქარედ განისაზღვრება 100 კმ/სთ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ზემოქმედების ზონაშია 319 შენობა-კონსტრუქცია.
„საპროექტო გზის ზემოქმედებაში ხვდება 35 მოწყვლადი შინამეურნეობა, 27 ოჯახის მარჩენალი ქალია, 6 ოჯახის უფროსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, 2 ოჯახი სიღარიბის ზღვარს მიღმაა და სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებს.
პროექტის განხორციელებისას მიყენებული ზიანი – მიწის, ნარგავების, მოსავლის და სხვა მიწის შესყიდვის და განსახლების გეგმის შესაბამისად ანაზღაურდება“, – აღნიშნულია დოკუმენტებში.
ანგარიშის მიხედვით, ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის მშენებლობისთვის სამი ალტერნატიული მარშრუტი განიხილებოდა, შერჩეული მარშრუტი რუკაზე წითელი ფერით არის აღნიშნული. ეს მონაკვეთი იწყება მდ. არაგვის ხიდიდან:
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ჯერ კიდევ 2016 წელს დააანონსა ნატახტარიდან ორი საავტომობილო პროექტის განხორციელების საკითხი. საუბარია, ნატახტარი-ჟინვალისა და ნატახტარი-რუსთავის (თბილისის ახალი შემოვლითი გზის) მშენებლობაზე. მშენებლობის მიზნებისთვის პროექტი ხუთ ლოტად დაიყო: ნატახტარი-ჟინვალი (ლოტი 1), ნატახტარი-რუსთავი (ლოტები 2-5).
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის შემოვლითი გზის (ნატახტარი-რუსთავის გზის) პროექტს, სიგრძე დაახლოებით 51 კილომეტრია. პროექტი სულ 4 ლოტად არის დაყოფილი და სხვადასხვა ტერიტორიებს მოიცავს. კერძოდ:
- ნატახტარი (წიწამური)-ავჭალას (ლოტი 2) მონაკვეთი – სიგრძე 6.5 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 4-ზოლიანი საპირისპირო მიმართულების გზის; ასევე ორი კვანძისა და 3.4 კმ. სიგრძის საპირისპირო მიმართულების ორზოლიანი გვირაბის მოწყობა; მშენებლობის ღირებულება – 150 მლნ დოლარია;
- ავჭალა-აეროპორტის (ლოტი 3) მონაკვეთი – სიგრძე – 22.5 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 16 ხიდის (გასასვლელების/გზასატარების, საფეხმავლო გადასასვლელების და კვანძის შემადგენლობაში მოსაწყობის ჩათვლით), 4 კვანძის, 4 ახალი გვირაბის მშენებლობა და 4 არსებული გვირაბის ადაპტირება; სავარაუდო მშენებლობის ღირებულება – 300 მლნ დოლარია;
- აეროპორტი-ლოჭინის უბნის (ლოტი 4) მონაკვეთი – სიგრძე – 10.9 კმ.ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაგეგმილია 3 კვანძის მშენებლობა, 16 ხიდის (გასასვლელების/გზასატარების, გადასასვლელების და კვანძის შემადგენლობაში მოსაწყობის ჩათვლით), და 2 საფეხმავლო ხიდის (გეზ-ის და კახეთის გზატკეცილის ზონაში) მოწყობა. დაგეგმილი ხიდებიდან ერთს აქვს უშუალო შეხება მდინარესთან (მდ.ლოჭინის კვეთა).; მშენებლობის ღირებულება – 100 მლნ დოლარია;
- ლოჭინი-რუსთავის (ლოტი 5) მონაკვეთი – სიგრძე – 11 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2 კვანძის მშენებლობა; საავტომობილო გზის დერეფანში გათვალისწინებულია 9 სახიდე გადასასვლელის (6 ხიდი თითო მიმართულებით მთავარ გზაზე და 3 ხიდი მეორად გზაზე და გზაგამტარებზე) მოწყობა; მშენებლობის ღირებულება – 70 მლნ დოლარია.

