“ყველაზე დიდი საფრთხე ბათუმშია – ბევრი დასახლება უბრალოდ, ზღვაში აღმოჩნდება“

„1900 წლიდან შავი ზღვის დონემ 20 სანტიმეტრით მოიმატა, როგორც ამას სპეციალისტები ამბობენ. ვიცით, რომ კოლხეთის დაბლობი ზღვის დონეზე დაბლა არის განლაგებული. ერთადერთი, რაც ხმელეთს ზღვის შემოტევებისგან იცავს, არის დიუნები – ეს არის ბუნებრივი წარმონაქმნი ზღვისა, რომელშიც ტალღა აქრობს თავის სიმძლავრეს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განვითარებული დიდი მშენებლობების წყალობით დიუნები ბევრ ადგილას დავარღვიეთ და სერიოზული საფრთხე შევუქმენით საქართველოს სანაპიროებს.

ამ შემთხვევაში განაშენიანება გაუაზრებლად ხდება, შესაბამისად, უფრო სტიქიურია, არ კეთდება ისეთი კვლევები, როგორიც საჭიროა. დიუნები დარღვეულია გრიგოლეთში, ქობულეთში და განსაკუთრებით ბათუმში. ასე რომ, ზღვის დონის ნებისმიერი მატება, რომელიც კლიმატის ცვლილების შედეგად სულ ხდება, არის საფრთხის მატარებელი“, – განაცხადა მან.

ნინო ჩხობაძის თქმით, ყველაზე დიდი საფრთხე ბათუმშია, რადგან ყველაზე მეტი მშენებლობა სწორედ იქ მიმდინარეობს.

„როდესაც დავრჩებით წყალში, მივხვდებით, რომ ზღვისპირეთი არ უნდა დაგვეზიანებინა. ბულვარი, რომელიც არის წყალმოვარდნების ჩამქრობი, ხელუხლებელი უნდა დარჩეს. თუ ასე გავაგრძელეთ მშენებლობები, გაცილებით რთულ და მძიმე შედეგებს მივიღებთ.

ჩვენ შეიძლება დავკარგოთ პლაჟები, ზღვამ შემოგვიტიოს და ვერ დავიცვათ საკუთარი ტერიტორიები. მითუმეტეს, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა შტორმები და ზღვას სულ უფრო და უფრო მეტი ტერიტორიები მიაქვს. როდესაც მოდის წვიმა, სულ უფრო მეტი ტერიტორიები გვეტბორება, იმიტომ, რომ არ არის სანიაღვრე სისტემები გამართული და ნავარაუდებია სხვადასხვა მოდელებით, რომ ზოგ შემთხვევაში წყალი შეიძლება აღარ წავიდეს და ბევრი დასახლება უბრალოდ, ზღვაში აღმოჩნდება.

ეს პროცესები დიდი ხანია მიმდინარეობს, უბრალოდ კლიმატის ცვლილება სულ უფრო პრობლემატური ხდება მსოფლიოსთვის და ჩვენ ამას თვალნათლივ ვხედავთ“, – აცხადებს ის.

ჩხობაძის თქმით, ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არსებობს.

„ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არის სანაპირო ზონის მართვის სისტემის დანერგვა. არ უნდა აშენდეს შენობა იქ, სადაც არ შეიძლება მშენებლობა, ნებისმიერი მშენებლობის დაწყებისას კი ჩატარდეს სერიოზული კვლევა. ამ ყველაფერს არ ვაკეთებთ და არ ვფიქრობთ, რა შეიძლება მოჰყვეს. შეიძლება ერთი შეხედვით „უვნებელ“ ადგილზე ვაშენებდეთ, მაგრამ ამან ცუდი შედეგი მოიტანოს ერთ, ორს, სამ, ათ კილომეტრში. ამიტომ ამ ყველაფერს უფრო რთული პრობლემები შეიძლება მოჰყვეს, ვიდრე გვგონია“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.