Ambebi.ge-სა და “პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის “სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია თბილისი “დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი, რომელმაც ჩვენი მკითხველების გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს.
მკითხველი:
– ვინ გირჩიათ და ვინ აღმოაჩინა თქვენში ის უნარი, რომ ფეხბურთის თამაში შეგეძლოთ. თქვენი ოჯახი როგორ შეხვდა ამას?
– ჩემს ბავშვობაში ნებისმიერი ბიჭი ფეხბურთზე გიჟდებოდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ თბილისის “დინამო“ ძალიან პოპულარული გახლდათ. მით უმეტეს, ჩემი ბავშვობის პერიოდში, როცა “დინამო“ 1964 წელს ჩემპიონი გახდა. გუნდში თამაშობდნენ ისეთი უდიდესი ხელოვანები, როგორებიც იყვნენ – მიშა მესხი, სლავა მეტრეველი, შოთა იამანიძე, სერგო კოტრიკაძე, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და კიდევ სხვები… ეს შემადგენლობა “დინამოს“ გულშემატკივარმა ზეპირად იცის. ამის ფონზე, რა თქმა უნდა, იმჟამად ყველა პატარა ბიჭის ოცნება იყო, გამხდარიყო ფეხბურთელი. სხვათა შორის, მე ამაზე დიდად არ ვფიქრობდი, “ნახალოვკაში“ “კინო “საქართველოსთან“ ვიზრდებოდი. იქ მაინცდამაინც არ იყო არც საფეხბურთო სკოლა, არც მინდორი, ვთამაშობდით ეზოში, ჩვეულებრივად ასფალტის საფარზე.
11 წლის ვიყავი, როცა საფეხბურთო სკოლაში მისვლა გადავწყვიტეთ. ეს ასაკი საფეხბურთო სკოლაში მისასვლელად უკვე დაგვიანებულად ითვლებოდა, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ მაინც გვეცადა. წავედით “დინამოს“ სტადიონზე, სადაც, ყოველ კვირას, ბავშვებს ამოწმებდნენ. პირველ კვირას არ მიმიღეს, არც მეორე კვირას, რადგან ჩემი თავი რატომღაც მეკარედ წარმოვადგინე. იმჟამად ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად სერგო კოტრიკაძე მომწონდა, ელეგანტური პიროვნება იყო, კარში დგომა უხდებოდა და მას ვბაძავდი…
მესამე კვირას რომ მივედი, კიდევ მეკარეობა მოვინდომე, იქ ერთ-ერთმა მოზრდილმა ბიჭმა, 16-17 წლის იქნებოდა, – შენ რა მეკარე იქნები, ძალიან პატარა ხარო და ფაქტობრივად სათამაშოდ მინდორზე შემაგდო. თამაში კარგად ვიცოდი, კარგად “ვმატაობდი,“ მოწინააღმდეგეს კარგად ვატყუებდი. თამაში რომ დავიწყე, მაშინვე შემამჩნია “დინამოს“ იმჟამინდელმა სკოლის დირექტორმა, უდიდესმა პიროვნებამ გრიშა გაგუამ. კარგი ბავშვია და რეკომენდაციას ვუწევო. რა გვარი ხარო, – მაშინ ქართლად ვერ ვლაპარაკობდი, ჩვენი უბანი რუსული იყო, ხალხი რუსულად ლაპარაკობდა. თან რუსულ სკოლაში დავდიოდი. ამიტომ რუსულად ვუთხარი ჩემი გვარი. ეზიდი ხარო? – ოსი ვარ-მეთქი. კარგია, ზაურ კალოევია ჩვენთან კარგი ფეხბურთელიო. მოკლედ, მეორე დილით დამიბარა და იქიდან დაიწყო ჩემი მოღვაწეობა ნორჩ “დინამოელში“.
მამაჩემი ფეხბურთის ფანატი იყო. მიშა მესხი უზმოდ უყვარდა. დღე და ღამე მასზე ლაპარაკობდა. ყოველ თამაშზე სტადიონზე დადიოდა და ჯდებოდა იმ მხარეს, სადაც მიშა მესხი თამაშობდა. ამიტომ, როცა გაიგო, “დინამოს“ სკოლაში მიმიღეს, გაუხარდა. იცოდა, როგორ ვთამაშობდი, როგორი მონაცემები მქონდა და ძალიან კარგად მიიღო ეს ყველაფერი.
დავითი:
– ვინ გადაწყვიტა, რომ გუნდში 9 ნომერი ყოფილიყავით?
– თბილისის “დინამოში“ რომ მივედი, 1970 წელი იყო. მაშინ იქ ცხრა ნომრად უდიდესი, ლეგენდა ფეხბურთელი სლავა მეტრეველი თამაშობდა. ის უკვე 35 წლის იყო და ფეხბურთს თავს ანებებდა… თავიდან სათადარიგოებში ვთამაშობდი, ფაქტობრივად, სეზონის ბოლო თამაშები იყო, როცა უკვე ძირითადი გუნდის რეზერვში ვიყავი და ნელ-ნელა ძირითად შემადგენლობაშიც გადავედი… 1971 წლის 12 ნოემბერს სლავას ბოლო თამაში იყო “სპარტაკთან,“ როცა, გუნდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თამაშისთვის თავი უნდა დაენებებინა. მის ბოლო მატჩზე გამოვიდა სლავა მეტრეველი, 2-3 წუთი ითამაშა, მერე მატჩი გაჩერდა, სლავამ გაიხადა თავის 9-ნომრიანი მაისური და გადმომცა.
ნოდო:
– 1981 წლის თბილისის “დინამოს“ გამარჯვება რისი შედეგი იყო?
– ფეხბურთი უდიდესი შრომაა, ფეხბურთელი რა ნიჭიერიც არ უნდა იყოს, თუ არ იშრომა, არაფერი გამოვა. ისე მოხდა, რომ ჩვენს გუნდში ძალიან მაგარი მწვრთნელი, ნოდარ ახალკაცი მოვიდა, სადაც ასევე ძალიან კარგი ფეხბურთელები დახვდა. დახვდა შოთა ხინჩაგაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ფირუზ რეხვიაშვილი, ვიყავი მე და სხვები – როგორც ახალგაზრდები, ისე ძველები – რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა. დანარჩენი ფეხბურთელების სელექცია თვითონ ბატონმა ნოდარმა გააკეთა. მოიყვანა გუნდში: რამაზ შენგელია, თენგიზ სულაქველიძე, თამაზ კოსტავა, ოთარ გაბელია,- ბევრი ფეხბურთელი, რომლებმაც თბილისის “დინამო“ გააძლიერეს. მერე ვთამაშობდით ევროპის ტურნირებში, 1976 წელს უკვე უეფას თასზე ვითამაშეთ, ნელ-ნელა გაიზარდნენ ფეხბურთელები. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიც ძალიან ძლიერი იყო, უძლიერეს გუნდებთან გვიწევდა თამაში. მოვუგეთ “ინტერს,“ “ლივერპულს“. ჰამბურგთან წავაგეთ, მაგრამ ორი ძლიერი თამაში ჩავატარეთ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ თბილისის “დინამოსთან“ გადარჩნენ. 1978 წელს “დინამო“ ჩემპიონი გახდა. საბჭოთა კავშირის თასი ორჯერ ავიღეთ ანუ დადგა ის პერიოდი, რომ რაღაც კარგი უნდა მომხდარიყო. 1981 წელს კი გუნდი უკვე მზად იყო იმისთვის, რომ რაღაც დიდი გაეკეთებინა და ის ეტაპი თასების თასის აღებით დაგვირგვინდა.
თამარი:
– გამარჯვების ბურთის გატანა “კარლ-ცაისთან“ თქვენთვის ემოციურად რას ნიშნავდა? თამაშამდე რა განწყობა გქონდათ და ფიქრობდით, რომ გოლს გაიტანდით?
– სხვათა შორის, ბევრი ნაძლევი მქონდა მოგებული, მაგ პერიოდში მოდიოდნენ გულშემატკივრები და მეუბნებოდნენ, ამ თამაშზე თუ გოლს შეაგდებ, ამდენ თანხას გადაგიხდითო. თუ წავაგებდი, მაშინ რაღაც საჩუქარი მე უნდა ჩამომეტანა უცხოეთიდან, როცა სათამაშოდ წავიდოდი. ერთხელ დავნაძლევდი და შევაგდე, ბაქოს “ნევჩისთნ“ დავნაძლევდი და შევაგდე, ტაშკენტის “პახტაკორთან“ შევაგდე, “ლივერპულთანაც“ ნაძლევი იყო და შევაგდე… “კარლ-ცაისთან“ სათამაშოდ რომ მივდიოდით, წინა დღეს ედუარდ შევარდნაძე ბაზაზე მოვიდა, მაშინ საქართველოს ცეკას პირველი მდივანი იყო. ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი გახლდათ. გუნდს შეგვხვდა, დაგველაპარაკა, წარმატება გვისურვა და რომ მიდიოდა, დამიძახა. ბიჭები მეუბნებიან (ცეკას თანამშრომლებს, კოლეგებს გულისხმობდა) ეგ რასაც იტყვის, იმას აკეთებს და ახლა რას იზამო? გულახდილად გეტყვით, პირდაპირ ვუთხარი, – ბატონო ედუარდ, ბევრს არ შეგპირდებით, მაგრამ ერთ გოლს გავიტან-მეთქი და გავიტანე…
რაც შეეხება ემოციებს, იმ მომენტში ზედმეტია, 1:0-ს ვაგებდით და მთელი გუნდი ვცდილობთ, რომ ანგარიში გაგვეთანაბრებინა. გოლი რომ შევაგდე, ვიგრძენი, რომ სიტუაციამ იმის შანსი მოგვცა, რომ ყველაფერი თავიდან დაგვეწყო და როგორ განვითარდა მოვლენები, ეს ყველამ იცით. უმაგრესი ემოციები უკვე თამაშის შემდეგ იყო. თასი რომ გვეჭირა ხელში და მედალი გვქონდა, ეს ისეთი სიხარული იყო, ენით აღუწერელი. თან, რომ ვიცოდით, თბილისში იმ დროს რა ხდებოდა.
მიშა:
– მწვრთნელები, როგორც ჩანს, გაფასებდნენ. გაიხსენეთ ისინი, ვინც თქვენს კარიერაში დიდი როლი შეასრულეს?
– გრიშა გაგუაზე ხომ გითხარით, მაგრამ მან ჩემთვის კიდევ დასამახსოვრებელი ის გააკეთა, რომ “ნორჩ დინამოელში“ 2-3 ვარჯიშის შემდეგ დამიძახა, ხელი მომკიდა და მარჯვენა გარემარბის ადგილას დამაყენა. ეს არის შენი ადგილი და აქედან ფეხი არ მოიცვალო, ვინც არ უნდა გითხრასო. მიმაჩნია, რომ მან ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა. მერე 2 წელი ვოვა ელოშვილთან გადავედი. ეს იყო ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლა, 2 წელი მასთან ვთამაშობდი, უდიდესი მწვრთნელი გახლდათ. შეხედავდა პატარა ბიჭს და იტყოდა ამისგან ფეხბურთელი დადგებაო. მისი მოსწავლეები და არა ერთი, ცნობილი და მაღალი კლასის ფეხბურთელები გახდნენ… გივი ჩოხელმა თბილისის “დინამოს“ მწვრთნელმა 1970 წელს “დინამოს“ დუბლებში მიმიწვია. ფაქტობრივად, მან მიმიღო. არ შეიძლება არ გავიხსენო გავრილ კაჩალინი, უდიდესი მწვრთნელი, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. ფაქტობრივად, 18 წლის ბავშვს მენდო და ჩემს ცხოვრებაში იყო ნოდარ ახალკაცი.
გული მწყდება, რომ საქართველოში ნოდარ ახალკაცის დამსახურებისთვის, მის პატივსაცემად, არაფერია გაკეთებული, მისი ბიუსტიც კი არსად დგას, ან რაიმე მსგავსი… უდიდესი დამსახურების ადამიანია. ფაქტობრივად, საქართველოსა და ევროპის ფეხბურთში რევოლუცია მოაწყო. თბილისისა და საქართველოს რაიონებიდან მოყვანილ ნიჭიერ ახალგაზრდებს დუბლებში ზრდიდა, როლებიც მერე ძირითად შემადგენლობაში თამაშობდნენ. ეს მძიმე და შრომატევადი პროცესი იყო. ამას დანახვა და დაფასება უნდა. ჩემი აზრით, ბატონ ნოდარს სათანადო დაფასება არ აქვს, არადა, იმსახურებს.
ზვიადი:
– გარდაცვლილი თანაგუნდელები – ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია და დავით ყიფიანი – მოედანზე თქვენი პარტნიორები იყვნენ – ცხოვრებაში როგორი ურთიერთობა გქონდათ მათთან?
– ყველასთან პოზიტიურ ნოტაზე ვიყავი, რამაზ შენგელია და ვიტალი დარასელია ჩემზე უმცროსები იყვნენ. დათო ყიფიანი ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო და ერთმანეთს უფრო ვუგებდით. ორივე წინ ვთამაშობდით და ერთმანეთთან მეტი კომუნიკაცია გვქონდა, რომ ამა თუ იმ მომენტში მინდორზე როგორ მოვქცეულიყავით. ერთად მოვხვდით ახალგაზრდულ ნაკრებშიც. მერე პირველ ნაკრებში.
ისიც მინდა, გითხრათ, რომ ვიტალი დარასელიას ცოლი რომ მოჰყავდა, ჩემთან მოვიდა, 5000 მანეთი მასესხე და ქორწილის შემდეგ დაგიბრუნებო. ფული მანქანისთვის მქონდა გადადებული, უნდა მეყიდა და მივეცი. იმითაც ვამაყობ, რომ ჩემი ფულით დაქორწინდა. ბედნიერი ოჯახი შექმნა, სამწუხაროა, რომ ბოლომდე ვერ ისიამოვნა ამ ოჯახით, მაგრამ ცხოვრებაა და რას იზამ?!
გუგა:
– ვინ იყო თქვენი ფავორიტი ფეხბურთელი “დინამოს“ შემადგენლობაში, როცა “დინამოში“ თამაშობდით?
– ნებისმიერი ფეხბურთელი ვინც კი თბილისის “დინამოში“ თამაშობდა, ოთარ გაბელიათი დაწყებული, რამაზ შენგელიათი დასრულებული, ჩემთვის ყველა ფავორიტი იყო. ის სხვა ამბავია, რომ თავდამსხმელი ვიყავი და ჩემ გვერდით უფრო რამაზ შენგელია და დათო ყიფიანი იყვნენ, ცოტა ნაკლებად თენგიზ სულაქველიძე. მინდორზე მათთან უფრო საქმე საქმე და ამიტომ მათთან ცოტა სხვა დამოკიდებულება მქონდა. ყველა დიდი ფეხბურთელი და ვარსკვლავი იყო – ყველას პატივს ვცემ…
რეალისტი:
– “რეალმა“ რომ მოგითხოვათ, როგორ ფიქრობთ, თქვენი რა მოეწონათ და “დინამოს“ ხელმძღვანელობა იმ წინადადებას რომ დათანხმებოდა, როგორ იქნებოდა, თქვენი საფეხბურთო კარიერა?
– კი არ დათანხმდა, ვერ დათანხმდა, იმიტომ, რომ იმ პერიოდში არ იყო ასეთი ცნება – საბჭოთა კავშირიდან ფეხბურთელი გაეყიდათ. იმ სისტემაში ამაზე ფიქრი დანაშაული იყო. ამიტომ, “რეალის“ პრეზიდენტი თავისი თანმხლები პირებით რომ მოვიდა და ეს ტრანსფერი “დინამოს“ ხელმძღვანელებს შესთავაზა, რა თქმა უნდა, ამაზე უარი იქნებოდა, მაგრამ რა ფორმით უნდა ეთქვათ უარი, ესეც საფიქრალი იყო. პირდაპირ ვერ ეტყოდნენ, რომ ჩვენთან ფეხბურთელის გაყიდვა არ შეიძლება. უთხრეს, რომ ვლადიმერ გუცაევი საქართველოში, თბილისში ბედნიერიაო… მართლა ბედნიერი ვიყავი, ვთამაშობდი საუკეთესო გუნდში, ვიყავი ძირითადი, წამყვანი ფეხბურთელი, რაც უდიდესი სიამოვნება იყო. ტყუილი კი არ იყო… ასევე უთხრეს, რომ სამოთახიანი ბინა მქონდა და “ვოლგა“. ბინა გაიგეს, მაგრამ სამოთახიანი ბინით როგორ გააკვირვებდი “რეალ მადრიდის“ პრეზიდენტს?! სასაცილოა. აი, “ვოლგას“ ვერ მიხვდნენ და მერე აუხსნეს, რომ “ვოლგა“ მსუბუქი ავტომანქანა იყო. მათ ეგონათ, რომ მდინარე ვოლგის რაღაც ნაწილის, 2-3 კილომეტრი მქონდა ნაყიდი და მისი მფლობელი ვიყავი.
“დინამოს“ სტაჟიანი გულშემატკივარი:
– 18 წლის რომ იყოთ, რას შეცვლიდი ფეხბურთისადმი თქვენს მიდგომაში?
– ფეხბურთს 45-50 წლის წინ ვთამაშობდი. მაშინ სხვა დონის მიდგომა იყო და არა ისე, როგორც ახლაა. ჩვენს ფეხბურთელებს უდიდეს გუნდებში უწევთ თამაში. ჩვენ უფრო ზერელედ ვუყურებდით, დღეში 2 საათს ვვარჯიშობდით. ეს მიდგომები რომ ყოფილიყო, ალბათ 4-5 საათს ვივარჯიშებდით. დღევანდელი ფეხბურთელი ამდენს და მეტ დროსაც უთმობს თავისი ტექნიკის დახვეწას, ფიზიკურ მომზადების ხარისხის ამაღლებას. ასე რომ ყოფილიყო, მეც შევცვლიდი რაღაცებს.
თემო:
– ვფიქრობ, რომ კუთხურების დიდოსტატი იყავით და ამის მასტერკლასი გაქვთ ჩასატარებელი. რას იტყვით?
– ალბათ პენალტებს გულისხმობთ. კუთხურს ნებისმიერი ფეხბურთელი აწვდის, მაგრამ ნებისმიერი ფეხბურთელი პენალტს ვერ აკეთებს. ამაში დიდი გამოცდილება მაქვს. სამწუხარო ისაა, რომ ამას ვერ ასწავლი, ეს უნდა თვითონ ფეხბურთელში იყოს. უნდა ჰქონდეს ისეთი თვისებები, როგორიც სისწრაფეა, დრიბლინგი, საჯარიმოში ხშირად შესვლა. ზოგი თავით ურტყამს, მე ამას ისე ვერასდროს ვიზამდი, როგორც ამას რამაზ შენგელია აკეთებდა, როგორც ის აგდებდა გოლებს, მანამდე კი – ზაურ კალოევი. ცნობილი თავით მოთამაშე იყო. ეს ინდივიდუალური ნიჭია. ის თვისებები, რაც დავასახელე, თუ არ გაქვს, იმ თერთმეტმეტრიანებს ვერ “აიკიდებ“, რაც მე, თავის დროზე, “ავიკიდე“. დათვლილია, რომ მოპოვებული მაქვს 34 პენალტი, მეორე ადგილზეა რამაზ შენგელია, რომლის ანგარიშზე 14 პენალტია და მერე დანარჩენები მოჰყვებიან. ეს ღმერთისგან მოცემული რაღაც ექატრა-კოზირია.
დიმა:
– მოდანზე მიღებულ რომელიმე ტრავმას ხომ არ გაიხსენებთ, რომელმაც რაიმე თამაშს ჩამოგარჩინათ?
– თამაში კი არა, მთლიანად სეზონი დავკარგე. ეს იყო 1980 წელი, არგენტინაში მოსამზადებლად ვიყავით, 6 გუნდს ვეთამაშეთ და დიდი პლუსებით, ლიცენზიებით წამოვედით. არგენტინის ჟურნალისტები გაგიჟებულები იყვენენ, ეს რა გუნდი ყოფილაო?! ჩამოვედით, მშვენიერ ფორმაში, სეზონი დაიწყო და მეორე თუ მესამე თამაშზე მოსკოვის “დინამოსთან“ ნოვიკოვმა პირველ ტაიმში მუხლი დამიზიანა. გულშემატკივარმა იცის, მოსკოვის “დინამოს“ ისეთი მცველები ჰყავდა, მთელი საბჭოთა კავშირის გუნდები მაგათ მკვლელებს ეძახდნენ… მთელი წელი გამიცდა…
თემო:
– ახლა იმ ასაკში რომ იყოთ და ფეხბურთის თამაშს იწყებდეთ, რომელ ევროპულ გუნდს აირჩევდით და რატომ?
– მსოფლიოში არის გუნდები, სადაც ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებდა, რომ ეთამაშა. ეს არის “რეალ-მადრიდი,“ “ბარსელონა“ და ახლა – “პსჟ“. რა თქმა უნდა, ვინატრებდი და მქონდა კიდევაც რეალური შანსი, რომ “რეალ-მადრიდში“ მეთამაშა. ასე იყო და ახლაც ასეა, ამას რატომ გადავთქვამ?!. თუმცა მსოფლიოში ბევრი ლიდერი გუნდია, მაგრამ ჩემი, როგორც ფეხბურთელის, ოცნება “რეალ-მადრიდში“ თამაშია.
ნანა:
– ოჯახზე რას გვეტყვით – გაგვაცანით თქვენი ოჯახი.
– მყავს მშვენიერი მეუღლე – თეიკო ამურველაშვილი, რომელიც ძალიან მიყვარს და მეც ძალიან ვუყვარვარ. უკვე 38 წელია ერთად ვართ. მყავს 2 ბიჭი – 35 და 29 წლის. უფროსი ინგლისში ცხოვრობს, იქაური მოქალაქეა, იქ მუშაობს, თავის მეუღელესთან ერთად. უმცროსი უცოლოა, ჩვენთან ცხოვრობს. ორივეს უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული, განათლებული ბიჭები არიან და ვიცი, რომ თავის გზას ყოველთვის მონახავენ. ამით, რა თქმა უნდა, ვამაყობ.
მადლობა, რომ ასეთი ლამაზი და საინტერესო კითხვები დამისვით, როგორც შევძელი გიპასუხეთ. ერთი რამ მინდა გთხოვოთ, ცოტა აცალეთ ჩვენს ფეხბურთელებს, ნიჭიერი ბიჭები არიან, კარგ კლუბებში თამაშობენ და კიდევ მეტად გაიზრდებიან, დაიხვეწებიან, მწვრთნელებსაც ვაცალოთ. დიდი შრომა აქვთ და დიდი სიხარული მოუტანეს საქართველოს გულშემატკივარს. იმედი მაქვს, კიდევ გააგრძელებენ ამ სიხარულის მოტანას. ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს და ჩვენს კლუბებს…













