„შუა დერეფნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ვაგონების დეფიციტი რჩება“ – რა არის გამოსავალი

შუა დერეფნის მიმზიდველობა საქართველოში სატვირთო ვაგონების პარკის სისტემურ განახლებას და მასში კერძო სექტორის ჩართვას უნდა ემყარებოდეს. ამის შესახებ პუბლიკაციას „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ აქვეყნებს.

როგორც TCRC-ს მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში ვკითხულობთ, საქართველოს „ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია 2023–2030“, მსოფლიო ბანკის, ADB-ის, CAREC-ის ანგარიშები, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო თუ რეგიონული კვლევები, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენელთა შეფასებები, ცალსახად ამ საჭიროებაზე მიუთითებენ.

ამასთან, როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ შუა დერეფნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ვაგონების დეფიციტი რჩება. ხოლო კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ პარკის არასაკმარისი მოცულობა და ხარისხი ზღუდავს დერეფნის კონკურენტუნარიანობას, ზრდის სატრანზიტო დროს და ამცირებს ლოგისტიკური ჯაჭვის საერთო ეფექტიანობას.

„1520 მმ-იან სივრცეში 2024 წლის აღწერის მიხედვით მთლიანობაში 1 572 237 ერთეული სატვირთო ვაგონია გაერთიანებული, მათ შორის ინვენტარულია 114 621 ერთეული (13.3%), ხოლო კერძო – 6 457 616 ერთეული (92.7%). ნათელია, რომ ინვენტარულ და კერძო პარკს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი არსებობს.

ხაზგასასმელია საქართველოს პოზიციონირება, რომლის ინვენტარული ფლოტი 6737 ერთეულს შეადგენს და საერთო ფლოტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ეს ყოველივე მიუთითებს, რომ საქართველოში კვლავ ძლიერად არის წარმოდგენილი სახელმწიფოებრივად მართული მოდელი, რომელიც ინვენტარულ პარკს განიხილავს როგორც ოპერირების ძირითად რესურსს.

კერძო პარკის მოცულობის ანალიზი ეკონომიკური მოდელების მრავალფეროვნებასა და სექტორში კონკურენციის დონეს ნათლად ასახავს. რუსეთი ფლობს 1.27 მილიონ კერძო ვაგონს, რაც მისი ფლოტის სტრუქტურას გამოკვეთილად საბაზრო ხასიათს ანიჭებს. ყაზახეთის 137 ათასი კერძო ვაგონი ასახავს მის ძლიერ ლიბერალიზებულ სისტემას და კერძო ოპერატორების აქტიურ როლს.

საქართველო მხოლოდ 1126 კერძო ვაგონს ფლობს, რაც საერთო პარკთან მიმართებით დაბალი მაჩვენებელია და მიუთითებს კერძო სექტორის არასაკმარისად განვითარებულ ჩართულობაზე“,- აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ანალიზის მიხედვით, ქვეყნები, სადაც კერძო ფლოტი დომინირებს, ხასიათდებიან უფრო მოქნილი, კონკურენტული და ბაზარზე ორიენტირებული ოპერირების სისტემით, მაშინ როდესაც ინვენტარულ პარკზე დამყარებული ქვეყნები დიდწილად მუშაობენ ტრადიციულ, სახელმწიფოებრივად მართვად ჩარჩოებში.

„კერძო ვაგონების ფლობის არსებობა ხელს შეუწყობს სარკინიგზო ქსელის ოპტიმიზაციას, უზრუნველყოფს უფრო მოქნილ სატვირთო მომსახურებას. კერძო ოპერატორები ხშირად ინვესტირებენ ახალ ტექნოლოგიებსა და ციფრულ პლატფორმებში, მართავენ პარკს, აუმჯობესებენ ლოგისტიკას და ზრდიან ოპერაციულ ეფექტიანობას.

ევროპული პრაქტიკის გამოცდილების საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა, რომ სს „საქართველოს რკინიგზას“ გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსები სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და ახალი მაგისტრალური ლოკომოტივების შესაძენად მიემართა“,- ვკითხულობთ ანალიზში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ კვლევაში შემდეგნაირად არის წარმოდგენილი:

„პოლიტიკის შემუშავება – სავაგონე პარკის შექმნაში კერძო სექტორის როლის გასაძლიერებლად რეკომენდებულია კერძო ვაგონების მფლობელობის სტიმულირებისთვის სპეციალური სახელმწიფო ან საერთაშორისო პროგრამების შექმნა. ერთ-ერთ შემოთავაზებად შეიძლება განხილული იყოს საქართველოს სარკინიგზო ქსელზე კერძო ვაგონების გადაადგილებისას უფრო მაღალი ფასდაკლების დაწესება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში კერძო ვაგონების გადაადგილების 15%-იანი ფასდაკლება მნიშვნელოვნად ნაკლებია იმ 30%-იანი ფასდაკლებისგან, რაც გამოიყენება თუნდაც ყაზახეთში.

ფინანსური მხარდაჭერა – ინტენსიური მუშაობა უნდა გაგრძელდეს ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან, რათა შეიქმნას კონკრეტული ფინანსური პროგრამები/პროდუქტები, რომლებიც უზრუნველყოფს მიზნობრივ დაბალპროცენტიან სესხებს და/ან გრანტებს. ეს საბოლოოდ გაამარტივებს ვაგონების შეძენის პროცესს კერძო სექტორისთვის. ბაზარზე უნდა არსებობდეს მისაღები პირობებით ვაგონების შესყიდვის ფინანსური მექანიზმები – ლიზინგი/იჯარა.

არასამთავრობო სარკინიგზო საზოგადოების შექმნა – სექტორული არასამთავრობო საზოგადოების შექმნა (მაგალითად, სატრანსპორტო ასოციაცია) ხელს შეუწყობს თანამშრომლობას და გააუმჯობესებს დაინტერესებული მხარეების კომუნიკაციას. ეს საზოგადოება ასევე შეიძლება ჩაერთოს ინვესტიციების მოზიდვაში ვაგონების პარკის შესაძენად, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის და საერთაშორისო პარტნიორობების გაღრმავებისთვის. სარკინიგზო საზოგადოების შექმნა არა მხოლოდ კერძო სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ მნიშვნელოვნად განავითარებს ქვეყნის მთელი სარკინიგზო სისტემის მოდერნიზაციას.

საზოგადოება შეიმუშავებს საინფორმაციო ქსელს, რომელიც იმუშავებს როგორც პლატფორმა სიახლეების, გამოწვევებისა და განვითარების გზების გასაზიარებლად. ის ასევე შეიმუშავებს რეკომენდაციებს და მხარს დაუჭერს ცვლილებებს სექტორის მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესების მიზნით.

კოორდინირებული საქმიანობის მეშვეობით აღნიშნული საზოგადოება ვაგონების პარკის შესაძენად, არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით და ახალი პროექტების გაშვებისათვის ინვესტიციებს მოიზიდავს“,- აღნიშნულია ანალიზში.