ზანგეზურის დერეფნის მშენებლობა 2030 წლისთვის დასრულდება – აზერბაიჯანული მედია

ზანგეზურის დერეფნის მშენებლობა 2030 წლისთვის დასრულდება – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აღნიშნული თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ტელეარხ CNN Türk-ის ეთერშიც დაადასტურა.

მისი თქმით, თურქეთი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ამ ეტაპზე მათ არ შეუძლიათ იმდენი ტვირთის გადაზიდვა, რამდენიც სურთ.

„თურქეთი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ არ შეგვიძლია იმდენი ტვირთის გადაზიდვა, რამდენიც გვსურს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ვზრდით ჩვენს გამტარუნარიანობას ამ ტერიტორიაზე, ჩვენ ამას მივაღწიეთ ბაქოს, თბილისსა და კასპიის ზღვაზე გამავალი მარშრუტებით. თუმცა, ზანგეზურის დერეფანი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდაში“, – აღნიშნა მან.

ზანგეზურის დერეფანი, იგივე „ტრამპის მარშრუტი“ საერთო ჯამში 42-კილომეტრია. აღნიშნული სატრანსპორტო საკომუნიკაციო სისტემა სამხრეთ სომხეთში, სიუნიქის რეგიონში გაივლის. პროექტის მთავარი მიზანი აზერბაიჯანსა და მის ანკლავ ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქს შორის სატრანსპორტო კავშირების განბლოკვაა. თავის მხრივ, სომხეთი შეინარჩუნებს სუვერენიტეტს თავის ტერიტორიაზე, თუმცა შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ მარშრუტის მმართველი კერძო ამერიკული კომპანია იქნება.

შეგაგნებინებთ, რომ 8 აგვისტოს, ვაშინგტონში სომხეთის, აშშ-ისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ. დოკუმენტის თანახმად, სომხეთი შეერთებულ შტატებს 99 წლით ექსკლუზიურ გრძელვადიან უფლებებს სომხური კანონმდებლობის ფარგლებში ანიჭებს იმ მარშრუტის განვითარებისთვის, რომლითაც აზერბაიჯანი ნახიჩევანთან სახმელეთო კავშირის დამყარებას შეძლებს. ამერიკული მხარე მიწის ქვეიჯარით გაცემას კონსორციუმზე გეგმავს, რომელიც ინფრასტრუქტურასა და მართვაზე იქნება პასუხისმგებელი.

აღსანიშნავია, რომ „ტრამპის მარშრუტის“ მშენებლობის დაწყების სავარაუდო თარიღად მხარეებმა 2026 წლის მეორე ნახევარი დაასახელეს.