შეგახსენებთ, 23 ნოემბერს ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი – თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები – მოყვნენ ჩამოშლილი მასის ქვეშ. შედეგად, 4 პირი გარდაიცვალა.
ალექსანდრე თვალჭრელიძემ ისაუბრა მშენებლობის ნაწილში უსაფრთხოების მიმართულებაზეც და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს შრომის უსაფრთხოების დოკუმენტი, რომელიც იქნება დეტალური და 21-ე საუკუნესა და საქართველოს მდებარეობაზე მორგებული.
„ყველაზე პარადოქსული გახლავთ ის, რომ ქაღალდზე გაწერილი წესები არ არსებობს. ჩვენ კი ვსაუბრობთ მუდმივად შრომის უსაფრთხოებაზე, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო სტანდარტი, რომელიც მორგებული იქნება ჩვენს რეალობასთან და საქართველოს გეო-დინამიკასთან, არ არსებობს. არსებობს ევროპული ზოგადი პრინციპები და ამის პარალელურად ძველი რუსული „გოსპები“, რომლებიც საქართველოს რელიეფისა და გეოდინამიკური ვითარებიდან გამომდინარე კი არ მუშავდებოდა, არამედ რუსეთის გეოდინამიკის გათვალისწინებით იქმნებოდა. არსებობს არაპირდაპირი მითითებები, შრომის უსაფრთხოების ნორმები, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, მაგრამ იქ არის ძალიან ზოგადი დებულებები, რომ ჩაფხუტი უნდა გაიკეთო, უსაფრთხოდ უნდა აწარმოო სამუშაოები და ა.შ. მაგრამ, მაგალითად როგორი უნდა იყოს უსაფრთხო ზონა, ეს გაწერილი არ არის. ნებისმიერ ნორმალურ პროექტს თან უნდა ახლდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რათა შერბილება მაინც მოხდეს ზემოქმედების. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამშენებლო სამუშაოს არავითარი გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ მოჰყოლია.
ჩვენ არ გვაქვს კანონით გაწერილი რეალური სახელმწიფო უწყება, რომელიც ამ ტიპის უსაფრთხოებას შეამოწმებს, შეაჩერებს არასწორად მიმდინარე სამუშაოებს და ა.შ. საქმე ისაა, რომ დღეს კაციშვილმა არ იცის, ვინ არის პასუხისმგებელი პირი. პროფესიონალები არ მართავენ დარგებს. რომ გადახედოთ გარემოსთან დაკავშირებულ სააგენტოებს და მათი ხელმძღვანელების რეზიუმეს, ნახავთ რომ ისინი პროფესიასთან კავშირში არ არიან. არ დარჩა საქართველოში ნორმალური კადრი.
როცა ქართველი სპეციალისტები გეგმავდნენ სამუშაოებს, ასეთი ტიპის მოვლენები პრაქტიკულად არ არსებობს. სამხედრო გზაზე გინახავთ თქვენ ისეთი ინციდენტები, რომ ხალხი დაღუპულიყო? ან რაჭაში რაც მოხდა იმის მსგავსი თუ გინახავთ? ადრე არავინ არ მისცემდა უფლებას, რომ მდინარის კალაპოტში სასტუმრო აშენებულიყო. ახლა უკვე აღარ არის აბსოლუტურად განმწესებული არც უწყება, რომელიც ამას მიხედავს და არც პიროვნება. ეს ახალისებს დაუსჯელობის სინდრომს, მით უმეტეს ასეთი ტიპის სუბკონტრაქტორთან, რომლისთვისაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ფულადი იმპერატივი, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. ასე იქნება მანამ, სანამ მთლიანად არ შევცვლით მანკიერ სისტემას და დავამკვიდრებთ საქართველოში 21-ე საუკუნის მონიტორინგს. ადამიანის ნებისმიერი სერიოზული ზემოქმედება გარემოზე უნდა შეფასდეს პროფესიულად.
რამდენიმე დღე გავიდა ტრაგედიიდან და ვიძახით, რომ სავარაუდოდ ჩამოიშალა მიწის მასა. დღემდე არ ვიცით რა მოხდა რეალურად. რაჭის ინციდენტის შემდეგ რამე ახალი გავიგეთ? მიმდინარეობს გამოძიებაო, რამდენი ხანი მიმდინარეობს? არაფერი ახალი ჩვენ არ ვიცით, გარდა იმისა, რაც იმ დღეებში გასაჯაროვდა. მიწის მასა ჯადოსნური ჯოხის ერთი მოქნევით არ იშლება. მიწის მასა რომ ჩამოიშალოს, უნდა დაგროვდეს კრიტიკული მასა, უნდა შეუმცირდეს ქანთა შეჭიდულობა და შემდეგ ჩამოიშლება. ამას სჭირდება მონიტორინგი, 5-7 დღით ადრე პროფესიონალს უნდა სცოდნოდა, რომ არსებობს ამ მიწის ჩამოშლის რისკი, მას უნდა შეეფასებინა მოცულობა, სად დაეცემა ეს მიწის მასა, როდის მოხდება ეს და სხვა. არსებობს პრევენციული ღონისძიებები, მაგალითად მიწის მასის წინმსწრები აფეთქება რომ უსაფრთხოდ ჩამოშლილიყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პროფესიონალიზმის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ალექსანდრე თვალჭრელიძემ.
Бета-функция

