“ევროპულსმა” 10 საოცარი სამეცნიერო ფაქტი შეაჯამა, რომელიც 2025 წელს გახდა ცნობილი. ესენია:
აგვისტოში ევროპელმა მეცნიერებმა სამყაროს წარმოშობის ფუნდამენტურად ახალი თეორია შეიმუშავეს. ისინი ამტკიცებენ, რომ სამყარო სივრცე-დროის ტალღებიდან წარმოიშვა. სწორედ ეს ტალღები მატერიის სიმკვრივის განსხვავებებს ქმნის. ასე წარმოიქმნა ვარსკვლავები, გალაქტიკები და კოსმოსში არსებული სხვა დიდი ობიექტები.
მარტში ევროპელი მეცნიერების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ბუნება, თუნდაც მხოლოდ ვიდეოზე ყურებით, ტკივილგამაყუჩებელია. პეიზაჟების ხუთწუთიანი ვიდეოების ყურება ამცირებს ტკივილის ინტენსივობას, რადგან ბუნება ეკრანზეც კი „ამშვიდებს“ ტვინის იმ უბნების აქტივობას, რომლებიც ტკივილის სიგნალების გადაცემაზე არიან პასუხისმგებელი.
2025 წლის დეკემბერში გავრცელებული ინფორმაციით, ანტიკური სპარტის, ასევე, ძველი საბერძნეთისა და რომის სხვა ქალაქების მცხოვრებლები განვითარების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოხუცებსა და ჩვილებს თავიდან არ იშორებდნენ, რა ჰიპოთეზაც მანამდე არსებობდა. პირიქით, ისინი მოხუცებზე ზრუნავდნენ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს მიწისძვრებისა და სხვა კატაკლიზმებისგან თავის დაღწევაში ეხმარებოდნენ, ხოლო თანდაყოლილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს ჩვეულებრივ ბავშვებად ზრდიდნენ.
ნოემბერში ესპანელი მეცნიერები გამაფრთხილებელი განცხადებით გამოვიდნენ, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვირუსული ვიდეოები, სადაც მეგობრული გარეული ცხოველებია გადაღებული, შესაძლოა, საფრთხის შემცველი, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის იყოს. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოები, სადაც, მაგალითად, ენოტები ბატუტზე ხტუნაობენ ან დათვი გაბრაზებულ შინაურ კატას გაურბის, რეალურისგან ძნელად განსხვავდება. ამის გამო ბავშვები მტაცებლებთან შეხვედრის საფრთხეს ვერ აღიქვამენ, მაშინ, როცა ერთი შეხედვით მშვიდობიანი ენოტიც კი შესაძლოა, საშიში იყოს.
სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ კოღოები ლუდით ნასვამ ადამიანებს უფრო მიმზიდველად მიიჩნევენ. ისინი ერთნახევარჯერ უფრო მეტად კბენენ მათ, ვინც ბოლო 12 საათის განმავლობაში ლუდი დალია. თუმცა დილის შხაპის გამოტოვება და მზისგან დამცავი კრემის გამოყენება ამ შემაწუხებელ მწერებს აფრთხობს. ნიდერლანდელი მეცნიერები არკვევენ, თუ რატომ მოსწონთ კოღოებს ლუდი.
ნოემბერში ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ასტრონავტებისთვის საკვები შესაძლოა, პირდაპირ კოსმოსში ნახშირორჟანგისგან, წყლისგან და შარდისგან დამზადდეს. საწარმოო ტექნოლოგიის მიხედვით, სპეციალური ბაქტერიების მიერ ეს „ინგრედიენტები“ საკვებ ცილად გადაიქცევა. თუ ევროპის კოსმოსური სააგენტო ამას წარმატებით შეძლებს, ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემა გადაილახება, როგორიც არის ასტრონავტების გამოკვება მთვარეზე, მარსზე ან კიდევ უფრო შორს მათი გაგზავნის შემთხვევაში.
აგვისტოში ესპანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სიცილი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. კერძოდ, სიცილის თერაპია ამცირებს შფოთვას და კეთილდღეობის განცდას ხელს უწყობს. ის, ასევე, ადამიანს ნეგატიურ ემოციებთან გამკლავებასა და თავის ცხოვრებაზე კონტროლის შეგრძნების მოპოვებაში ეხმარება. სიცილის თერაპიისთვის მეგობრებთან ერთად შეკრება და, უბრალოდ, გართობა საკმარისია.
დეკემბერში გაირკვა, რომ შუა საუკუნეების შავი ჭირის ეპიდემია, რომელიც მე-14 საუკუნის ევროპაში „შავი სიკვდილის“ სახელით იყო ცნობილი, ვულკანური ამოფრქვევების გამო დაიწყო. ვულკანური ფერფლისა და გაზების მიერ შექმნილმა ნისლმა ხმელთაშუა ზღვის მთელ რეგიონში მოსავალი გააფუჭა, რის გამოც არასრულფასოვანი კვებით დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები შავი ჭირის წინააღმდეგ უძლური აღოჩნდნენ.
მარტში გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინიეს, რომ ადამიანის ცემინების ვიდეო იმუნურ სისტემას აძლიერებს, რადგან ის ორგანიზმის დამცავ მექანიზმს “რთავს.” შედეგად, ტვინი და იმუნური სისტემა ინფექციასთან საბრძოლველად მზადებას დაავადების დაწყებამდეც კი იწყებს.
ნოემბერში ევროპის რესპირატორული საზოგადოების მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ძაღლებთან ერთად გაზრდილი ბავშვები ალერგიული ასთმის განვითარებისკენ გაცილებით ნაკლებად არიან მიდრეკილი. ეს ძაღლის ნერწყვსა და კანზე არსებული ალერგენებით არის განპირობებული. შედეგად, იმუნური სისტემა ადრეულ ასაკშივე მუდმივ ვარჯიშს გადის და ალერგიას უკეთ უმკლავდება. თუმცა კატები ამ მხრივ გამოუსადეგარი არიან და მათი ალერგენები ვარჯიშისთვის უსარგებლოა.

