ირანელი წვრილვაჭრების პროტესტი, რომელსაც ობიექტური სოციალურ-ეკონომიკური მიზეზები აქვს, გადაიზარდა ქაოტურ ანტისახელმწიფოებრივ პროტესტში, ტრადიციული საპროტესტო ელექტორატის მონაწილეობით, რომელიც რეგულარულად ჯანყდება და რეგულარულად მარცხდება ბოლო 45 წლის მანძილზე. ბუნტის გეოგრაფია ფართოა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ პროტესტზე გამოსული ხალხის რაოდენობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.
ვნებათაღელვის გასაძლიერებლად, ბრიტანული დაზვერვა, რომელმაც ნორმად დაამკვიდრა მასმედიაში ოფიციალურად ჭორების გაშვება, მორიგი ფაბრიკაციის გავრცელებით დაკავდა, თითქოს 86 წლის აიათოლა ალი-აკბარ ხამენეი მოსკოვში გაქცევის გეგმას ამზადებს, თავისი ამალით. ეს ძალიან გაცვეთილი “უტკაა”, ფარცხანაყანელი “ნუკრიას” დონეზე. საერთო ჯამში, აშკარაა, რომ გარე ძალები ქაოსის მართვას ცდილობენ და სათავისოდ შემობრუნებას.
ვითარება ირანის ხელისუფლებისთვის და რევოლუციის საფუძვლებისთვის მართლაც საშიშია, რასაც საგარეო ფაქტორები უწყობს ხელს:
– უმნიშვნელოვანესი მარცხი სირიაში (ასადის დამხობა);
– ჰისბოლას და ჰამასის უკიდურესი დასუსტება ლივანსა და, შესაბამისად, პალესტინა-ღაზაში;
– რუსეთის დაკავებულობა უკრაინაში და ჩინეთის ტრადიციული პასიურობა.
პროგნოზს მე ვერ გავაკეთებ, მხოლოდ ვვარაუდობ, რომ მიღწეულია მომენტი, როდესაც ხელისუფლებას შეუძლია, გარდატეხა შეიტანოს ბუნტის ჩასახშობად და შეიარაღებული ბრბო ( = უცხოური აგენტურა) ყველა მიმართულებით, მეთოდურად გაანადგუროს. შეძლებს თუ არა პირველი ნაბიჯის გადადგმას ამ მხრივ – უახლოეს დღეებში გამოჩნდება.
მე სულ სხვა კუთხით მინდა, ვითარებას შევხედოთ და გავითვალისწინოთ: ირანი არის ყველაზე სტაბილური ბასტიონი მსოფლიოში, გლობალიზმის წინააღმდეგ მიმართული. სიონიზმთან და აშშ-სთან ბრძოლამ განაპირობა ირანული ანტიგლობალიზმიც. ირანში, ფაქტობრივად, სოციალისტური წყობაა, თავისი ადგილობრივი და ისლამური სპეციფიკით:
“ეკონომიკა საშუალებაა და არა მიზანი. ეკონომიკური საფუძვლების განმტკიცების შინაარსი გულისხმობს ადამიანის ზრდისა და სრულყოფის პროცესში მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და არა გამდიდრებასა და მოგებას, როგორც ეს სხვა ეკონომიკურ სისტემებშია ჩადებული. ვინაიდან მაატერიალისტური გაგებით, ეკონომიკა არის მიზანი, ამიტომ, განვითარების ეტაპებზე იგი ნგრევის, გახრწნისა და დანაშაულის ფაქტორად იქცევა. ისლამში ეკონომიკა საშუალება და მიზნისკენ მიმავალი გზაა” (ირანის კონსტიტუციის შესავალი ნაწილი);
“ხელსაყრელი სამუშაო პირობებისა და საშუალებების შექმნა მოსახლეობის სრული შრომითი დასაქმებისთვის. დასაქმებული უნდა იქნან ისინიც, რომელთაც მუშაობის სურვილი აქვთ, მაგრამ წარმოების საშუალებანი არ გააჩნიათ. მათ კოოპერაციის ფორმით უპროცენტო სესხი მიეცემათ ან სხვა კანონიერი გზით დააფინანსებენ. მაგრამ ცალკეულმა პიროვნებებმა და ჯგუფებმა ეს თავიანთ ხელში კაპიტალის ან სიმდიდრის დაგროვების წყაროდ არ უნდა გაიხადონ და მთავრობაც არ უნდა გადაიქხცეს ერთ დიდ აბსოლუტურ სამუშაოს მიმცემად” (კონსტიტუციის 43-ე მუხლი, პარაგრ. 2).
ირანულმა ანტიგლობალიზმმა და ისლამურმა სოციალიზმმა ერთგვარად გააუცხოვა ეს სახელმწიფო მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისგან. თუმცა ირანის მოდერნიზაციას კონსტიტუციის ზემოთ ნახსენებ პრინციპებზე ხელს უფრო აშშ-ის მიერ ინიცირებული სანქციები განაპირობებს, რომლებიც რამდენიმე ათეული წელია, მოქმედებს, მაგრამ ბოლო წლებში უკიდურესად არის გამძაფრებული. ამას თან ერთვის ირანის კულტურის, ენის, შრიფტის თავისებურებები (როგორც ქართულია, მაგალითად), რაც ამ შემთხვევაში, სულაც არ მიმაჩნია უპირატესობად და იზოლაციას, მსოფლიო კონტექსტიდან ამოვარდნას უფრო უწყობს ხელს.
ტრამპის ამერიკა ებრძვის ყველას, ვინც ისრაელს უპირისპირდება. დააკვირდით: განა ვენესუელა ჰამასის ერთ-ერთი სპონსორი არ იყო? ამიტომ, დაარტყეს ვენესუელას. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აქტიურად გმობს სიონისტურ პოლიტიკას – ტრამპი თეთრკანიანი ფერმერების უფლებების დამცველად მოგვევლინა; ირანი ხომ სულ აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო და ისრაელის მთავარი მტერი არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში, ამიტომ, ტრამპის ამერიკა ყველაფერს გააკეთებს რომ ირანი ჩაიძიროს, მით უმეტეს, რომ ირანში ტრამპისტებისთვის საძულველი სოციალისტური სისტემა მუშაობს.
ამ დროს, ირანს ბრალი ედება არადემოკრატიულობაში, თავისუფლების არარსებობაში და ბევრ სხვა უბედურებაში, თუმცა ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუცია აშშ-ს კონსტიტუციას არ ჩემოუვარდება დემოკრატიულობისა და თავისუფლების სულისკვეთებით. ეს თავისუფლება და დემოკრატია ირანის სუვერენიტეტთან მტკიცედ არის დაკავშირებული და არ ექვემდებარება გარედან ჩარევას:
“ღმერთი სამყაროს და ადამიანის აბსოლუტური მბრძანებელია. მან ადამიანი თავისი ბედის პატრონად აქცია. არავის აქვს უფლება, ეს ღვთის მიერ ნაბოძები უფლება წაართვას ადამიანს და ერთი პიროვნების ან კერძო ჯგუფის ინტერესების სამსახურში ჩააყენოს. ხალხი ახორციელებს ამ ღვთის მიერ ნაბოძებ უფლებას, რომელიც კონსტიტუციის შემდგომ მუხლებშია განმარტებული”… (ირანის კონსტიტუციის 56-ე მუხლი, თავი მე-5: “ხალხის სუვერენული უფლებები და მისგან გამომდინარე ხელისუფლება”).
როგორია? თითქოს ჩვენს დღევანდელ ვითარებაზეა დაწერილი… ასეთი ჩანაწერი რომ გქვონდეს საქართველოს კონსტიტუციაში, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, მე პირადად.
თუკი დასავლეთმა ირანში ხელისუფლება დაამხო ან გრძელვადიან ქაოსში ჩაძირა ეს ქვეყანა, აუცილებლად მოხდება ტექტონიკური გეოპოლიტიკურ ცვლილებები ახლო აღმოსავლეთში და, მათ შორის, კავკასიაში. ეს არ იქნება საქართველოსთვის სასიკეთო ცვლილებები, არც რუსეთისთვის.
ერთ-ერთი ვარიანტი, რომლის განხორციელებასაც დასავლეთი ეცდება, ესაა შაჰის რეჟიმის რეანიმაცია. დროთა განმავლობაში ასე თუ ისე, გაფერმკრთალდა შაჰის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებანი, ბოლო შაჰინშაჰის, მ.-რ. ფაჰლავის ხალხისგან დისტანცირება და უკიდურესი მეგალომანია. თუმცა ირანელების მეხსიერებიდან არ წაშლილა ამერიკულ-ბრიტანული ჩარევების შხამი, 1950-იანი წლებიდან მოყოლებული. რამდენად დაუპირისპირდება ხალხი არსებულ წყობას და აირჩევს შაჰის გზას, მალე ვნახავთ. ვფიქრობ, რომ ეს არ მოხდება.
ფოტოზე: ჩემს მიერ 2008 წელს ირანში მოგზაურობისას მომზადებული ფოტოგალერეიდან ავიღე: მარცხნივ და მარჯვნივ არის თეირანში, შაჰის რეზიდენციაში, მოჰამედ-რეზას ერთ-ერთი საძინებელი და ერთ-ერთი სასტუმრო ოთახები, შუაში კი – ისლამური რევოლუციის ავტორის, ირანელებისთვის წმინდა ადამიანის, სეიდ აიათოლა რუჰოლა მუსავ ხომეინის საცხოვრებელი ოთახი, მოკრძალებული დივნით, ხალიჩითა და პატარა “ჯორკო” სკამით. ოთახი შუშით არის გამოყოფილი, იქ შესვლა არ შეიძლება, ამიტომ უფრო დაბალი ხარისხის ფოტოა.
გულბაათ რცხილაძე

