ფაშინიანმა „ტრამპის მარშრუტის“ გაშვების პირობა დაასახელა – რას ითხოვს ერევანი

„ტრამპის მარშრუტის,” ანუ TRIPP-ის სატრანსპორტო დერეფნის განსახორციელებლად სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია აუცილებელია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რასაც musavat ავრცელებს.

„ამჟამად საკითხი სამუშაო რეჟიმშია და დემარკაციის პროცესი შესაფერის დროს გაგრძელდება… საზღვრის ეს მონაკვეთები, სულ ცოტა, დემარკირებულ უნდა იქნეს კომუნიკაციებისა და TRIPP-ის პროექტის დასაწყებად,“ – აცხადებს ფაშინიანი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საზღვრის მონაკვეთებზე აქტიური მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ახალი შედეგები გამოცხადდება.

„ეს პროცესი ფრთხილ მიდგომას მოითხოვს. ამჟამად ყველა დეტალის გათვალისწინებით დოკუმენტები მზადდება,“ – ამბობს ფაშინიანი.

2024 წლის 23 აპრილს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, კერძოდ, სომხეთის ტავუშის ოლქისა და აზერბაიჯანის ქალაქ ღაზახის საზღვარზე პირველი სასაზღვრო ბოძი დაიდგა. იმავე წელს ერევანი და ბაქო შეთანხმდნენ, რომ საზღვრის დელიმიტაციის პროცესში 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაციას დაეყრდნობოდნენ, რომელშიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიული მთლიანობა 1991 წლის საზღვრებში არის აღიარებული. ამასთან, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ საზღვრის ყველა სხვა მონაკვეთის, მათ შორის, ანკლავებისა და ექსკლავების დელიმიტაციის პროცესი მომავალშიც გააგრძელონ.

ამდენად, დემარკაციის პროცესის დროს ასახული იქნება საზღვარი, რომელსაც იურიდიული მნიშვნელობა სსრკ-ის დაშლის მომენტში ჰქონდა. დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დასრულების შემდეგ რუსები საზღვარს დატოვებენ და მათ სომეხი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩაანაცვლებენ.

სომხეთი საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს

 

ამასთან, როგორც ცნობილია სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს, რომელიც ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ალავერდის რაიონში მდებარეობს. სომხეთი და საქართველო სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხს 1992 წლიდან განიხილავენ, ხოლო 1996 წლიდან ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები ფუნქციონირებს, თუმცა ისინი მეტად პასიურ რეჟიმში მუშაობენ.

ცნობისთვის: TRIPP-ის, ანუ „ტრამპის მარშრუტის“ 42-კილომეტრიანი სატრანსპორტო საკომუნიკაციო სისტემა სამხრეთ სომხეთში, სიუნიქის რეგიონში გაივლის, რომელსაც აზერბაიჯანი ზანგეზურის დერეფანს უწოდებს. პროექტის მთავარი მიზანი აზერბაიჯანსა და მის ანკლავ ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქს შორის სატრანსპორტო კავშირის განბლოკვაა. თავის მხრივ, სომხეთი შეინარჩუნებს სუვერენიტეტს თავის ტერიტორიაზე, თუმცა შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ მარშრუტის მმართველი კერძო ამერიკული კომპანია იქნება. ამჟამად სომხეთი აშშ-სთან TRIPP-ის პროექტისთვის სატრანსპორტო დერეფნის იჯარით გაცემის ორ სცენარს განიხილავს, რომელთაგან ერთი 49-წლიან, ხოლო მეორე 99-წლიან ხელშეკრულებას გულისხმობს.

პროექტთან დაკავშირებით პირველ სომხურ-ამერიკულ დოკუმენტს ხელი უახლოეს დღეებში ან კვირებში მოეწერება, ხოლო მშენებლობა 2026 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.