„ეს არის კორუფციის რისკების ზრდა, ამით არაფერი უკეთესობისკენ არ იცვლება”, – ასე აფასებს „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დამფუძნებელი რამაზ გერლიანი მთავრობის მიერ დადგენილ სახელმწიფო ქონების გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ახალ წესებს.

ცნობისთვის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობები12 იანვრიდან შევიდა ძალაში. დოკუმენტის მიხედვით, მხოლოდ ამ წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სახელმწიფო ქონების გაცვლა ან პირდაპირი პრივატიზაცია. მათ შორის, მაგალითისთვის, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისთვის საჭირო იქნება ინვესტორისგან არანაკლებ 100 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების პირობის დადება.
როგორც რამაზ გერლიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ნებისმიერი ვალდებულება, რომელიც ნივთის გასხვისებას თან ახლავს, ნიშნავს რომ ქონებას კაპიტალიზაციის პოტენციალი წავართვით. მისი შეფასებით, ამით კორუფციის რისკი იზრდება, ინვესტორისთვის კი ქონება ვალდებულებებიან, ზედმეტ ტვირთად აღიქმება.
„სიმართლე გითხრათ, ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ასეთი ტიპის წესებით, რამე უკეთესობისკენ შეიცვლება, სახელმწიფო ქონების კერძო საკუთრებასთან ფორმირების მიმართულებით.
პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ინვესტირების ვალდებულების ნაწილი, მანამდეც იყო ჩადებული, ახლა ზღვარს სად დააწესებენ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პირობითად, იქნება ეს 100 მილიონი, თუ 200 მილიონი. სამწუხარო ის არის, რომ ბევრი პირობით გასხვისებული ქონება გვინახავს სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა მერე ამ პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, არ ჩანს არც უწყება, არც სხვა პირი, ვინც მონიტორინგს განახორციელებს. თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს მონიტორინგი არ არის პრობლემა, ამით მინდა გამოვკვეთო, რამდენად ხარვეზიანი და უსუსურია ასეთი ტიპის დადგენილებები, რომელიც აფერხებს ამ შემთხვევაში პრივატიზების პროცესს.
მეორე მხრივ, კერძო და სახელმწიფო ქონების გაცვლის შემთხვევაში, ვინ დაადგენს ამ პროპორციას?! ვინ შეაფასებს?! მე აქ ვხედავ რისკს, რომ იყოს ტენდენციური შეფასება და მერე თვალი დახუჭონ რაღაცაზე. ეს ორი პრობლემაა, რომელიც პრინციპში, აქამდეც იდგა და მერეც იქნება.
აქ მთავარი ის არის, რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რას ველით ამისგან. ამისგან რამე ეკონომიკურ, მათ შორის, ფისკალურ სარგებელს, ვერ მივიღებთ. საუბარი იყო, რომ ყოველ წლიურად დაახლოებით, 300 მილიონამდე შევიდოდა ბიუჯეტში [პრივატიზებიდან], თუმცა, მიმდინარე პერიოდს თუ დავაკვირდებით, ბოლო 5-6 წელიწადია, 200 მლნ მილიონიან ნიშნულს ვერასდროს ვერ გადააჭარბა ამ თანხამ. გარდა ამისა, პირობით გაცემული ქონების რეესტრი საერთოდ სად არის და არსებობს თუ არა… ქონების მართვის სააგენტოს აქვს, მაგრამ თუ მათ მისწერ, არასდროს გაღირსებენ პასუხს, არღვევენ კანონს და ამას არავინ სთხოვს.
ამ სამთავრობო დაჭერების კასკადსაც თუ გავიხსენებთ, რამდენიმე მაღალი და დაბალი რანგის თანამშრომელი უნდა შეეწიროს ამ ქონების მართვის ამბავს. მათ შორის ყოფილი ჩინოვნიკები, რომლებმაც თვითონ და თავისი ოჯახის წევრებმა, პირობით აიღებს ქონება, მაგრამ ეს პირობები არ შესრულდა. გაუვიდა ვადა, თუმცა დღემდე მათ ხელი აქვს ამ ქონებაზე დადებული და როგორც ხდება ხოლმე, არავის აკარებენ. უფრო მეტიც, ისინი ყიდიან ამას სხვა კერძო პირებზე, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო ქონების გადამყიდველები ხდებიან. ამას კორუფციასაც ვერ დავარქმევთ, რადგან ისინი უკვე თანამდებობის პირები აღარ არიან, მაგრამ უკვე არაფორმალურ მმართველობასთან და სისტემასთან გვაქვს საქმე. ამით იმას ვუსვამ ხაზს, რომ ის ხარვეზები, რაც ჩამოვთვალეთ, იგივე დარჩება არაფერი არ შეიცვლება.
ეს არის კორუფციის რისკების ზრდა, ამით არაფერი უკეთესობისკენ არ იცვლება. პირიქით, წინააღმდეგი უნდა ვიყოთ რაღაც ვალდებულებების. იმიტომ, რომ ეს ვალდებულება, რომელიც ნივთის გასხვისებას თან ახლავს, ნიშნავს, რომ მას წავართვით კაპიტალიზაციის პოტენციალი, შესაბამისად, იმ ვალდებულებებიან ნივთს არავინ გაეკარება, არაცივილური ინვესტორიც კი. იმიტომ, რომ ეს ვალდებულება ამ შემთხვევაში არის ძალიან დიდი ტვირთი. როდესაც სახელმწიფოსთან არის ასეთი ტიპის ვალდებულება, ყველა ინვესტორს ეშინია, რადგან ნებისმიერი პატარა ცვლილების შემთხვევაში კი, შეიძლება ეს ინვესტიცია დადგეს რისკის ქვეშ და არავის უნდა ურთიერთობის გაფუჭება სახელმწიფოსთან. ვინც ასე ურთიერთობდა, ზოგი გაქცეულია, ზოგი დაჭერას ელოდება და ასე არ კეთდება საქმე ეკონომიკაში”, – ამბობს რამაზ გერლიანი.
