„ადამიანებს, ვინც ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილებს ქმნიან და ინვესტიციებს დებენ, განა არ აქვთ იმის უფლება, რომ აზრი გამოთქვან და ხელისუფლებას მისცენ დაკვეთა, თუ როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება და როგორი ქვეყანა უნდა ჰქონდეთ მათ შვილებს“ – ასე ეხმაურება „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მეწარმეების პოლიტიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით დაგეგმილ შეზღუდვებს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინიცირებულია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც, მეწარმე სუბიექტს ეკრძალება ისეთი პოლიტიკური აქტივობა, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. აღსანიშნავია, ისიც რომ პარლამენტმა შესაძლოა იმაზე მკაცრი კანონი მიიღოს, ვიდრე პირველი მოსმენით არის ინიცირებული. კერძოდ, თუ მეწარმე იურიდიული პირი პოლიტიკით დაკავდება, ის შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით მხოლოდ პირველ ჯერზე დაჯარიმდეს, ხოლო მეორე და ყველა შემდგომ ჯერზე მისი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობა დადგეს.
„ყველაფერი რაც ვიხილეთ არის ლოგიკური გაგრძელება იმისა, რაც აქამდე იყო და ცხადია, შემთხვევით არ კეთდება. აქვთ კონკრეტული მიზანი, რომ რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი სიტყვა ჟღერდეს და ნაკლები დისკომფორტი შეექმნას ხელისუფალს. გვახსოვს რომ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი შეხვედრები გამართა ბიზნესთან, დაისვა საკითხი ბიზნესისა და ხელისუფლების სიახლოვესთან დაკავშირებით და ითქვა, რომ ბიზნესსა და სახელმწიფო სტრუქტურებს ერთმანეთთან ოქროს შუალედი უნდა ჰქონოდათ. მაშინ ივანიშვილმა გასცა დაპირება, რომ თუ სახელმწიფო ძალიან ახლოს მივა ბიზნესთან, მაგ დროს განგაში უნდა ატეხოთო – მაშინ ვერ წარმოგვედგინა, რომ ასეთი შეზღუდვები დაწესდებოდა და ასეთ რეალობაში აღმოვჩნდებოდით.
[ბიზნესის სტერილიზაცია] ეს აქვთ ჩანაფიქრად, დისკომფორტი აქვთ იმ ადამიანებისგან, ვისაც ფინანსური რესურსი გააჩნია. ეს ფინანსური რესურსი შესაძლოა, გადანაწილებულ იქნას იმ საპროტესტო მოძრაობაზე – გვქონდა ამის მაგალითიც, Freebusiness იყო ძალიან კარგი კამპანია, ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, გააჩერეს, ამ თავისუფალი ბიზნესის მეშვეობით საკმაოდ კარგად ეხმარებოდნენ აქციების დროს დაზარალებულებს. გაერთიანებული იყო დაახლოებით 2 400 კომპანია, მათი საერთო ბრუნვა 10 მილიარდზე მეტს შეადგენდა, ეს არ არის პატარა თანხები. ადამიანებს, ვინც ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილებს ქმნიან და ინვესტიციებს დებენ, განა არ აქვთ იმის უფლება, რომ აზრი გამოთქვან და ხელისუფლებას მისცენ დაკვეთა, იმის შესახებ, თუ როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება და როგორი ქვეყანა უნდა ჰქონდეთ მათ შვილებს.
უკვე იმდენად იმოქმედეს სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმებით, დაშინებით, ინდივიდუალურად იმუშავეს.. Freebusiness-ს ფორმატში გაერთიანებული ამ 2 400 კომპანიიდან ახლა აქტიური ძალიან ცოტაა, ცოტას აქვს სურვილი და შესაძლებლობა რომ ღიად გამოხატოს პროტესტი, ფინანსურად იაქტიუროს. ასეთი სურვილი ბიზნესისგან ნაკლებად ჩანს, იმ კანონებმა/დაშინებამ იმუშავა. ბიზნესს არ უყვარს რისკები. ბიზნესისთვის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი რეინვესტირების კუთხით, ეს საკანონმდებლო ცვლილებები ძალიან დიდ გავლენას მოახდენს, ძალიან ბევრი ბიზნესი იფიქრებს რომ აქ უკვე არასტაბილური გარემოა და შესაძლებელია იფიქრონ ქვეყნიდან საკუთარი ფულის, ინვესტიციის გატანაზე. ეს არის ძალიან სახიფათო ამბავი. ყველა რეგულაცია და ჩარევა ბიზნესში არის უარყოფითი ეფექტის მომტანი საბოლოო ჯამში,“ – განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.
