16 ახალი ხიდი, 4 ახალი გვირაბი – სად გაივლის და როგორი იქნება თბილისის შემოვლითი გზის 22.5-კილომეტრიანი მონაკვეთი

თბილისის შემოვლითი მაგისტრალური გზის მესამე ლოტის – ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

თანდართული სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აშენდება ავჭალა-გლდანის 5.8-კილომეტრიანი და გლდანი-აეროპორტის 16.7-კილომეტრიანი მონაკვეთები. აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გლდანისა და სამგორის რაიონების ტერიტორიაზეა დაგეგმილი.

უფრო კონკრეტულად, 22.5-კილომეტრიანი გზის მშენებლობა ავჭალის სარკინიგზო ხიდის წინ დაიწყება. მარშრუტის ფარგლებში, გზა გაუყვება შემოვლითი რკინიგზის დერეფანს, გადაკვეთს მდინარე გლდანულას და გლდანის ციხისა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიებს გაივლის. რამდენიმე მონაკვეთზე მაგისტრალი გადაკვეთს ღრმა ხეობას, აგრეთვე ე.წ. კვირიკობისხევს. აღნიშნული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დიდი ლილოს შესასვლელთან, ლილოს ბაზრობამდე დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საავტომობილო გზის დერეფანში 4 სატრანსპორტო კვანძის მოწყობაა გათვალისწინებული, კერძოდ:

  • გლდანის ციხესთან;
  • მუხიანთან;
  • თბილისის ზღვასთან;
  • დიდი ლილოს ტერიტორიაზე.

4-ზოლიან გზაზე მნიმალური სიჩქარე 40კმ/სთ-ით, ხოლო მაქსიმალური – 120კმ/სთ-ით იქნება განსაზღვრული.

ამას გარდა, პროექტით გათვალისწინებულია 4 ახალი გვირაბის მოწყობა და 4 არსებული ე.წ. რკინიგზის გვირაბის ადაპტირება.

კერძოდ, საავტომობილო გზის დერეფანში მოეწყობა:

  • ე.წ „ავჭალის გვირაბი“ (სიგრძე 1120 მ);
  • ე.წ „გლდანის გვირაბი“ (სიგრძე 959 მ);
  • ე.წ „ციხის გვირაბი“ (სიგრძე 461 მ);
  • ე.წ „მუხიანის გვირაბი“ (სიგრძე 1265 მ).

ახალ მაგისტრალურ გზაზე აშენდება 16 ახალი ხიდი, რომელთა ჯამური სიგრძე 3 კილომეტრი იქნება. მათ შორის, 8 ხიდი კვანძების შემადგენლობაში შევა. ერთი ხიდის მშენებლობა მუხიანის კვანძის ადგილობრივ გზასთან დასაკავშირებლადაა დაგეგმილი, ერთიც საფეხმავლო გადასასვლელი იქნება გლდანში. პროექტი ითვალისწინებს მდ.გლდანულაზე არსებული თბილისის შემოვლითი რკინიგზის ხიდის მოწესრიგებასაც.

ინფორმაციისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თბილისის შემოვლითი გზის მესამე ლოტის (ავჭალა–აეროპორტის) მშენებლობის ტენდერით დაინტერესებული კომპანიების წინადადებების მიღება 2026 წლის 11 აპრილს დაიწყება და 15 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება კი, 932 023 564 ლარია. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

თბილისის შემოვლითი გზა წარმოადგენს აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის E60-ის საკვანძო ნაწილს. თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური – რუსთავი) საერთო ჯამში, დაახლოებით 49 კილომეტრია და ოთხ ლოტად არის დაყოფილი. თბილისის შემოვლითი გზის მეორე ლოტის (წიწამური–ავჭალის მონაკვეთის) სამშენებლო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის დეკემბრის ბოლოს გამოცხადდა.