ეს ჩვენს მიმართ ქველმოქმედება არ არის. უკრაინა დროს იგებს, რათა ევროპელები უკეთ მოემზადონ რუსული საფრთხისთვის – ანდრეი სიბიგა ევროკავშირის დახმარებაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ გერმანულ გამოცემა FOCUS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება, არამედ ინვესტიცია უკრაინის ევროპულ მომავალში.

“უდავოდ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ევროპული მხარდაჭერის გაგრძელება – როგორც ფინანსური, ასევე იარაღის მოწოდების მხრივ. ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ. თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ეს ჩვენს მიმართ ქველმოქმედება არ არის. უკრაინა დროს ყიდულობს, რათა ევროპელები უკეთ მოემზადონ რუსული საფრთხისთვის”, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

მისივე თქმით, თავდაცვის ახალ სტრატეგიაში ევროპამ უნდა გაითვალისწინოს, რომ უკრაინა უკვე ევროპული უსაფრთხოების სივრცის ნაწილია და რომ ევროკავშირის წევრობა მომავალი უსაფრთხოების გარანტიების ელემენტი უნდა გახდეს.