„კატასტროფაა, რთულად საცხოვრებელი ხდება ბათუმი – ორმაგდება ქალაქი, ინფრასტრუქტურა კი ამ დატვირთვას ვეღარ უძლებს“

„კატასტროფაა, რთულად საცხოვრებელი ქალაქი ხდება ბათუმი“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას G.Miller International Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა, ნიკოლოზ ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ზღვისპირა ქალაქი ქაოსური მშენებლობების გამო, მძიმე მდგომარეობაშია.

ცნობისთვის, „ქოლირსის“ კვლევის მიხედვით, 2025 წელს ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 17%-ით გაიზარდა და 17 052-ს მიაღწია, 2024 წელს კი ტრანზაქციების რაოდენობა 14 537-ს შეადგენდა.

ბაზრის მიმოხილვის თანახმად, ზღვისპირა ქალაქში გაყიდვების ზრდის მთავარი განმაპირობებელი უცხოელების მხრიდან მზარდი მოთხოვნაა – 2025 წელს გაყიდვების ზრდაში 70%-იანი წილი სწორედ უცხოელმა მყიდველებმა შეიტანეს.

როგორც ნიკოლოზ ურუშაძე აცხადებს, ბათუმში საცხოვრებელ უძრავ ქონებას, უცხოელებიდან ძირითადად, რუსები ყიდულობენ. არსებულ ჭარბ მოთხოვნას კი, ქალაქის ინფრასტრუქტურა ვეღარ პასუხობს.

„ძირითადად, რუსები ყიდულობენ. მოგეხსენებათ, ძალიან დიდი მიგრაცია მოხდა რუსეთიდან იმ ხალხის, რომელიც ომს გამოექცა. საუკეთესო ადგილად მაინც ბათუმი აირჩიეს. მართალია, თბილისშიც ბევრი დასახლდა და ძირითადად ეს ორი ქალაქი დაიტვირთა, მაგრამ დედაქალაქში უფრო შემცირდა ბოლო პერიოდში, ბათუმში კი მოიმატა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბათუმში უფრო მოიკიდა ფეხი რუსულმა ბიზნესმა. უფრო მეტად საერთაშორისო ქალაქია, უფრო ეადვილებათ აქ რუსული ბიზნესის კეთება. გაიხსნა უამრავი რუსული კაფე, სადაც ქართულად საერთოდ მენიუც კი არ აქვთ. ამიტომაც, ხშირად ხდება ისე, რომ თბილისიდანაც და სხვა ქალაქებიდანაც, უფრო მეტად აჭარაში დაიწყეს გადასვლა. თავიდან, როცა ომი დაიწყო, არავინ იცოდა, სად ჯობდა ფეხის მოკიდბა.

ყველაფერი, რისი ონლაინ კეთებაც შეიძლება, საქართველოში კეთდება დღეს. რუსეთში უკვე ინტერნეტიც ჭირს, ხშირად თიშავენ. ანუ იქ ვეღარ ფუნქციონირებს ისეთი ბიზნესი, რაც ონლაინ საქმიანობასთანაა დაკავშირებული. არავინ სწავლობს, რით არიან ჩვენთან დაკავებული ეს ონლაინ კომპანიები, მაგრამ ცხადი ისაა, რომ ეს ყველაფერი გახდა ეკონომიკის დიდი ნაწილი.

ამას გარდა, ბათუმში მარტივია ისიც, რომ მომხმარებელი ძირითადად, არის ტურისტი და უცხოელი. მათ არ სჭირდებათ ქართული ენა, სჭირდებათ ინგლისური ან რუსული ენები. ბათუმი ყოველთვის იყო უფრო მეტად ჭრელი ქალაქი, სადაც ირევა მთელი მსოფლიოს ტურიზმი. ამასთან, თამაშის განვითარებამ გამოიწვია, რომ არ აქვს მნიშვნელობა ქართველი ხარ, რუსი თუ ამერიკელი, უფრო მარტივია ფეხის მოკიდება ბათუმში შენთვის. საერთაშორისო ქალაქია, პრაქტიკულად. რომ ჩახვიდე რომელიმე ისეთ ქალაქში, სადაც ტურიზმი არ არის, ვერ მოიკიდებ ფეხს, რადგან იქ ქართული უნდა იცოდე. იქ შენ ყველა მომხმარებელი ქართულ ენაზე გესაუბრება. ბათუმში უკვე ქართულად აღარავინ აღარ საუბრობს ლამის, უფრო მეტად რუსულია, ადრე თურქული გავლენა იყო ძლიერი, ახლა პირველი ენა გახდა რუსული.

მეორად ბაზარზე აქვთ ინტერესი, მიზეზი კი მარტივია, უფრო იაფია. საქართველოში საკმაოდ ძვირია ცხოვრება. თავიდან რომ ჩამოდიხარ, საკმაოდ ხელგაშლილი ხარ, მაგრამ შემდეგ ხვდები, რომ მოხვდი ისეთ ქვეყანაში, რომელშიც ყველაფერი არის ძალიან, ძალიან ძვირი. ამან გამოიწვია ისიც, რომ ძალიან დიდი ემიგრაცია უკან გაბრუნდა ან სხვა ქვეყნებში დაიწყეს საცხოვრებელი ადგილების მოძიება. ჩამოდის ადამიანი, აქ ძალიან რომანტიკულად ეჩვენება ყველაფერი, მაგრამ ხვდება, რომ გერმანიაში სამჯერ უფრო იაფია კარაქი და შაქარი, ვიდრე საქართველოში, საქართველოში კი სამჯერ ნაკლებია ხელფასი. უმეტესობა უკან გარბის, მაგრამ თუ რჩება, ცდილობს დაზოგოს ფული და აღარ იყიდოს ძვირიანი ბინა, არის უფრო იაფიანის ძებნაში.

მალე ქართველებსაც და საერთოდ ყველას, ძალიან გაუჭირდებათ ცხოვრება ამ ქალაქში. ფაქტობრივად, ორმაგდება ქალაქი და არ მიჰყვება ამას ინფრასტრუქტურა. კანალიზაცია ვეღარ უძლებს დატვირთვას, გზა ვეღარ უძლებს, ყველაფერი იცვლება. ქუჩაში ისეთი საცობებია, ცხოვრება ხდება უფრო ცუდი და ცუდი. ქალაქი არ მიჰყვება დაგეგმარებას, არაფერს არ ეკითხებიან ურბანისტებს, თავისით და ქაოსურად ვითარდება. ისიც კარგად ვიცით, ეს ნებართვები როგორც გაიცემა. სასწაული კოეფიციენტები, 10 და მეტი იყო. ეს ნიშნავს, რომ შენ 10-ჯერ ზრდი ქალაქს, მაგრამ ინფრასტრუქტურა არ მოგყვება ამაში. გზები არ მიყვება ამას, არ მიყვება კანალიზაცია, წყალი, საერთოდ არაფერი. კატასტროფაა, რთულად საცხოვრებელი ხდება ქალაქი“, – აცხადებს ნიკოლოზ ურუშაძე.