ვისთვის არის მიმართული ლოზუნგი — “ივანიშვილმა ქვეყანა ომს გადაარჩინა”?

რა შედეგს მოიტანს ფასების მარეგულირებელი კომისიის მუშაობა — ძნელი სავარაუდოა,  ვინაიდან იმ ბიზნესმენების ჯიბეს ეხება, ხელისუფლებასთან რომ ჩახუტებული არიან.

განვლილი ცხოვრება და „ოცნების“ ტყუილი დაპირებები გვაფიქრებინებს, რომ თვალებში ნაცრის შემყრელი სჯა-ბაასი, საჯარო კამათი და ა.შ. კარგა ხანს გაგრძელდება, ფასები კი ისეთივე დარჩება, ხელისუფლების დაპირების დროს რომ იყო. ამ „ოპტიმიზმის“ საფუძველს იძლევა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის შეპარული ნათქვამი იმპორტიორთა სასარგებლოდ — სადაც ყიდულობენ, იქაც ძვირიაო.

დავუშვათ, იქ ძვირია და ეს სიძვირე მრავალი წლის განმავლობაში გვახრჩობს, თანაც ისეთ საქონელზე, როგორიც ბაღჩეული კულტურებია, ხახვი, ნიორი, სტაფილო, კიტრი, პომიდორი; ხილზე, განსაკუთრებით ვაშლზე აღარ ვლაპარაკობ ან ლიმონზე, მანდარინზე, ფორთოხალზე — სუბტროპიკულ ქვეყანაში.

ყველა ჩამოთვლილი და ბევრიც ჩამოუთვლელი, საბჭოთა საქართველოში რომ მოიწეოდა და კაპიკებად იყიდებოდა მაღაზიებსა და საკოლმეურნეო ბაზრებში, სად გაქრა?

ზემოაღნიშნულ პროდუქტებს, უცხოეთიდან რომ შემოიტან — სოფლის მეურნეობის განუვითარებლობაა, სახელმწიფო მართვის უსუსურობაა. საქართველოს სოფლის მეურნეობა სულს ღაფავს ისე, როგორც მოსახლეობის უმრავლესობა იმპორტული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სიძვირის გამო.

ასეთ ქვეყანას ვერ ექნება ეკონომიკური წარმატება — ევროპულს რომ ჯობნის. ქვეყანას, რომელსაც საწარმოები, თუნდაც ხილის გადამამუშავებელი არ აქვს, აღარაფერს ვამბობ ქარხნებსა და ფაბრიკებზე,. წარმატებაზე ლაპარაკი უხერხულია. პრემიერი კობახიძე კი ჩაგვჩიჩინებს — ევროპის ქვეყნებს ვუსწრებთო.

წარმატებულ საქართველოს უნდა შეხჰაროდეს ევროპის მოსახლეობა, მაგრამ მსგავსს ადგილი არ აქვს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სიცრუეა. და მეორეც — საქართველოს შესახებ არაფერი იციან ევროპელებმა, თითო-ოროლა პოლიტიკოსის გამოკლებით.

დავუშვათ, რომ მართლაც გავუსწარით ევროპის ქვეყნებს ეკონომიკურ-სოციალური პარამეტრებით, მაშინ რატომ გავრბივართ ევროკავშირისკენ?

პირიქით! ისინი, ევროპელები უნდა გამოიქცნენ ჩვენსკენ .

საქართველოს ხელისუფლების მიზანია ევროკავშირში გაწევრება. პროცესი დაახლოებისა „ასოცირებული წევრობით“ დაიწყო და დღესაც გაგრძელდებოდა, ბრიუსელს რომ ულტიმატუმები არ წამოეყენებინა ხელისუფლებისთვის — საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირისთვის მიუღებელი კანონების გაუქმების შესახებ.

ხელისუფლებამ კანონები არ გააუქმა — მოსახლეობაში გაჩენილი უკმაყოფილების გამო. ამის ნაცვლად, შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა, განცხადებით — ასეთი ევროკავშირი არ გვაწყობს, სხვას დაველოდებით, სხვა პოლიტიკოსების მოსვლასო და როდესაც მოვლენ 2030 წელს, მაშინ გავწევრდებით ევროკავშირშიო…

ხელისუფლება, რომელმაც 14 წლის განმავლობაში ასატანი ცხოვრების პირობები ვერ შექმნა, თავის გასამართლებლად გვარწმუნებს — მართალია, საამური პირობები ვერ შეგიქმენით, მაგრამ ომისგან ვიხსენით ქვეყანა. და არგუმენტად მოჰყავს აშშ-ს ელჩის, ამერიკელ-ევროპელი პოლიტიკოსების (უგვაროების და უსახელოების) ნათქვამი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილისთვის — რუსეთს მეორე ფრონტი უნდა გაუხსნათო.

არვინ იცის, რამდენად კატეგორიული იყო მოთხოვნა. იქნებ მართლაც ჰქონდა ადგილი ასეთ საუბარს — ზონდირების მიზნით, ხელისუფალთა აზრის გასაგებად და არა ომის აქ და ახლა დასაწყებად.

ბიძინისტი თითო-ოროლა ჟურნალისტისთვის, დინოზავრული პერიოდისას, თურმე ვიღაც გენერალს უთქვამს — დასავლელმა სამხედროებმა მითხრეს ომი გააჩაღეთ და იარაღს ჩვენ მოგცემთო.

არც ჟურნალისტს და არც იმ გენერალს თავში აზრადაც არ მოსვლიათ, როდის მოაწვდიდა დასავლეთი იარაღს ქართულ ჯარს, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ავტომატებით და ხელყუმბარებით ომი რუსეთთან სასაცილოა. თანამედროვე საბრძოლო იარაღი კი ჯარის გაწვრთნას მოითხოვს, რაც რამდენიმე თვეს მოიცავს. ასე რომ, ომის დაწყების მოთხოვნა — აქ და ახლა, ისეთი არასერიოზული მოწოდებაა, არც ერთი დასავლელი სამხედრო რომ არ იკადრებს — ქართული „ჯარის პოტენციალის“ მცოდნე.

მაშ, ვისთვის არის მიმართული ლოზუნგი — “ივანიშვილმა ქვეყანა ომს გადაარჩინა”?

პასუხი თქვენთვის მომინდვია.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი