“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კვლავ გამოჩნდა საჯაროდ. ეს 27 თებერვალს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოხდა, სადაც მთავარი საკითხი ბრიტანეთის მიერ ქართული ტელეკომპანიების – “იმედისა” და “პოს ტვ”-ის დასანქცირება იყო.
ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ტელეარხების დასანქცირება “ქართული ოცნებისთვის” მნიშვნელოვანი საკითხია. ამიტომ პირადად ივანიშვილს მოუწია გამოჩენა და მხარდამჭერების “დამშვიდება, რომ ყველაფერი ძველებურადაა”; ნაწილი კი ამბობს, რომ ივანიშვილის გამოჩენაში “განსაკუთრებულ ინტრიგას” ვერ ხედავს და შესაძლოა სხდომაზე უფრო სერიოზული საკითხებიც იხილებოდა, მაგალითად, რას მოიმოქმედებს “ოცნება”, თუ დიდი ბრიტანეთი ამ სანქციებზე არ გაჩერდება. პოლიტსაბჭოს სხდომა გასულ პარასკევს პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “იმედისა” და “პოს ტვ”-ის დასანქცირების საკითხზე, პარტიის განცხადება გააცნო”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რას ნიშნავს ივანიშვილის გამოჩენა ქართული ტელეკომპანიების დასანქცირების ფონზე.

“პოლიტსაბჭოს შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია. “მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო… როგორც კი რადიკალურმა ოპოზიციამ უცხოელი პატრონების მხრიდან “იმედისა” და “პოს ტვის” სანქცირებით ერთჯერადი დახმარება მიიღო, ერთიანი „მესიჯბოქსით” დაიწყეს აბსურდის მტკიცება, თითქოს, ხელისუფლება და თავისუფალი ქართული მედია ჩამოშლის პირას იყო. ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია და ამავდროულად, ამ ადამიანების ტრაგედია, რომ მათი შეხედულებით, საქართველოს ბედს არა ქართველი ხალხი, არამედ გარე ძალა უნდა წყვეტდეს”, – მიიჩნევს მმართველი პარტია. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ “ოცნების” ოპონენტების მიერ შეთხზული ნარატივია, რომ თითქოს ივანიშვილი პოლიტსაბჭოს სხდომაზე სპეციალურად ტელემედიების დასანქცირების საპირწონედ გამოჩნდა. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ ივანიშვილის გამოჩენა სწორედ მხარდამჭერების დამშვიდებას უკავშირდება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ოპოზიციური არხებისა და ექსპერტების მიერ შეთხზული ნარატივია, რომ თითქოს პოლიტსაბჭოს სხდომაზე ივანიშვილის გამოჩენა აუცილებლად “პოს ტვ”-ისა და “იმედის” დასანქცირებას უკავშირდება. არ ვიცით ნამდვილად ასეა თუ არა. შესაძლოა იქ რაღაც გადაუდებელი, ან რაღაც დაგეგმილი საქმეებია, რაზედაც ივანიშვილის დასწრება და მისი უშუალო კონტაქტი იყო საჭირო პოლიტსაბჭოს წევრებთან. მე პირადად ასე პირდაპირ არ დავაკავშირებდი, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ტელევიზიების დასანქცირებაც ყოფილიყო განხილვის საგანი. ბრიტანეთის მიერ დასანქცირების აქტი ორი ტელეკომპანიის მასშტაბებს სცდება, უფრო შორსმავალ მიზნებზეა გათვლილი, რომელიც “ოცნების” დასუსტებას და ოპოზიციის გაძლიერებას ემსახურება. იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილი გამორჩეული ფიგურაა, გასაგებია, რომ როგორც პროსახელისუფლებო, ისე ოპოზიციური მედიის მხრიდან მომატებულია მისდამი ყურადღება და ამ საკითხის ზედმეტად დრამატიზება უადგილოა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“ნებისმიერი ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ასეთ არაორდინალურ სიტუაციაში თავისი მხარდამჭერები და საზოგადოება დაამშვიდოს. ლიდერების განცხადებებიც ამისკენ იყო მიმართული. ივანიშვილს განცხადების გაკეთება რომ სდომოდა, გააკეთებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, საჭიროდ არ ჩათვალა და თუნდაც მარტო მისი გამოჩენაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვის საკმარისი იქნებოდა გარკვეული სიგნალების მისაღებად, რომელიც შეიძლება ვერბალურად არც საჭიროებს გაჟღერებას. პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეიძლებოდა განხილულიყო სხვა უფრო მნიშველოვანი საკითხები, მაგალითად, ის, თუ ბრიტანეთის ხელისუფლებამ კიდევ რა შეიძლება მოიმოქმედოს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ხელისუფლება ამისთვის მზად რამდენად არის”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“პრემიერ მინისტრის განცხადება, რომ ჩვენ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით, ეს სწორედ ერთგვარი სიგნალია როგორც ადგილობრივი, ისე გარე აუდიტორიისთვის, რომ “ოცნება” სარკისებრი ზომების მიღებას არ აპირებს. ჩემი ანალიზით, ბრიტანეთი ამ სანქციებზე არ გაჩერდება, რადგან, როგორც ჩანს, მას გადაწყვეტილი აქვს საქართველოში ისეთი პროცესების ინიცირება, რომელიც ოპოზიციას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში წაეხმარება. დიდი ბრიტანეთი იმიტომ იქნა არჩეული, რომ ევროკავშირში სანქციებს კონსენსუსი და დიდი დრო სჭირდება, ბრიტანეთს კი ეს პრობლემა არ აქვს. იქ ჩადიოდნენ ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რამდენიმემ ეს აღიარა კიდეც და როგორც ჩანს, მიზანს მიაღწიეს”, – დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.
“ “ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლისთვისაც ივანიშვილი ეკრანებზე გამოჩნდა, სწორედ “იმედისა” და ”პოს ტვ”-ის დასანქცირება იყო, საზოგადოების და ძირითადად მათი მხარდამჭერების დამშვიდება, რომ ყველაფერი ძველებურადაა, სახიფათო არაფერია, თითქოს ამით არ შეშინდებიან და უკან არ დაიხევენ. თუმცა, მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება არხების დასანქცირება იმდენად არა, რადგან “რუსთავი 2” და საზოგადოებრივი მაუწყებელი რჩება, რომლებსაც ხელისუფლება აკონტროლებს. თუ იძულებულები გახდებიან, რომ ეს არხები დახურონ, ეს გადაცემები ნელ-ნელა იქით გადავა და ორი პროპაგანდისტული არხიც საკმარისია საქართველოსთვის… ჩვენმა პარტნიორებმა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და განაცხადეს, რომ არ გაჩერდებიან. შემდეგ შეიძლება იყოს სერიოზული პერსონების, მათ შორის ივანიშვილის დასანქცირება, ან შეიძლება ეს პირველი მერცხალი გამოდგეს – ევროკავშირმაც უვიზო მიმოსვლა აკრძალოს. ივანიშვილს პრობლემა აქვს – აქამდე თუკი ფიქრობდნენ, რომ მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა, ახლა დარწმუნებული არიან და პროცესიც ამას აჩვენებს, რომ ალბათ მთელი დასავლეთი დაასანქცირებს. “ოცნების” განცხადებაში ისევ ურთიერთობების დალაგებაზეა საუბარი, ამის იმედი შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ არ მგონია გამოვიდეს”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
