„ქვეყანაში არის სამუშაო ადგილები და თან კადრების დეფიციტსაც განვიცდით, ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორი ერთობლივად თანაარსებობს”, – ამის შესახებ „ბიზნესპრესიუსს” HR ექსპერტმა, ნინო ნიაურმა საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
მისივე თქმით, იმ სირთულეებს, რასაც ქართულ დასაქმების ბაზარზე ვაწყდებით, კომპლექსური მიზეზები აქვს და ერთი კონკრეტული ფაქტორით არ არის განპირობებული.
მათ შორის, როგორც HR ექსპერტი აღნიშნავს, პრობლემურია ანაზღაურების, კვალიფიკაციისა და სამუშაო ადგილის მოძიების საკითხები.
„ჩვენ ვხედავთ კადრების გადინებას საზღვარგარეთაც. ბუნებრივია, ამის ერთ-ერთი მიზეზია ისიც, რომ ანაზღაურება საქართველოში და საზღვარგარეთ განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენი და მათი ეკონომიკაც განსხვავებულია. ამ ყველაფერზეა ეს დამოკიდებული.
თუმცა, ამასთან ერთად, ქვეყანაში მართლია არის სამუშაო ადგილები, მაგრამ თან, კადრების დეფიციტსაც განვიცდით. ეს ორი, თითქოს ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორი ერთობლივად თანაარსებობს. ერთის მხრივ, დამსაქმებელი ვერ შოულობს კადრს და მეორეს მხრივ, სამუშაოს მაძიებელი ვერ პოულობს სამსახურს. თუმცა, ეს არ არის მსჯელობის მარტივი საგანი. ამ მოცემულობაზე ბევრი ფაქტორი მუშაობს, ერთი გარემოება ნამდვილად არ არის ამ ყველაფრის განმაპირობებელი.
ხშირ შემთხვევაში, დასაქმების მსურველ ადამიანებს არ აქვთ უნარები, სამსახური მოიძიონ. ამ მხრივ, ბევრად მარტივი იქნებოდა სახელმწიფოს რეაგირება ცნობიერების ამაღლების კუთხით. ცნობიერების ამაღლება იმ კუთხით, თუ როგორ და კონკრეტულად სად შეგიძლია სწორი, შენთვის შესაბამისი სამსახური მოიძიო. კი, არსებობს პლატფორმები, მაგრამ ყველას ამ პლატფორმებზეც ვერ მიუწვდება ხელი. ყველას არ აქვს პრაქტიკაში მსგავსი გამოცდილება, რომ თუნდაც კონკრეტულ საიტებს და არხებს მიმართოს სამუშაო ადგილის მოსაძიებლად. ხშირ შემთხვევაში, ეს ხდება საწყის პოზიციებზე, ცოტა უჭირთ ხოლმე სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მოძიება. ძირითადად, ერთმანეთთან გაკითხვით, რეკომენდაციებით, ხდება დასაქმება აღნიშნულ სეგმენტში. ამ მხრივ, ცნობიერების ამაღლება ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი.
თუმცა, დავუშვათ, მოძებნა ადამიანმა სწორი არხი და მივიდა სამუშაო ადგილამდე. იქ უკვე რამდენად შეესაბამება კვალიფიკაცია იმ მოთხოვნებს, რაც დასაქმების მსურველს ან კომპანიას აქვს, მანდაც ძალიან დიდი სხვაობა გვაქვს. ცოტა მოტივაციის თემაცაა. ძალიან კომპლექსურია, ამიტომ ვამბობ. ერთი გარემოება არ მოქმედებს, მიზეზების კომბინაციაა, რომელსაც საბალოო ჯამში, ამ შედეგამდე მივყავართ.
მეორე ძირითად ფაქტორზე საუბრისას, ნამდვილად ვდგებით ისეთი გარემოებების წინაშე, რაც კვალიფიკაციასთანაა შემხებლობაში. ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს ბაზარზე განსაკუთრებული მოთხოვნაა, რომელსაც ვერ ვაკმაყოფილებთ. ვერ ვიტყვით ვერც იმას, რომ შესაბამისი კვალიფიკაცია სადღაც არსებობს და საქართველოში არა. პროფესიები, რომლებიც საქართველოში დღეს დეფიციტურია, მთელს მსოფლიოში ასეა, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები. ტექნოლოგიების განვითარებას ბევრი ვერ ეწევა და ეს პრობლემა გახლავთ არა მხოლოდ საქართველოსთვის.
თუმცა, არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ იმას, რომ არ გვივარგა განათლების ხარისხი. უმაღლესი განათლება მიღებული ადამიანები ისე გამოდიან შრომით ბაზარზე, რომ არანაირი პრაქტიკული უნარები არ გააჩნიათ. კომპანიაში სტაჟირებას როცა იწყებენ, მაშინ ხდება მათი კორპორაციული უნარების გამომუშავება და იმ ცოდნის შეძენა, რაც მოცემულ პროფესიაში არის საჭირო ადამიანისთვის”, – განაცხადა ნინო ნიაურმა.

