ბილეთები ძვირდება, რეისები კი მცირდება – მსოფლიო ავიაცია საწვავის კრიზისის წინაშეა – Reuters

გლობალურმა ავიაკომპანიებმა საწვავზე ფასების ზრდის გამო ბილეთების გაძვირება და რეისების შემცირება დაიწყეს. ამის შესახებ Reuters წერს.

აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დაწყებამდე ავიაციის ინდუსტრია წელს რეკორდულ 41 მლრდ დოლარის მოგებას პროგნოზირებდა. თუმცა, Reuters-ის შეფასებით, საავიაციო საწვავზე ფასების გაორმაგებამ ამ მოლოდინს საფრთხე შეუქმნა და ავიაკომპანიები აიძულა, თავიანთი მარშრუტებისა და სტრატეგიებისთვის გადაეხედათ.

კერძოდ, გადამზიდავებმა, მათ შორის, United Airlines-მა, Air New Zealand-მა და სკანდინავიურმა ავიაკომპანია SAS-მა რეისების შემცირება და ტარიფების გაზრდა უკვე გამოაცხადეს, ხოლო სხვა ავიაკომპანიებმა საწვავის დამატებითი გადასახადი შემოიღეს.

საბერძნეთის ეროვნული გადამზიდავის, Olympic Airways-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, რიგას დოგანისის შეფასებით, „ავიაკომპანიები ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე დგანან. მათ სუსტი მოთხოვნის სტიმულირებისთვის ტარიფების შემცირება მოუწევთ, მაშინ, როცა საწვავზე მაღალი ფასები, პირიქით, მგზავრობის გაძვირებას აიძულებს.“

გასულ წელს, მიწოდების ჯაჭვის პრობლემების მიუხედავად, რამაც ახალი თვითმფრინავების მიწოდება შეაფერხა, ინდუსტრიამ მგზავრთა რეკორდული ნაკადი დააფიქსირა და კოვიდპანდემიამდელ დონეს, დაახლოებით, 9%-ით გადააჭარბა.

პანდემიის შემდეგ მგზავრობის რეკორდულმა მოთხოვნამ, შეზღუდულ მიწოდებასთან ერთად, ავიაკომპანიებს საშუალება მისცა, შეენარჩუნებინათ მაღალი ფასები ადგილების რაოდენობის შევსებით. თუმცა საწვავზე ფასების ამჟამინდელი ზრდა ბილეთების მნიშვნელოვან გაძვირებას მოითხოვს, მაშინ, როცა მომხმარებლები ისედაც ბენზინის გაძვირების წნეხის ქვეშ არიან.

კომპანია Barclays-ის ევროპული სატრანსპორტო აქციების კვლევის განყოფილების ხელმძღვანელ ენდრიუ ლობენბერგის თქმით, „ფასების გაზრდის ერთადერთი გზა გამტარუნარიანობის შემცირებაა,“ რაც, წინა კრიზისების მსგავსად, ახლაც მოსალოდნელია.

United Airlines-ის აღმასრულებელ დირექტორ სკოტ კირბის მონაცემებით, საწვავის ხარჯის დასაფარად ტარიფები 20%-ით უნდა გაიზარდოს.

ყველაზე მეტად შესაძლოა, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები დაზარალდნენ, რადგან მათი მგზავრები ფასების მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან, ვიდრე კორპორატიული და შეძლებული კლიენტები, რომლებზეც პრემიუმ-ავიაკომპანიები არიან ორიენტირებული. ანალიტიკოსები გაფრთხილებას იძლევიან, რომ ზოგიერთმა მგზავრმა მატარებლების, ავტობუსების ან სხვა ალტერნატივების სასარგებლოდ შესაძლოა, მოკლე ფრენებზეც კი უარი თქვას.

საავიაციო კომპანია IBA-ს საკონსულტაციო განყოფილების ხელმძღვანელი, დენ ტეილორი ამბობს, რომ მიმდინარე კრიზისი ფინანსურად ძლიერ და სუსტ ავიაკომპანიებს შორის უფსკრულს გააფართოებს. კერძოდ, „მყარი ბალანსის, ფასწარმოქმნის ძლიერი უნარისა და კაპიტალზე საიმედო წვდომის მქონე გადამზიდავებს უკეთესი შესაძლებლობები აქვთ, რომ მიმდინარე ზეწოლას გაუძლონ, მაშინ, როცა დაბალი რენტაბელობისა და დაფინანსების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ავიაკომპანიები შესაძლოა, მზარდი ფინანსური ზეწოლის წინაშე აღმოჩნდნენ.“