მთავრობამ „არკალი ჰესის“ მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მოიწონა – ჰესის მშენებლობა საღამოს ტბის მიმდებარედ იგეგმება

მთავრობამ შპს „არაკალის“ მიერ „არკალი ჰესის“ მშენებლობისთვის განხორციელებული სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მოიწონა.

განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მოწონებულ იქნა მთავრობას, სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შპს „არაკალს“ შორის დასადები ხელშეკრულებაც.

სად იგეგმება ახალი ჰესის მშენებლობა?

ჰესის მშენებლობა დაგეგმილია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფარავანზე. „არკალი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 4.4 მგვტ-ია. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2025 წლის მაისში გასცა.

ამ დოკუმენტების მიხედვით, დაგეგმილი საქმიანობა ითვალისწინებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (სათხეს თემი), საღამოს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ფარავანზე დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასა და ექსპლუატაციას, რომელიც გამოიმუშავებს (წყლის 90%-იან უზრუნველყოფაზე) 24.03 მლნ. კვტ/სთ ელექტროენერგიას.

გზშ-ის ანგარიშის თანახმად, საპროექტო ჰესის ინფრასტრუქტურის განთავსება დაგეგმილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.

„ჰესის შემადგენლობაში გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწყობა: ჰესის სათავე ნაგებობა, ჰესის სადაწნეო-სადერივაციო მილსადენი და ჰესის სააგრეგატო შენობა. უახლოესი საცხოვრებელი სახლი ჰესის შენობიდან დაშორებულია 1100 მეტრით (სოფ. პატარა არაკალი), სამშენებლო ბანაკი №2-დან 1200 მ-ით, სამშენებლო ბანაკი № 1-დან 4800 მეტრით (სოფ. დიდი არაკალი), ხოლო

სანაყაროდან 2800 მეტრით (სოფ. დიდი არაკალი). ჰესის საანგარიშო წყლის ხარჯი იქნება – 7,6 მ3/წმ, ეკოლოგიური ხარჯი 0,80 მ3/წმ და სათავე ნაგებობაზე ნომინალური შეტბორვის ნიშნული ზღვის დონიდან შეადგენს 1995 მეტრს“, – ვკითხულობთ 2025 წლის მაისის გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში.

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც პროექტს ახორციელებს?

შპს „არაკალი“ სამეწარმეო რეესტრში 2020 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი გიორგი გოგავაა. ბოლო მდგომარეობით, „არკალის“ წილების 75%-ს შპს „ლონგშიფ ენერჯი“, ხოლო 25%-ს ვახტანგ ბარბაქაძე ფლობენ.

რაც შეეხება „არაკალის“ ერთ-ერთ მფლობელ „ლონგშიფ ენერჯის“, ის ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანიის წილებს ზვიად ალავიძე და დავით უგრელიძე თანაბრად ინაწილებენ.