„ჩვენ სააფთიაქო ქსელებზე მუდმივად საუბრობენ, რომ დიდი მოგებით ყიდიან მედიკამენტებს და ა.შ. რაც ნამდვილად არასდროს ყოფილა“ – „ავერსი“

„ჩვენ სააფთიაქო ქსელებზე მუდმივად საუბრობენ, რომ დიდი მოგებით ყიდიან მედიკამენტებს და ა.შ. რაც ნამდვილად არასდროს ყოფილა და არც დღეს არის“, – ამის შესახებ „ავერსი ფარმას“ სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკატერინე ბურძენიძემ პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეცხრე სამუშაო სხდომაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ამჯერადაც შეხვედრაში მონაწილეობას კვლავ ფარმაცევტული კომპანიები იღებენ. საუბარი კი, მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების გარშემო მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ რეფერენტული მედიკამენტების რაოდენობა გაიზარდოს 100%-მდე. დამერწმუნეთ, ეს ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება. მორალური ტვირთი, რაც ახლა მუდმივად გვაქვს – ჩვენ სააფთიაქო ქსელებზე მუდმივად საუბრობენ, რომ დიდი მოგებით ყიდიან მედიკამენტებს და ა.შ. რაც ნამდვილად არასდროს ყოფილა და არც დღეს არის. ეს ტვირთი სრულად ჩამოეხსნება სააფთიაქო ქსელს. ამიტომ, სრულად მივესალმებით რეფერენტული ფასების შემოღებას ყველა მედიკამენტზე.

რაც შეეხება „ავერსი რაციონის“ მედიკამენტების წილს, დიდი არ არის, ძალიან მინიმალურია. მაგრამ რასაც აწარმოებს „ავერსი რაციონალი“ სრულად გვაქვს წარმოდგენილი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენს სააფთიაქო ქსელს არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ გავყიდოთ „ავერსი რაციონალის“ წარმოებული მედიკამენტები მიზანმიმართულად. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლის ნება, მადლიერება და მათ არჩევანი. თუ მომხმარებელი აირჩევს „რაციონალის“ პოზიციას და ექიმიც დაუნიშნავს, რა თქმა უნდა, ჩვენ სიამოვნებით გავყიდით“,- განაცხადა ეკატერინე ბურძენიძემ.

ცნობისთვის, კომისიამ, 30 მარტს ფარმაცევტული კომპანიების ნაწილს უკვე მოუსმინა. ჯამში, რვა სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოუსმინეს როგორც ადგილობრივ მწარმოებლებს, ასევე სადისტრიბუციო კომპანიებისა და რითეილ სექტორის წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, რომ ფასებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა განცხადება პირველად 2025 წლის 24 დეკემბერს გააკეთა. ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩაერთო.

რაც შეეხება შედეგებს, როგორც ცნობილია კომისია მუშაობას სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს.