„ხელოვნური დეფიციტი მტკივნეული მოსასმენია, აფთიაქს ჰქონდეს ნაშთი საწყობში და არ გაყიდოს?! – არავის თავში არ მოუვა ასეთი რამ“

„როგორ წარმოგიდგენიათ, აქ მჯდომ ნებისმიერ ორგანიზაციას ჰქონდეს ნაშთი საწყობში და არ გაყიდოს?! – ეს წარმოუდგენელია, არავის თავში არ მოუვა ასეთი რამ,“ – ასე უპასუხა „პსპ ჯგუფის“ ჯანდაცვის მიმართულების დირექტორმა გიორგი რამიშვილმა, პარლამენტის ფასების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე გაჟღერებულ კითხვას – „ხომ არ იქმნება ხელოვნური დეფიციტი მედიკამენტებზე რიგ შემთხვევაში, რადგან გვახსოვს ონკოლოგიურ პრეპარატებზე იყო შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა და კლინიცისტები ვერ პოულობდნენ ამა თუ იმ საჭირო მედიკამენტს, მაშინ როცა ბაზაში ვხედავდით, რომ შემოტანილი იყო საქართველოში“.

„ხელოვნური დეფიციტი მტკივნეული მოსასმენია, აფთიაქს ჰქონდეს ნაშთი საწყობში და არ გაყიდოს?! - არავის თავში არ მოუვა ასეთი რამ“

„ხელოვნური დეფიციტი არის ძალიან მტკივნეული მოსასმენი. როგორ წარმოგიდგენიათ, აქ მჯდომ ნებისმიერ ორგანიზაციას, ჰქონდეს ნაშთი საწყობში და არ გაყიდოს? – ეს წარმოუდგენელია, არ ხდება ასეთი რამ. დაუჯერებელია, ასეთი რამ არავის თავში არ მოუვა,“ – აღნიშნა რამიშვილმა.

“ისე არ მინდა წარმოჩინდეს, რომ ყველა თეთრს ვეკიდებით, პირიქით ძალიან ბევრს ვაკეთებთ უსასყიდლოდ” – PSP

კომისიის წევრები ასევე დაინტერესდნენ, – თუ არის მედიკამენტები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ რეფერენტული ფასის დაწესების გამო ძვირი ჯდება და აღარ შემოაქვს კომპანიას და თუ არის ასეთი შემთხვევა {ბევრი არ იქნება} მთავრობამ რომ მიიღოს გადაწყვეტილება და დაავალდებულოს კომპანია, ეს წამლები მაინც შემოიტანოს, როგორი იქნება კომპანიების პოზიცია.

„იმედი მაქვს რომ ეს ასე არ მოხდება, ჯერ არ გვაქვს საფუძველი, რომ ამაზე ვილაპარაკოთ. PSP-ს ქსელის შემთხვევაში, დღესაც არის გარკვეული მედიკამენტები, რომელთა ფასიც უფრო მაღალია, ვიდრე დადგენილი საბითუმო რეფერენტული ფასი, მაგრამ მაინც შემოგვაქვს და საცალო მომხმარებელს ვთავაზობთ, რადგან ეს პროდუქტი არის შეუცვლელი და მეტი ანალოგი არ აქვს.

თუმცა, სისტემურ ხასიათს ეს არ უნდა იღებდეს, დამეთანხმებით ალბათ ამაში, სხვანაირად როგორ იფუნქცინირებს?!

ისე არ მინდა წარმოჩინდეს, რომ ყველა თეთრს ვეკიდებით, პირიქით ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ უსასყიდლოდ.. სოციალური თვალსაზრისითაც ვართ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში ჩართული და თუ სისტემური ხასიათი მიიღო, იმან რომ ყველაფერი გაძვირდა და ჩვენ დაგვავალდებულეს რომ შემოვიტანოთ ძველ ფასად, ამის რესურსი დიდ ორგანიზაციებსაც არ ექნებათ,“ – აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა კომისიამ, ჯამში 8 სამუშაო შეხვედრა გამართა.

16 მარტს, დასრულდა FMCG სექტორში მოქმედი ბიზნესოპერატორების მოსმენა, რომლის ფარგლებშიც მოუსმინეს როგორც ადგილობრივ მწარმოებლებს, ასევე სადისტრიბუციო კომპანიებისა და რითეილ სექტორის წარმომადგენლებს.

რაც შეეხება შედეგებს, როგორც ცნობილია კომისია მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.

ცნობისთვის, ფასებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა განცხადება პირველად 2025 წლის 24 დეკემბერს გააკეთა. ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩაერთო.