„განგრძობად პერიოდში ფასის საკმაოდ დიდ ცვლილებას გამოიწვევს“ – როგორ აისახება საწვავის გაძვირება სასურსათო პროდუქციაზე

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო გაძვირებული საწვავი გავლენას ახდენს საკვები პროდუქტების ფასზეც. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად შესაძლოა, ფასის ცვლილება მკვეთრი არ იყოს, მიმდინარე მოვლენები უახლოეს მომავალში ფასების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.

მისივე თქმით, საწვავის გაძვირების ფონზე სადისტრიბუციო კომპანიებისა და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის იზრდება ლოგისტიკური ხარჯები. ამას ემატება კონფლიქტის გამო საერთაშორისო მომწოდებლებისთვის გაზრდილი ხარჯიც და მიწოდების შეფერხებები, რაც იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასის მატებას იწვევს.

„გლობალურად მიმდინარე პროცესებმა დამატებითი წნეხი წარმოშვა საკვები პროდუქტის ფასზე, რაც ამ ეტაპისთვის ისე არ არის ასახული და მომხმარებელი მნიშვნელოვან ფასთა ცვლილებას ვერ ხედავს, მაგრამ, განგრძობად პერიოდში გამოიწვევს ფასის საკმაოდ დიდ ცვლილებებს პროდუქციაზე.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საწვავის გაძვირებაზე, აქ უნდა ვისაუბროთ მთელ ლოგისტიკურ ჯაჭვზე. გარდა შიდა ლოჯისტიკური ხარჯისა, რასაც მწარმოებელი თუ სადისტრიბუციო კომპანია ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ლოჯისტიკური მომსახურების გასაწევად იყენებს, არის საერთაშორისო გადაზიდვის ფასი, რომელიც მიბმულია ნავთობის ფასზე და ნავთობის ფასის ცვლილება ისახება პროპორციულად ამ ნაწილშიც.

მთავარი კომპონენტია საერთაშორისო მიმწოდებლების საკითხი – როდესაც გლობალურად ხდება ნავთობის გაძვირება, საერთაშორისო მომწოდებლებსაც წარმოეშობათ დამატებითი ხარჯი, რაც ჩვენთვის, როგორც იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის, მომწოდებლების მხრიდან ფასის ცვლილებას იწვევს. რომ შევაჯამოთ, გაიზარდა მომწოდებლის ფასი, ტრანსპორტირების ხარჯი და შიდა ლოჯისტიკური ხარჯები“, – აცხადებს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი.

„მიმდინარე პროცესების გაგრძელება ნეგატიურად აისახება საწვავის ფასზე და მძიმე ტვირთად დააწვება მომხმარებელს”

 

 

როგორც წესი, მარაგებიდან გამომდინარე, ნედლი ნავთობის გლობალურად გაძვირება ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად არ ისახება. რიჟამაძის თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ფასების გაძვირება იმდენად შესამჩნევი არ ყოფილა, რაც რეალურად გრძელვადიან პერიოდში მოსალოდნელია.

„სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე არ არის ისეთი მკვეთრი გაძვირება, რასაც შეიძლება მომხმარებელი უახლოეს მომავალში ელოდოს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია კონფლიქტის ვადებზე და იმაზე, თუ რა ფორმით გაგრძელდება აღნიშნულის სიტუაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, მიმდინარე პროცესების გაგრძელება ნეგატიურად აისახება საწვავის ფასზე და მძიმე ტვირთად დააწვება მომხმარებელს, რადგან საწვავი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სურსათის ფასის ფორმირებისას“, – ამბობს ლაშა რიჟამაძე.

„რიგ პროდუქციაზე არსებობს გადაზიდვის პრობლემები”

 

 

გარდა გაზრდილი ლოჯისტიკური ხარჯებისა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა მიწოდების პრობლემებიც შექმნა. ცალკე საკითხია საქართველოში პროდუქციის იმპორტი ირანიდან, რომელიც ქვეყნისთვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოწოდების მნიშვნელოვანი წყაროა.

„რიგ პროდუქციაზე არსებობს გადაზიდვის პრობლემები, ჩვენდა საბედნიეროდ, აღნიშნული რეგიონიდან პროდუქციის დიდი ნაწილის იმპორტი არ ხორციელდება საქართველოში, მაგრამ, იმ ჩვენი საერთაშორისო მომწოდებლებისთვის, საიდანაც ხდება აქ იმპორტი, გარკვეული ტიპის ნედლეულის მიწოდების კუთხით შეფერხება არსებობს.

მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარე ჩვენთვის გამოწვევა არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტში, სადაც ირანს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. შეფერხება სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიმართულება ჩვენი მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება. გარკვეული ტექნიკური პრობლემები ამ ბაზრიდან იყო, თუმცა ამ ეტაპზე გადაჭრილია, კერძოდ, პრობლემა იყო ტრანსპორტირების ნაწილში.

ჩვენდა სამწუხაროდ, სოფლის-მეურნეობის პროდუქციის დიდი ნაწილი შემოდის ირანიდან. ირანის ბაზარზე ცვლილებები ისახება სხვა იმპორტიორი ქვეყნის ბაზრებზეც. პირობითად თურქეთი იქნება ეს თუ სხვა მომწოდებელი, იქაც გავლენას მოახდენს ფასებზე იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის ზრდის ფონზე დაწოლა წავა სხვა ქვეყნებზე“, – განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

შეგახსენებთ, 28 თებერვლიდან, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხებულია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი სწორედ ჰორმუზის სრუტის გავლით ხორციელდებოდა.

აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ სრუტეში გადაადგილება თითქმის შეჩერებულია, რაც გავლენას ახდენს ნედლი ნავთობის გლობალურ ფასებზე.

ამის პარალელურად, საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე ტენდენცია საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 9 მარტიდან აისახა – ამ პერიოდიდან 3 აპრილამდე ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი რამდენიმე ეტაპად – 27-დან 84 თეთრამდეა გაზრდილი.