„სოფლები რაღაც პერიოდში დაცარიელდება და პირველ რიგში, ეს მოხდება სასაზღვრო სოფლებში, მთიანი რეგიონის სოფლებსა და სამხრეთ საქართველოს სოფლებში“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სოციოლოგმა და ეკონომისტმა პაატა აროშიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ შობადობის შემცირება განსაკუთრებით თვალშისაცემია სოფლებში.

აქვე შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში შობადობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა. 2025 წელს ქვეყანაში 37 867 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობა 44 319-ს შეადგენდა.
„ყველაზე მეტრი პრობლემა არის სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში – იქ შობადობა ძალიან დაბალია. არის ისეთი სოფლები, სადაც გამართული ინფრასტრუქტურის სკოლაა, მაგრამ მოსწავლეები აღარ არიან, საბავშვო ბაღი არის ადგილზე და რამდენიმე აღსაზრდელია დარჩენილი. სოფლები რაღაც პერიოდში დაცარიელდება და პირველ რიგში, ეს მოხდება სასაზღვრო სოფლებში, მთიანი რეგიონის სოფლებსა და სამხრეთ საქართველოს სოფლებში. ბუნებრივია იმას დაიკავებს შემდეგ უცხოტომელი და მერე სიტუაციის გამოსწორება ათასჯერ უფრო რთული იქნება, ვიდრე დღეს არის. წარმოიშობა როგორც ეროვნული, ასევე სოციალური და ეკონომიკური პრობლემა. რაც შეეხება მდგომარეობის გამოსწორების გზებს, მატერიალური წახალისება არის ერთ-ერთი გზა; მეორე გზა არის ის, რომ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თავად არის ერის გადამრჩენელი“, – ამბობს სოციოლოგი.
„შობადობის შემცირება სოციალურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული
როგორც პაატა აროშიძე აღნიშნავს, ქვეყანაში შობადობის შემცირება პირდაპირ დაკავშირებულია მოქალაქეთა სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობასთან, თუმცა, მისი თქმით, ამ წინაპირობასთან ერთად, შობადობის შემცირებაზე სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას.
„ეს პირდაპირ კავშირშია [სოციალურ მდგომარეობასთან], მაგრამ თუ შევხედავთ ეკონომიკურად მაღალგანვითარებულ ქვეყნებს, ისინიც უჩივიან დემოგრაფიული პრობლემებს. საქართველოში ადამიანები უჩივიან სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მათი მთავარი არგუმენტი სწორედ ის არის, რომ ბავშვს სჭირდება მოვლა და ფინანსები. მე ვფიქრობ, რომ მატერიალურმა წახალისებამ შესაძლოა, ოდნავ გააუმჯობესოს სიტუაცია. უცხოეთში ეს მეთოდი აპრობირებულია.
შობადობა, პირველ რიგში, სოციალურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. მოქალაქეებს აქვთ არგუმენტად, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობაა, სამუშაო რთული საპოვნელია, ხშირად მათი შემოსავალი მხოლოდ საკუთარი თავის რჩენას ვერ სწვდება. მაგრამ მხოლოდ მძიმე სოციალური პირობებს რომ დავაბრალოთ არსებული სიტუაცია, არ იქნება სწორი. მენტალიტეტის საკითხიც არის და ეს შესაცვლელი, სკოლიდანვე უნდა ჩავუნერგოთ ახალგაზრდებს ეს აზრი. მხოლოდ სახელმწიფოსა და სოციალურ პირობებზე გადაბრალება არავითარ შედეგს არ მოიტანს“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ პაატა აროშიძემ.
