როგორც თემურ ჭყონია ამბობს, ეს აღნიშნული საკითხისადმი ბიზნესის ვალდებულებასაც უფრო აძლიერებს.
“პირველ რიგში, ინდუსტრია, ათასობით ადამიანი ძალიან გახარებულია ამ გადაწყვეტილებით. იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი, ვინც ამ ინდუსტრიაში მსახურობს, ინჟინრები, ტექნოლოგები და ა.შ. ელოდებოდა ჩვენი კონსულტაციების შედეგად, მიდგომის შეცვლას. უნდა შეიქმნას ახალი ინდუსტრია ნარჩენების გადამამუშავებელი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ბიზნესის შემდეგი განვითარებისთვის. კონსულტაციების შედეგად რომ მივიღეთ ეს გადავადება, ეს ჩვენს ვალდებულებასაც უფრო აძლიერებს ამ საკითხისადმი.
„ეს სწორი გადაწყვეტილებაა“ – თემურ ჭყონია პლასტმასის ბოთლებით სასმლის გაყიდვის აკრძალვის გადავადებაზე
რადგან ოთხი წლის შემდეგ ეს საკითხი რომ დადგება, განხილვის თემაც არ უნდა იყოს, რომ პლასტიკის ნარჩენები შესაგროვებელი და გადასამუშავებელია. ფაქტია, მსოფლიო პრაქტიკა და გამოცდილებაც ამას აჩვენებს, რომ ყველა ქვეყანაში ეს თემა მაღალ ინდუსტრიულ დონეზეა აყვანილი. ჩვენც გათავისებული გვაქვს, რომ ეს ოთხი წელი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ახალი ინდუსტრია შეიქმნას საქართველოში. ამიტომ, ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და სწორი მიდგომა.
მე ვფიქრობ, პლასტიკს ვინც იყენებს, ყველა უნდა ჩაერთოს ამ ნარჩენების გადამუშავების სისტემაში. შეიძლება ბევრი – პატარა და დიდი ქარხანა არსებობდა, რომელიც გადამუშავებაზე მუშაობდა, მაგრამ აწარმოებდნენ ისე, რომ არ იყო შექმნილი ინდუსტრიული მიდგომა. ახლა სწორედ ეს მიდგომა გაძლიერდება და შედეგი გვექნება არაჩვეულებრივი.
მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა ჩავერთოთ მთლიან სისტემაში, ეს არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თვითონ შევქმნათ კარგი სტანდარტი, თუმცა გათვალისწინებული უნდა იყოს მსოფლიოს გამოცდილება. აქ უნდა იყოს ასეთი ფორმულა: სახელმწიფო, მწარმოებელი და საზოგადოება. ეს სამი კომპონენტი უნდა გაერთიანდეს. ბუნება ხომ მარტო მწარმოებლის არ არის, აქ მთელი მოსახლეობაა ჩართული. ამიტომ, როცა ვსაუბრობთ გადამამუშავებელი მრეწველობის და ინდუსტრიის შექმნაზე, ყველა უნდა იყოს ჩართული. ამას სჭირდება ვადა, მენტალიტეტის ცვლილება, მიდგომა, ახალი ტექნოლოგიები, ახალი პროდუქციის გამოშვება. ეს შემოსავლიანი ბიზნესი გახდება, ოღონდ ამას დრო სჭირდება”,- ამბობს თემურ ჭყონია.
კითხვაზე, საკმარისი იქნება თუ არა ამისთვის ოთხი წელი? – ბიზნესმენი პასუხობს:
“თუ საკმარისი არ იქნება ოთხი წელიწადი, დაგეგმილი პროექტების 70-80% მაინც შესრულებული უნდა გვქონდეს”.
ცნობისთვის, პლასტმასის ბოთლებით სასმლისა და წყლის რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა. როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მათ გაითვალისწინეს პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის ბიზნესის სუბიექტური ინტერესები, ასევე, კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე.
შეგახსენებთ, რომ 3-ლიტრამდე სასმელი წყლისა და 20-ლიტრამდე ალკოჰოლური, არაალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელების პლასტმასის ბოთლებში წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია (გარდა ექსპორტისა), 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო. მთავრობის ამ წინა გადაწყვეტილებას, ბიზნესის მხრიდან კრიტიკა მოყვა, რის შემდეგაც მათთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა.

