
ცნობისთვის, სტუმარმასპინძლობის სექტორი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ტურისტების სიმცირეს უჩივის.
საქართველოს ტურიზმზე ომისგან გამოწვეულ გავლენებზე საუბრისას, გასათვალისწინებელია ისრაელიდან შემცირებული ნაკადები, ვინაიდან ეს უკანასკნელი ტურისტული შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს აგენერირებდა.
მაგალითისთვის, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წელს საქართველომ ისრაელის მოქალაქეების მიერ გაწეული დანახარჯებიდან 586 მლნ დოლარის ტურისტული შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 34%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
როგორც მაიკო კეზევაძე “ბიზნესპრესნიუსთან” აღნიშნავს, სასტუმროში წინასწარი ჯავშნები სტაბილურად ნარჩუნდება.
„ჩვენი სეგმენტი არ მოიცავს იმ ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში ჯავშნები აქტიურად უქმდება. წლებია, ძირითადად ევროპელი და ამერიკელი სტუმრები გვყავს. აქედან გამომდინარე, მიმდინარე მოვლენებს პრაქტიკულად, ჩვენს ობიექტზე გავლენა არ მოუხდენია.
ჯავშნებიც საკმაოდ მყარად გვინარჩუნდება. მეტწილად, გვაქვს ჯავშნები პოლონეთიდან, ბოლო წლებია, მასიურად დაგვემატა საფრანგეთი და იტალია. ის რომ, ორიენტირი თავიდანვე ევროპულ ბაზარზე გვქონდა, გახდა გარანტია იმის, რომ ასეთ მომენტში შევინარჩუნეთ სტაბილურობა.
აპრილში 50-60%-იანი დარეზერვება გვაქვს, მაისში პრაქტიკულად, ადგილი არაა. ზაფხულს რაც შეეხება, 60-70%-იანი რეზერვაციაა ობიექტში და ჯავშნები ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება.
ჩვენი მთავარი მიმართულება აგროტურიზმი და გასტროტურიზმია, ევროპელი ადამიანი კი სწორედ ამით, ქართული კულტურით ინტერესდება. აზიელი ტურისტები რამდენჯერაც გვყავდა, ვნახეთ, რომ მათ ინტერესებში ეს არ შედიოდა“, – განაცხადა მაიკო კეზევაძემ.
