თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი – ქვეყნები, სადაც საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა ირიცხება

2025 წელს საქართველოდან მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ჯამში 420.45 მლნ დოლარის ფულადი გზავნილები განხორციელდა – ამაზე მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები. აქედან ყველაზე დიდი მოცულობის თანხა, 78.97 მლნ დოლარი თურქეთში გადაირიცხა.

უფრო კონკრეტულად, ეროვნული ბანკის სტატისტიკაზე დაყრდნობით, „ბიზნესპერსნიუსი” გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, სადაც 2025 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა:

  • თურქეთი – 78.976 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი – 66.006 მლნ დოლარი
  • რუსეთის ფედერაცია – 48.074 მლნ დოლარი
  • უკრაინა – 27.765 მლნ დოლარი
  • საბერძნეთი – 23.074 მლნ დოლარი
  • უზბეკეთი – 20.487 მლნ დოლარი
  • ყაზახეთი – 16.949 მლნ დოლარი
  • იტალია – 15.159 მლნ დოლარი
  • აშშ – 14.045 მლნ დოლარი
  • გერმანია – 12.427 მლნ დოლარი

აღსანიშნავია ისიც, რომ სებ-ის სტატისტიკით, 2025 წელს საქართველოდან ფულადი გადარიცხვები წინა წელთან შედარებით 11.2%-ით გაიზარდა. 2024 წელს ქვეყნიდან 378.006 მლნ დოლარის გზავნილები განხორციელდა.

რაც შეეხება კონკრეტულად 2026 წლის სტატისტიკას, (სებ-ის ბოლო განახლებული მონაცემები მოიცავს თებერვლის თვეს) თებერვალში ქვეყნიდან 32 966 800 დოლარი გადაირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 მლნ დოლარით მეტია, 2025 წლის თებერვალში საქართველოდან ფულადმა გზავნილებმა 28 709 100 დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტი თანხა კი, 2025 წლის ანალოგიურად, აზერბაიჯანში (5.302 მლნ დოლარი), თურქეთსა (5.131 მლნ დოლარი) და რუსეთში (4.282 მლნ დოლარი) გადაირიცხა.

რაც შეეხება საქართველოში გადმორიცხვებს, ზრდა აქაც ფიქსირდება. კერძოდ, 2025 წელს 3.649 მლრდ დოლარი გადმოირიცხა, 2024 წელს კი 3.361 მლრდ დოლარი. წელს თებერვალში კი 295.319 მლნ დოლარი გადმოირიცხა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 252.282 მლნ დოლარი.