საფრანგეთის მეგა პოპულარულ მუსიკალურ პროექტში “The Voice“, 11 აპრილის ღამეს ნამდვილი სენსაცია მოხდა.
სცენაზე გამოვიდა 38 წლის მამაკაცი, რომელმაც სერჟ ლამას საკულტო ჰიტით “Je suis malade“ არა მხოლოდ ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა, არამედ ლეგენდარული ლარა ფაბიანი აატირა და მასთან ერთად დუეტიც შეასრულა. თუმცა, ამ ბრწყინვალე არტისტის მიღმა იმალება დიდი ტკივილით, ემიგრაციითა და სამშობლოს მონატრებით სავსე ისტორია, რომელიც საქართველოს უკავშირდება.
-
ომს გამოქცეული ბავშვობა და მუსიკით ნაპოვნი ხმა
ვლადიმირ კორნეევი საქართველოში, ბოლნისში 1987 წელს ქართულ-რუსულ ოჯახში დაიბადა. მისი ბავშვობა ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომს დაემთხვა. მამამ, რომელიც ავღანეთის ომში მძიმედ იყო დაჭრილი, ვეღარ შეძლო უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება და ოჯახი იძულებული გახდა, პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსით გერმანიაში გაქცეულიყო. იმჟამად ვლადიმირი სულ 5 წლის იყო.
“იმ დროს ლაპარაკი არ შემეძლო, რადგან ენაბორძიკობა მქონდა. პიანინოზე დაკვრა და სიმღერა ყოველთვის მეხმარებოდა პატარა ბიჭობისას”, – იხსენებს მომღერალი.
ვლადიმირის ოჯახმა გერმანიაში ცხოვრება ნულიდან დაიწყო. მათ თან მხოლოდ რამდენიმე ფოტო, ტანსაცმელი და ერთი ძველი კასეტა ჰქონდათ, რომელზეც ქართული სიმღერა “წეროები“ იყო ჩაწერილი. სწორედ ეს სიმღერა გახდა მისი პირველი მუსიკალური ნავსაყუდელი – “როცა მამა ამ სიმღერას უსმენდა, მხოლოდ მაშინ იყო მშვიდად…”
-
დედა – “ლომი“ და მთავარი დასაყრდენი
ვლადიმირის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა დედამ – ირინამ. რუსული ლიტერატურის მასწავლებელმა, რომელიც ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრებისას, შვილის გადასარჩენად, მდიდარი ოჯახების სახლებს ალაგებდა.
“დედაჩემი ჩემსა და სამყაროს შორის იდგა მანამ, ვიდრე საკმარისი ძალა არ ვიპოვე მისთან შესახვედრად. ის არის ჩემი პირველი, ყველაზე ერთგული და მგზნებარე მაყურებელი”, – წერს ვლადიმირი დედისადმი მიძღვნილ ემოციურ პოსტში.
-
გზა საქართველოდან პარიზამდე
მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირი ბერლინში გაიზარდა და წარმატებული მსახიობიც გახდა (იგი მონაწილეობს ცნობილ ისეთ სერიალებში, როგორიცაა “Tatort“), საქართველო მისთვის ყოველთვის დარჩა “დაკარგულ სამოთხედ“. 2022 წელს საქართველოში ყოფნისას, ის ესტუმრა ყაზბეგს, საიდანაც აღტაცებული წერდა: “საქართველო, შენ მშვენიერი ხარ!“
მისი კონცერტები, როგორიცაა პროექტი “YOUKALI“, ხშირად ეთმობა ემიგრაციის თემას. მიუნხენსა თუ ლონდონში გამოსვლისას, ის ყოველთვის ასრულებს სიმღერას “საქართველო“, რადგან მიიჩნევს, რომ მუსიკა არის ერთადერთი ადგილი, სადაც მას შეუძლია თავი დაცულად და შინ იგრძნოს.
-
შეხვედრა კუმირთან: “შენს გამო გავხდი მომღერალი, ლარა!“
ვლადიმირმა ფრანგული ენის შესწავლა მხოლოდ ორი წლის წინ დაიწყო. მისი მთავარი ინსპირაცია ლარა ფაბიანი იყო. 20 წლის ასაკში, როცა მისი პედაგოგმა ლარას მიერ შესრულებული “Je suis malade“ აჩვენა, ვლადიმირი მიხვდა, რომ ცხოვრება მუსიკის გარეშე ვერ წარმოედგინა…
“The Voice“-ის სცენაზე ვლადიმირმა პირდაპირ მიმართა ფაბიანს: “შენს გამო გავხდი მომღერალი, ლარა!“
ემოციები იმდენად ძლიერი იყო, რომ ლარა სცენაზე ავიდა, მასთან ერთად იმღერა და საბოლოოდ, ვლადიმირი სწორედ მის გუნდში გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის.
-
“მუსიკალური სული, რომელიც კი არ მღერის, სიმღერას ჰყვება“ – ლარა ფაბიანი
ვლადიმირ კორნეევის გამოსვლას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ლარა ფაბიანის ნიდერლანდურმა ფან-გვერდმაც გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი. როგორც ირკვევა, ვლადიმირი ლარას გუნდის მე-13 წევრია.
მომღერლისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ვლადიმირმა სიმღერა სწორედ მისი ინსპირაციით დაიწყო. სცენაზე მათმა ერთობლივმა შესრულებამ აჩვენა, რომ ლარამ ქართველი შემსრულებელი არა უბრალოდ კონკურსანტად, არამედ თავის თანასწორ, “ყველაზე ლამაზ მუსიკალურ სულად“ აღიარა.
ლარა ფაბიანმა ხაზგასმით აღნიშნა,”ვლადიმირმა სიმღერა “Je suis malade“ კი არ დააკოპირა, არამედ საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა და თავისი სიმართლე მოიტანა. ის არ მღერის, ის ნამდვილ ამბავს ჰყვება, მას იშვიათი ემოციური გულწრფელობა აქვს,“ – ასე შეაფასა მწვრთნელმა მისი ვოკალი.
მან ასევე აღფრთოვანება გამოხატა ვლადიმირის პიანინოზე დაკვრის მანერითა და მუსიკალურობით.
-
მომავლის გეგმები
ვლადიმირ კორნეევი არ ჩერდება. მაისში ბერლინში, “Tipi am Kanzleramt“-ის სცენაზე გეგმავს ახალ კონცერტს, რომელზეც პირველად მოუყვება მაყურებელს თავის სრულ ისტორიას: საქართველოდან გერმანიამდე – ომისშემდგომი დუმილიდან მუსიკით ნაპოვნ ხმამდე.

დღეს ვლადიმირი “ფრანგული ხმის” ფავორიტია, თუმცა მისი გული კვლავ ქართული მთებისა და იმ ემოციების ერთგული რჩება, რომელიც მას სამშობლომ გამოაყოლა. მან ამაზე მას მერეც ილაპარაკა, რაც ოთხივე მწვრთნელი შემოაბრუნა…







