რუსეთმა შავ ზღვას ეკოლოგიური კატასტროფა აარიდა

ავ ზღვაში, ანაპის სანაპიროდან 11 კილომეტრში ნავთობის ლაქა გამოჩნდა, რომელიც ნაპირისკენ მიედინება. ამის შესახებ კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რასაც რუსული მედია ავრცელებს.

შტაბის ცნობით, შემაკავებელმა ზომებმა ნავთობის ლაქის ნაპირისკენ დრეიფი ვერ შეაჩერა.

კრასნოდარის მხარის ხელისუფლება ლაქის ყველაზე სავარაუდო მიზეზად „შავ და აზოვის ზღვებში გემებზე, ასევე, სანაპირო ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონების თავდასხმებს“ ასახელებს, რომლის დროსაც „სამოქალაქო გემების დაზიანებამ ზღვაში შესაძლოა, მცირე რაოდენობით ნავთობის ჩაღვრა გამოეწვია.“

რუს გარემოსდამცველთა ჯგუფის მიერ თანამგზავრ Sentinel-1-ის სურათების გაანალიზების თანახმად, ნავთობის ლაქა 117 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და სამხრეთ-დასავლეთით 43 კილომეტრზე არის გადაჭიმული. მან უკვე ანაპის ცელას მიაღწია. გარემოსდამცველები დაღვრილი ნავთობის მოცულობას 300-350 ტონად აფასებენ.

დაბინძურების შესაძლო წყარო ქერჩის სრუტის სამხრეთით ღუზაზე მდგომი ტანკერია. 7 აპრილს თანამგზავრმა მის მახლობლად ნავთობის დაღვრა აღმოაჩინა. თუმცა გარემოსდამცველებს ჯერ არ შეუძლიათ, ზუსტად განსაზღვრონ, რომელმა ტანკერმა გამოიწვია გაჟონვა, რადგან დაღვრის ადგილას ერთდროულად 30-40 გემი იმყოფებოდა. მაგალითად, 5 აპრილს აზოვის ზღვაში ხორბლის გადამზიდავი „ვოლგო-ბალტი“ ჩაიძირა, ხოლო ცოტა ხნით ადრე ტაგანროგის ყურეში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა ნაყარი ტვირთმზიდი დააზიანა.

მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში დასავლეთის ქარმა ლაქა შესაძლოა, ანაპის ნაპირისკენ გადაიტანოს. ამ ფონზე პრეზიდენტი პუტინი კრასნოდარის მხარის გუბერნატორს შეხვდა, რომელმაც პირობა დადო, რომ წელს ანაპაში რუსებისთვის ყველა პლაჟი გაიხსნებოდა. პლაჟები 2024 წლის დეკემბერში, ქერჩის სრუტეში ორი რუსული ტანკერის, „ვოლგონეფტ 212-ისა“ და „ვოლგონეფტ 239-ის“ ჩაძირვის შემდეგ დაიხურა.

პუტინის ჩარევამ იმოქმედა. მარტის ბოლოს ფედერაციის ვიცეპრემიერ ვიტალი საველიევმა განაცხადა, რომ პლაჟებიდან მაზუთის 90%-ზე მეტი ამოღებულია და წყალი ცურვისთვის უსაფრთხოა, ამდენად, მოქალაქეებისთვის ისინი მიმდინარე წლის 1-ელ ივნისამდე გაიხსნება. თუმცა მანამდე, თებერვლის შუა რიცხვებში სანაპირო ზოლზე ჩაღვრილი მაზუთის ახალი ემისიები გაჩნდა, მაგრამ სამუშაოები დაჩქარდა და უფრო ორგანიზებული ხასიათი შეიძინა.

ბუნებრივი რესურსების ზედამხედველობის ფედერალური სამსახური, „როსპრიროდნადზორი“ აღიარებს, რომ შავ ზღვაში ჩაღვრილი მაზუთის მთლიანი ამოღება შეუძლებელია. უწყების ცნობით, ერთ-ერთი ჩაძირული ტანკერიდან საწვავი წყალში კვლავ ჟონავს. თუმცა ეკონომიკური კატასტროფა თავიდან არის აცილებული და ზარალი მინიმუმამდეა დაყვანილი. მთლიანობაში, სრულიად რუსეთის გარემოს დაცვის საზოგადოების სამეცნიერო-ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, შავი ზღვის რეგიონში დაბინძურების ბუნებრივ გაწმენდას სამ წელზე მეტი დრო დასჭირდება.