“ავიაბილეთები, რაც ღირდა 400 დოლარი, უკვე 700 დოლარი გახდა – მერე საწვავის ფასი ქვემოთაც რომ წამოვიდეს, ბილეთები რჩება ძვირი“

“ავიაბილეთები, რაც ღირდა 400 დოლარი,უკვე 700 დოლარი გახდა – მერე საწვავის ფასი ქვემოთაც რომ წამოვიდეს, ბილეთები რჩება ძვირი“ , – ამის შესახებ ავიაციის სფეროს ექსპერტმა იასე ზაუტაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებისა და ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების გადაადგილების შეზღუდვის გამო, მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასები გაიზარდა. ზრდა შეეხო ასევე საავიაციო ნავთსაც, რასაც ასევე მცირედი დეფიციტი დაემატა. როგორც დასავლური მედია წერს, ახალი მიწოდების გარეშე ზოგიერთ ქვეყანაში ავიასაწვავი შესაძლოა, 8-10 დღეში ამოიწუროს, რაც ზაფხულის ტურისტულ სეზონს საფრთხეს უქმნის. რაც შეეხება ევროპაში არსებულ მთლიან მარაგს, რომელშიც სპარსეთის ყურიდან უახლესი მიწოდებებიც შედის,Corriere della Sera-ს ინფორმაციით, შესაძლოა, მხოლოდ მაისის მეორე ან მესამე დეკადამდე იყოს საკმარისი.

აღნიშნულთან დაკავშირებით იასე ზაუტაშვილი ამბობს, რომ საავიაციო საწვავის დეფიციტის შექმნა მოსალოდნელი არ არის, თუმცა შეფერხებები და მოთხოვნის ზრდა, ავიაბილეთები ფასებზე უკვე ასახულია.

რატომ არ იაფდება ავიაბილეთები საწვავის გაიაფების შემდეგ

 

„ზოგადად, როგორც წესი, ავიაკომპანიები მინიმუმ ერთ ან ორთვიან მარაგებს აკეთებს. რაც არის დაახლოებით, 3-დან 4 000 ტონამდე თვეში.

გამორიცხულია, რომ ფრენები შეიზღუდოს ან შემცირდეს, მაგ კუთხით არანაირი პრობლემა არ არსებობს. წარმოიდგინეთ, ბილეთების უმეტესი ნაწილი წინასწარ არის გაყიდული მგზავრებზე, მნიშვნელობა არ აქვს ის Wizz Air იქნება, ნებისმიერი ჩინური ან სხვა კომპანია. შესაბამისად, აქ უკვე გათვლილია საწვავის მარაგიც. მაშინ ორი-სამი თვით ადრე ინფორმაცია უნდა დაუგზავნო ყველა მგზავრს, ბილეთის ფული დაუბრუნო და ძალიან დიდ ზარალზე გახვალ. ეს წარმოუდგენელია.

მე ვფიქრობ, ხელოვნურად არ უნდა შეიქმნას ამაზე პრობლემა რაც სინამდვილეში დაბრკოლებას არ წარმოადგენს. თუმცა, ცხადია, ფასზე ისახება – ღირდა 800 დოლარი და გახდა 1900 დოლარი, მაგრამ საწვავი როგორც ასეთი არის.

ავიაბილეთები, მაგალითისთვის, რაც ღირდა 400 დოლარი, უკვე 700 დოლარი გახდა და ასე შემდეგ. ბილეთის ფასზე, რასაკვირველია, მკვეთრად იმოქმედებს ეს. თან, ბილეთი რომ ძვირდება, როგორც წესი, მერე საწვავის ფასმა ქვემოთაც რომ წამოვიდეს, ის აღარ გაიაფდება, რჩება ძვირი. თორემ, ის, რომ საავიაციო საწვავის დეფიციტია მსოფლიოში ან ჩვენთან, ან არ იყიდება, არ შემოდის და ა.შ. მაგას ეჭვი მეპარება. მითუმეტეს, ქართული საავიაციო ბაზარი ძირითადად მარაგდება რუსული ავიასაწვავით“,- ამბობს იასე ზაუტაშვილი.