მსოფლიოს 10 ქვეყანა, სადაც მოსახლეობა ბოლო 25 წელში ყველაზე მეტად გაიზარდა

ბოლო 25 წლის განმავლობაში პროცენტულად მოსახლეობა ყველაზე მეტად სპარსეთის ყურის მცირე ქვეყნებში გაიზარდა, თუმცა, რაოდენობრივად გაცილებით მაღალი ზრდა ფიქსირდება ინდოეთში, ნიგერიასა და პაკისტანში.

როგორც Visual Capitalist-ის მონაცემებიდან ირკვევა, პროცენტული ზრდის მხრივ ძირითადად მცირე ეკონომიკები ლიდერობენ. ამასთანავე, ის ქვეყნები, სადაც მოსახლეობა რაოდენობრივად ყველაზე მეტად გაიზარდა, დღეისათვის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ სახელმწიფოთა რიგებს მიეკუთვნებიან

მსოფლიოს 10 ქვეყანა, სადაც მოსახლეობა ყველაზე სწრაფად იზრდება

ასე მაგალითად, 2000 წლიდან მოსახლეობის რაოდენობის მასშტაბურ ზრდას აჩვენებს ინდოეთი. კერძოდ, ბოლო 25 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის მოსახლეობა 406 მილიონით გაიზარდა (+38%), რაც ინდოეთს თანამედროვე ისტორიაში მოსახლეობის ყველაზე დიდი ზრდის მქონე ქვეყნად აქცევს.

ცნობისთვის, 2023 წელს ინდოეთმა ჩინეთს გაუსწრო და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა გახდა. გამოცემა წერს, რომ ინდოეთი ამ პოზიციას, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში არ დათმობს.

10 ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც რაოდენობრივად ბოლო 25 წელში ყველაზე მეტად გაიზარდა ასე გამოყურება:

  • ინდოეთი – 406 მილიონი ადამიანი;
  • ჩინეთი – 138 მილიონი ადამიანი;
  • ნიგერია – 113 მილიონი ადამიანი;
  • პაკისტანი – 105 მილიონი ადამიანი;
  • ინდონეზია – 78 მილიონი ადამიანი;
  • აშშ – 59 მილიონი ადამიანი;
  • კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა – 59 მილიონი ადამიანი;
  • ეთიოპია – 50 მილიონი ადამიანი;
  • ბანგლადეში – 46 მილიონი ადამიანი;
  • ეგვიპტე – 45 მილიონი ადამიანი.

იმ ქვეყნების ათეული კი, სადაც 2000-2025 წლებში მოსახლეობის ზრდა პროცენტულად ყველაზე მაღალია, ასეთია:

  • კატარი – 423%;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები – 249%;
  • ეკვატორული გვინეა – 166%;
  • ნიგერი – 157%;
  • ბაჰრეინი – 153%;
  • პაპუა-ახალი გვინეა – 149%;
  • ანგოლა – 139.7%;
  • ქუვეითი – 139.1%;
  • ომანი – 129%;
  • ჩადი – 126%.

რეიტინგში სულ წარმოდგენილია 25 ქვეყანა. ჩამონათვალში არ გვხვდება საქართველო და სამეზობლოს უმეტესი ქვეყანა. რეიტინგში საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან წარმოდგენილია მხოლოდ თურქეთი.

მონაცემების მიხედვით, ბოლო 25 წელში თურქეთის მოსახლეობა 22 მილიონით გაიზარდა, რითაც Visual Capitalist-ის რეიტინგში 21-ე ადგილს იკავებს.