“ფერმერისთვის დღეს მთავარი პრობლემა ხორბლის ფასია”, – ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსთან” “მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ბენიაიძემ სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ხორბლის სექტორის წარმომადგენლებთან დარგობრივი საბჭოს ფორმატში შეხვედრა გამართა, სადაც სამინისტროს ინფორმაციით, სექტორში არსებული გამოწვევები და განვითარების მიმართულებები განიხილეს. მინისტრის განცხადებით, გამწვევები რეგიონების მიხედვით განსხვავებულია, სახელმწიფო კი მხარდაჭერის ერთიანი მექანიზმების შემუშავებაზე იმსჯელებს.
როგორც ნიკოლოზ ბენიაიძე “ბიზნესპრესნიუსთან” აცხადებს, სექტორისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება, ხორბლის ფასი პურპროდუქტების ღირებულებასთან თანხვედრაში მოვიდეს.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პურისა და ნედლეულის ფასს შორის დღეს არსებული დისბალანსი არ შემცირდება, იმპორტირებული მარცვლეული მაინც უნდა დაიბეგროს, რათა ქართველი ფერმერები კონკურენტულები იყონ და ფასი რეალურ, 80-თეთრიან ნიშნულზე დასტაბილურდეს.
“ფერმერისთვის დღეს მთავარი პრობლემა ხორბლის ფასია. აუცილებელია, ხორბლის ღირებულება პურის ფასთან თანხვედრაში იყოს. გვესმის, რომ პურის გაძვირება მტკივნეული თემაა, თუმცა გასულ წელს მისი ფასი ორჯერ, 10-10 თეთრით სწორედ იმიტომ გაიზარდა, რომ მეპურეები ხარჯებში ვერ ეტეოდნენ. მაშინ ხორბლის საფასური 95 თეთრს აღწევდა.
დღეს ხორბალი 60 თეთრი ღირს. ამ პირობებში ორი გამოსავალი არსებობს, ან უნდა მოხდეს ფერმერების სუბსიდირება და პური გაიაფდეს, ან თუ პურის ფასს არსებულ ნიშნულზე დატოვებენ, რუსეთიდან შემოტანილი ხორბალი აუცილებლად უნდა დაიბეგროს. ეს აუცილებელობა არსებობს იქედან გამომდინარე, რომ ადგილობრივი ხორბლის ფასი 70-80 თეთრამდე მაინც აიწიოს, არავინ დაზარალდეს და მუშაობის გაგრძელება შევძლოთ.
როგორც იბეგრება ფქვილი, ქატო და ქერი, ხორბალიც ისე უნდა დაიბეგროს, მანამ, სანამ ქართული ხორბლის ფასი რეალურ, 80-თეთრიან ნიშნულს არ დაუბრუნდება. თუ რუსეთში პროდუქტი გაძვირდება, აღნიშნული გადასახადი მოიხსნება და ბაზარი მერე უკვე ამ მეთოდით დარეგულირდება. იაფად ყიდის ამ ეტაპზე რუსეთი მარცვლეულს და კონკურენციას ვვერ ვუწევთ”, – აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.
“პურის არსებული ფასი 80-თეთრიან ხორბალს თავისუფლად უძლებს”
მისივე თქმით, პური, ხორბლის ფასის 80 თეთრამდე გაზრდის შემთხვევაში, არ უნდა გაძვირდეს.
“პურის არსებული ფასი ხორბლის 80 თეთრიან ღირებულებას თავისუფლას უძლებს. ამ საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებები დაახლოებით 2-3 წლის წინ გვქონდა და ყველაფერი დადგენილია. თუ ქართველი ფერმერის ხორბალი 80 თეთრი ეღირება, პური არ უნდა გაძვირდეს. ამ შემთხვევაში მეპურეები უბრალოდ შედარებით ნაკლებ მოგებას მიიღებენ. დღეს მათ 30-35%-იანი მოგება აქვთ, ფერმერები კი…
ალბათ, მეპურეებს საკუთარი მიზეზები ექნებათ და ფასის მატებისთანავე იტყვიან, რომ პური უნდა გაძვირდეს, რადგან აი, ხორბალი გაგვიძვირდა. თუმცა, ხორბლის ფასის დაბრუნება ძველ ნიშნულზე, გაძვირებას არ ნიშნავს. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, შარშან, როცა ხორბალი 95 თეთრი ღირდა, პური ორჯერ გააძვირეს, ახლა კი, როცა ფასი 60 თეთრამდე ჩამოვიდა, პროდუქტი რატომ არ გააიაფეს?“, – განაცხადა ბენიაიძემ.

