„არ მეგულება ვინმე რბილ ხორცს 10 ლარად ყიდულობდეს – როგორც ჩანს, კობახიძე პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, იქ, სადაც ხორცი და კვერცხი იაფია“

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „გაძვირება ტყუილია და ქვეყანაში ინფლაციური პროცესები შენელებულია“.

მანვე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, ყურადღება გაამახვილა კონკრეტული საკვები პროდუქტების ფასებზე.

„წაგიყვანოთ და 4.60 ლარად გაყიდინოთ 10 კვერცხი? მე წაგიყვანთ და საქონლის და ღორის რბილ ხორცს, ნახევარ კილოგრამს, 10 ლარში გაყიდინებთ“, – მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.

“როგორც ჩანს, პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, იქ, სადაც ხორცი და კვერცხი იაფია – ვახტანგ ბეჟიტაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

როგორც ვახტანგ ბეჟიტაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნა, ქვეყნის პირველი პირები არსებული რეალობისგან შორს არიან.

„ქვეყანაში სავალალო მდგომარეობაა, რადგან პრემიერ-მინისტრად წოდებულ ადამიანს, სჭირდება ხორცისა და კვერცხის ფასებზე საუბარი, ნაცვლად იმისა, რომ მსოფლიოს გამოწვევებსა და დღის წესრიგს დაეწიოს.

იმის ნაცვლად, რომ უფრო მეტი მოახერხოს მთავრობამ სტრატეგიულ პარტნიორებთან მუშაობის კუთხით, თავდაცვისა და ეკონომიკის გაძლიერებასა და ინსტიტუციების მშენებლობაზე იზრუნოს, ის ისეთ საკითხებზე საუბრობს, რაც პირველი რიგში, უბრალოდ, არასაკადრისია.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სრულიად სხვა რეალობაში ცხოვრობენ და არა იმ ყოველდღიურობაში, რომელშიც საქართველოს თითოეული მოქალაქე იმყოფება.

როგორც ჩანს, სხვისი პრემიერ-მინისტრია, რომელიც სხვა ქვეყანაში, პარალელურ სამყაროში ცხოვრობს. იქ, სადაც ხორცი და კვერცხი იაფია, ქვეყანა ყვავის და ისეთი ეკონომიკური ზრდაა, რომელსაც დანარჩენი საქართველო ვერანაირად ვერ გრძნობს.

მე არ მეგულება, როგორც მინიმუმ, ჩემს სანაცნობოში, სამეგობროში ან თუნდაც სამეზობლოში ვინმე, რომ ამ ეკონომიკურ ზრდას მართლა გრძნობდეს ან ვინმე, ვინც რბილ ხორცს მართლა 10 ლარად ყიდულობს.

პარალელურ სამყაროში იმყოფება და ეს არცთუისე სახარბიელო მდგომარეობაა. რეალობისგან შორს არის, იმ ყოველდღიურობისგან, რაც ჩვენ გაგვაჩნია.

რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს სინქრონიზაცია ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებსა და საქართველოს მოსახლეობას შორის. ეს კავშირი სასწრაფოდ უნდა აღდგეს, რომ ამ პირებმაც აღიქვან ის რეალობა, რაშიც ეს ქვეყანა ცხოვრობს“, – განაცხადა ბეჟიტაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.